რატომ იხურება ლაივპრესი?
01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" დაიხურა. საიტი აღარ განახლდება და მოკლე პერიოდში ვებგვერდიც გაითიშება. მიზეზი ფინანსური პრობლემებია.

რა ხდება?
1 თებერვალს, რეგიონული ინტერნეტგამოცემა ლაივპრესის ვებგვერდზე გამოქვეყნდა განცხადება, რომლის მიხედვითაც, ზუგდიდში მდებარე მედიასაშუალება 12-წლიანი მუშაობის შემდეგ იხურება.

რატომ არის მნიშვნელოვანი?
  • "ლაივპრესი" სამეგრელო-ზემო სვანეთისა და აფხაზეთის ამბების გაშუქებაზე ფოკუსირებული, ეთიკურ სტანდარტებზე დაფუძნებული დამოუკიდებელი რეგიონული მედიაა.
  • გამოცემა სამ ენაზე: ქართულად, აფხაზურად და რუსულად ავრცელებდა ახალ ამბებსა და ანალიტიკურ მასალებს. მის აუდიტორიას კი შეადგენდა მკითხველი ოკუპირებული აფხაზეთიდანაც.
"ადამიანები, რომლებიც ხშირად საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად გადმოდიოდნენ დანარჩენ საქართველოში, ჩვენი მედიასაშუალებით ეცნობოდნენ უტყუარ ცნობებს ქართულთან ერთად, აფხაზურ და რუსულ ენებზე და მას სოხუმის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უპირისპირებდნენ", — წერს გამოცემა განცხადებაში.

რა უნდა ვიცოდეთ "ლაივპრესის" შესახებ?
  • "ლაივპრესის" დამფუძნებელი და დირექტორი გერონტი ყალიჩავაა.
  • დაფუძნდა 2011 წელს და ამ დრომდე, საერთაშორისო დონორებისა და სარეკლამო შემოსავლების საშუალებით ფუნქციონირებდა.
  • "ლაივპრესს", ჟურნალისტური საქმიანობის ეთიკის პროტოკოლში მითითებული აქვს, რომ მათი პრინციპები ეფუძნება სიზუსტეს, მიუკერძოებლობას.

"მთელი ამ ხნის მანძილზე, პოლიტიკური, რელიგიური, და სხვა ორგანიზაციებისგან გამიჯნული, დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკით, ყველაზე მთავარი - საზოგადოების ნდობა პირველივე დღეებიდან მოვიპოვეთ. ეს ნდობა არასდროს შერყეულა და წლიდან წლამდე ძლიერდებოდა", — წერს "ლაივპრესი" განცხადებაში, რომელშიც ასევე მიუთითებს, რომ:

  • ამ პლატფორმამ ადამიანებს მისცა შესაძლებლობა, ერთი მხრივ შეუზღუდავად მიეღოთ სანდო ინფორმაცია, მეორე მხრივ, თავადაც ყოფილიყვნენ პროცესის, ცვლილებების მონაწილეები, რაც სარედაქციო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იყო.
  • მთელი ამ ხნის მანძილზე არაერთი მოქალაქის ცხოვრება შევცვალეთ უკეთესობისკენ. ბევრმა, ჩვენი პლატფორმის დახმარებით პირველად ისაუბრა უკანონობაზე, დარღვეულ უფლებებზე, იპოვა გზა და ძალა საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად, პირადი, თუ საზოგადო პრობლემის მოსაგვარებლად.
  • ჯანსაღი საზოგადოების განვითარებას, ხელს თავისუფალი სივრცის არსებობა უწყობს, სადაც შეგიძლია დამოუკიდებლად იაზროვნო, გაეცნო მიუკერძოებლად, პროფესიონალიზმით მომზადებულ მასალებს, გამოთქვა კრიტიკა, გქონდეს უკუკავშირი რედაქციასთან, შესთავაზო მას ახალი იდეები და მოუყვე საკუთარ პრობლემაზე - ვფიქრობთ, "ლაივპრესმა" ეს შეძლო.

გამოცემა, მათი საქმიანობის მნიშვნელოვან შემადგენლად მიიჩნევს სტატიების ციკლს, რომელშიც აფხაზი პოლიტიკოსები, ე.წ. მინისტრები, თუ ხელოვანები შეიარაღებული კონფლიქტიდან წლების შემდეგ, საკუთარ სათქმელს უზიარებდა საზოგადოებას, "რასაც მოჰყვა უკუკავშირიც - აფხაზურ ჯგუფებში დისკუსიები, განსხვავებული აზრის მოსმენა, ზოგჯერ კრიტიკაც."

წლების განმავლობაში, ორგანიზაციის მიერ მომზადებული მედიაპროდუქტი არაერთხელ მოხვდა საერთაშორისო, თუ ადგილობრივი გავლენიანი ორგანიზაციების, ასევე სახალხო დამცველის ანგარიშებში, როგორც სანდო წყარო და ინფორმაცია.

ავტორი : მედიაჩეკერი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ