სამთავრობო მედიის კოორდინირებული მხარდაჭერა "ხალხის ძალას"? როგორ მოხვდა ერთი სტატია უცვლელად ოთხ მედიარესურსზე
23.02.2023

"როგორი კანონები მოქმედებს მსოფლიოს დემოკრატიულ ქვეყნებში უცხოური გავლენისა და ჩარევის გამჭვირვალობასთან დაკავშირებით", — ასე ჰქვია სტატიას, რომელიც თავდაპირველად, ტელეკომპანია "იმედის" ვებგვერდმა, 22 თებრვალს, 23:00-ზე გამოაქვეყნა.

23 თებრვალს კი, იგივე სტატია, იმავე სათაურითა და შინაარსით, ისე გამოაქვეყნეს "პოსტივის", "პრაიმტაიმისა" და "რუსთავი 2"-ის ვებგვერდებმა, რომ მასალაში ერთი სიტყვაც კი არ შეუცვლიათ. იგივე მასალა გაავრცელეს სააგენტოებმა Reportiori.geKvira.ge და Pia.ge.


განახლება: "მედიაჩეკერის" ამ სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, საინფორმაციო პორტალებმა: Rustavi2.ge და Primetime.ge, მასალის შესწორების პრინციპით იხელმძღვანელეს, სტატიის მანამდე გამოქვეყნებული შინაარსი შეცვალეს და დაწერეს, რომ შესწორება შეიტანეს სტატიაში მოცემულ ფაქტებთან დაკავშირებით, რადგან "როგორც გაირკვა, ინფორმაცია იყო არასრული და საჭიროებდა მეტ სიცხადეს".
გამოცემები განუმარტავენ მკითხველს, რომ არ ეთანხმებიან შეფასებას, რომ "იმედზე" გამოქვეყნებული მასალის კოპირებისას, კოორდინირებულად მოქმედებდნენ.

განახლდა "მედიაჩეკერის" სტატიაც, რადგან, იმაზე მეტ სააგენტოზე აღმოჩნდა "იმედის" მიერ, გუშინ ღამით გამოქვეყნებული სტატიის კოპირებული ვერსიები, ვიდრე სტატიის თავდაპირველ ვერსიაში იყო მაგალითის სახით მოყვანილი. მასალას დაემატა ინფორმაცია, რომ "იმედიდან", უცვლელი სათაურითა და ტექსტით, სტატია გამოაქვეყნეს "რეპორტიორმა", "კვირამ" და "პიამ".


ერთი და იმავე ტექსტის რამდენიმე სხვადასხვა ვებ-გვერდზე გამოქვეყნება ქმნის განცდას, რომ შესაძლოა, მიზანი საზოგადოებრივი აზრის ფორმირების მცდელობა იყოს, რომ თითქოს, "ქართული ოცნების" მხარდაჭერილი და ღიად ანტიდასავლური პარტიის, "ხალხის ძალის" მიერ ინიცირებული კანონპროექტის შინაარსი ახლოსაა აშშ-ის მიერ, 1938 წელს, ადოლფ ჰიტლერის ნაცისტური პროპაგანდის შესაჩერებლად მიღებული კანონის, FARA-ს მიხედვით მომზადებულ კანონებთან, რომელიც დემოკრატიულ ქვეყნებში სხვადასხვა ფორმით მიიღეს.

პრობლემაა, რომ:

  • ანტიდასავლური "ხალხის ძალის" იდეის მხარდასაჭერად, კოორდინირებულ მოქმედებაზე მიანიშნებს მედიების მცდელობა, შექმნან წარმოდგენა, რომ საქართველოში ინიცირებული კანონი არ შეაფერხებს ქვეყანაში დემოკრატიულ პროცესს. 
  • მანიპულირების მცდელობაზე მიანიშნებს ერთი და იმავე მასალის გავრცელებისას, აუდიტორიისთვის იმის დამალვა, რამდენად აცდენილია ამერიკის შეერთებული შტატების, ავსტრალიის, დიდი ბრიტანეთის, კანადისა და ახალი ზელანდიის მიერ მიღებული კანონების იდეა და პარამეტრები იმასთან, რასაც ანტიდასავლური "ხალხის ძალა" გვთავაზობს საქართველოში — სამთავრობო მედიებით გავრცელებულ სტატიაში მკითხველისთვის არ განუმარტავთ კონტექსტი ამ ქვეყნების წინაშე არსებული ეროვნული უსაფრთხოების რისკების თაობაზე, რაც არსებითად ცვლის შინაარსს.

და რაც მთავარია, სამთავრობო მედიამ, ამ მასალის გავრცელებისას, მკითხველს დაუმალა:
  • რომელი ქვეყანა წარმოადგენს საქართველოსთვის ეროვნული უსაფრთხოებისთვის რისკებს, ვინაიდან, ამგვარი კანონების მიღება, ნებისმიერ ქვეყანაში, უპირველესად, სწორედ ამ მოტივით საბუთდება.
ამ თემაზე: ვინ არის მტერი? — კონტრდაზვერვის ანგარიშები
  • და ისიც, რა რისკებს შეიცავს "უცხო აგენტების" შესახებ კანონის მიღება განვითარებადი, ან ნაკლებად დემოკრატიული ქვეყნებისთვის.

რისკები კი, ასეთია:

მაგალითად, რუსეთის პრაქტიკამ გვაჩვენა, რომ:
  • ავტორიტარულ, ან ავტორიტარიზმისკენ მიდრეკილ რეჟიმებს ახასიათებთ, გამოარჩიონ გარკვეული ჯგუფები, ვისაც ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ, ეკონომიკურ, თუ სოციალურ გამოწვევებს მიაწერენ. უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, იყენებენ მათ, როგორც "განტევების ვაცებს".
  • ამ ჯგუფებს, როგორც "სახელმწიფოს მტრებს", ანიჭებენ "უცხო ქვეყნის აგენტის" სტატუსს, რათა ხაზი გაუსვან იმას, თითქოს, ისინი ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებენ.
რატომ?
  • "უცხო აგენტებად" გამოცხადების მთავარი სამიზნე, უმთავრესად, დამოუკიდებელი მედია და არასამთავრობო სექტორი ხდება, რადგან მათ აქვთ დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხი, მათი გაკონტროლება რთულია და ღიად საუბრობენ ადამიანის უფლებებსა, თუ დემოკრატიულ გამოწვევებზე.
ამიტომ, ავტორიტარული, ან მმართველობის ამ ფორმისკენ მიდრეკილი პოლიტიკოსები ფიქრობენ, სჯობს, ისინი პირდაპირ სახელმწიფოს მტრებად განსაზღვრონ, რათა "გამოაცალონ" მათ რესურსები, რომ მათ კვლევებს, შეფასებებსა თუ კრიტიკულ ანგარიშებს სახალხო ლეგიტიმაცია "წაართვან".


ახლა ისევ დღეს გავრცელებულ სტატიაზე:

ამ მედიებიდან, "იმედსა" და "პოსტივის" ღიად აქვთ გაცხადებული სარედაქციო პოლიტიკის შესახებ, რომელიც თანხვედრაშია როგორც მმართველ პარტიასთან, "ქართულ ოცნებასთან", ასევე, ანტიდასავლურ "ხალხის ძალასთან".
თუმცა, სარედაქციო კურსის შესახებ ღიად არ განუცხადებია ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ს, ამიტომ მედიაჰოლდინგის ციფრული დეპარტამენტის უფროსს, მირიან ბოქოლიშვილს ვკითხეთ, რა იყო მიზანი, როდესაც "რუსთავი 2"-ისა და "პრაიმტაიმის" ვებგვერდებმა გამოაქვეყნა "იმედის" მიერ გამოქვეყნებული სტატია, იმავე სათაურითა და შინაარსით.
  • "შესაძლოა, ასე ჩანდეს, რომ ეს კოორდინირებულად გამოქვეყნების ნაწილი იყოს, მაგრამ ეს ასე არ არის, არავის ვუთანხმებთ, რა გამოქვეყნდეს ჩვენს ვებგვერდებზე [rustavi2.ge, Primetime.ge) — ამბობს ბოქოლიშვილი — ჩვენ გვაქვს პრაქტიკა, გადმოვიტანოთ სხვა საიტებიდანაც ისეთი მასალები, რომელსაც ვფიქრობთ, რომ შესაძლოა, ნახვების მაღალი მაჩვენებელი ჰქონდეს, ისევე, როგორც ჩვენი მასალები მიაქვთ სხვა ვებგვერდებს".
ვკითხეთ, იზიარებენ თუ არა ღიად პრო-სახელისუფლებო "იმედის" მიერ მომზადებული ამ მასალის რედაქტირების გარეშე გავრცელებით, ამავე არხის სარედაქციო პოლიტიკას. მირიან ბოქოლიშვილმა გვითხრა, რომ აუდიტორიის ინფორმირების მიზნით, მკითხველს სთავაზობენ დემოკრატიული ქვეყნების პრაქტიკასაც და საქართველოში ამ კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა არგუმენტებსაც.


რა უნდა ვიცოდეთ საქართველოში ინიცირებული კანონის შესახებ

"ქართული ოცნების" მხარდაჭერილი, და მათივე ყოფილი წევრების მიერ დაფუძნებული, ღიად ანტიდასავლური პარტიის, "ხალხის ძალის" მიერ ინიცირებული კანონპროექტი უკვე ოფიციალურად დარეგისტრირდა.

დამოუკიდებელი მედიისა და არასამთავრობო სექტორისთვის საფრთხისშემცველი ამ კანონპროექტის კანონად ქცევა არის ძალიან რეალური, რადგან "ხალხის ძალას", მმართველი პარტია — საპარლამენტო უმრავლესობა დაუჭერს მხარს.

პროცედურულად:
  • საკომიტეტო მოსმენები 24 თებერვლიდან 27 მარტამდე პერიოდში განისაზღვრა;
  • კანონპროექტის პლენარულ სხოდამაზე განხილვა კი მაქსიმუმ, აპრილის დასაწყისშია დაგეგმილი.
"ქართულ ოცნებასა" და "ხალხის ძალას", ამ კანონის მიღებით სურთ, "უცხო აგენტებად" გამოაცხადონ დამოუკიდებელი მედია, და მათთან ერთად, არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც მუშაობენ რიგითი მოქალაქის უფლებრივ საკითხებზე, და მათ შორის:
  • ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისა და ქალებისთვის;
  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის;
  • დევნილებისთვის;
  • უსახლკაროებისთვის.
და უნდათ, "უცხო აგენტად" სცნონ ორგანიზაციები, ვინც იკვლევს და აქვეყნებს ფაქტებს კორუფციის, უკანონობისა და შერჩევითი სამართლის შესახებ არსებულ ასობით შემთხვევაზე, რაც შესაძლოა, მოქმედ ხელისუფლებას დისკომფორტს უქმნის.

ადგილობრივ ორგანიზაციებთან ერთად, ამ კანონპროექტს აკრიტიკებენ გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციები, დასავლელი დიპლომატები, თუ ინსტიტუციები, რომლებიც საქართველის მოქმედი ხელისუფლების აშკარად შეცვლილი და მკაფიოდ გამოხატული ანტიდასავლური საგარეო პოლიტიკის მიუხედავად, ოფიციალურად, ჯერ კიდევ საქართველოს სტრატეგიული პარტნორები არიან.

ავტორი : გიორგი გიორგაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ