"იმედისა" და "მთავარი არხის" საინფორმაციოს უფროსების პოზიციები ოპერატორის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის შემდეგ
14.12.2022
ტელეკომპანია "იმედის" საინფორმაციო სამსახურის უფროსი ირაკლი ჩიხლაძე "ამაზრზენს" უწოდებს "იმედის" ოპერატორის თავდასხმას "მთავარი არხის" ჟურნალისტზე.

14 დეკემბერს გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ პირდაპირი რეპორტაჟის მსვლელობისას ჟურნალისტ ნატაშკა ჯახუტაშვილს ტელეკომპანია "იმედის" ოპერატორმა, ნიკოლოზ წეველიძემ ხელი ჰკრა, მოგვიანებით კი, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

  • ირაკლი ჩიხლაძის შეფასება: "კადრები, რომელიც ვიხილე არის ამაზრზენი და კატეგორიულად მიუღებელი ჩემთვის. ძალადობის არც ერთ ფორმას გამართლება არ აქვს და ვერანაირად წაახალისებს ვერავინ. ხელის კვრაზე არანაკლებ მძიმე სანახავი და მოსასმენი იყო გინება და შეურაცხყოფა. აუცილებლად ვიმსჯელებთ და მოყვება შესაბამისი რეაგირება. ვწუხვარ და ძალიან მიმძიმს", — დაწერა ირაკლი ჩიხლაძემ ფეისბუქზე.
  • მთავარი არხის შეფასება: "აბსოლუტურად ადეკვატური მიდგომაა საინფორმაციოს ხელმძღვანელის მხრიდან" — ასე შეაფასა ირაკლი ჩიხლაძის განცხადება "მთავარი არხის" საინფორმაციო სამსახურის უფროსმა თეო გილიგაშვილმა და გვითხრა, რომ ფაქტზე სამართლებრივ მსვლელობას განიხილავდნენ, თუმცა, "იმედის" თანამშრომლების მიერ გაკეთებული განცხადებები მეტნაკლებად ცვლის მათს ნაბიჯებს.
შემთხვევა კლინიკა "ვივამედის" მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა, როდესაც ჟურნალისტები მიხეილ სააკაშვილის ადვოკატთან, შალვა ხაჭაპურიძესთან წერდნენ ინტერვიუს.

მომხდართან დაკავშირებით ფეისბუქის საჯარო სტატუსით მოიხადა ბოდიში "იმედის" ოპერატორმა ნიკოლოზ წეველიძემ.

"პირდაპირი ეთერის ნახვის შემდეგ მივხვდი, რომ ძალიან უხეშად გამომივიდა და კიდევ ერთხელ ვწუხვარ ამის გამო. რაც შეეხება უკვე კადრს მიღმა განვითარებულ მოვლენებს, ამაზე თავის მართლებას ვერ დავიწყებ და ბოდიშს ვიხდი კიდევ ერთხელ", — დაწერა ოპერატორმა.


ავტორი : მედიაჩეკერი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ