სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ქართულ მედიაზე
21.03.2023
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ, 20 მარტს გამოქვეყნებულ, ყოველწლიური ანგარიშში საუბარია გამოხატვის თავისუფლებისა და მედიის შეზღუდვებზე, მათ შორის, ჟურნალისტებზე ძალადობასა და მათ მიმართ მუქარაზე.

რა უნდა ვიცოდეთ ანგარიშის შესახებ?

2022 წლის ანგარიშშიც, 2021-ის მსგავსად, აღნიშნულია, 2021 წლის 5-6 ივლისის ძალადობრივი ჯგუფებისა და მათი ორგანიზატორების დაუსჯელობა:
  • 2021 წლის ბოლოსთვის, მთლიანობაში, 31 ადამიანი გასამართლდა, თუმცა მათი უმეტესობა მხოლოდ 1-დან 3 წლამდე ვადით დააპატიმრეს ან თანხის გადახდის სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
  • ხელისუფლებას არ გამოუვლენია ძალადობრივი აქციის ორგანიზატორები.
  • ანგარიშის მიხედვით, არასამთავრობო ორგანიზაციების უმეტესობა 5-6 ივლისს "პოლიციის უმოქმედობაზე" საუბრობს.

სახელმწიფო დეპარტამენტი ანგარიშის მომზადებისას სხვადასხვა ღია წყაროებისა და ქვეყნის შიგნით მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მიწოდებულ ინფორმაციას ეფუძნება.

ფარული მიყურადებისა და თვალთვალის ფაქტები:
  • 13 ივლისს, ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში გადაცემაში "უცნობის კიდობანი", "მთავარი არხის" დირექტორის, გიორგი გაბუნიასა და ჟურნალისტების შესაძლო ფარული მიყურადებით მოპოვებული საუბარი გავრცელდა.
  • 17 სექტემბერს "ტვ პირველმა" გაასაჯაროვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ, ოპოზიციის წევრებზე, ჟურნალისტებსა და საერთაშორისო წარმომადგენლებზე ფარული თვალთვალის ამსახველი კადრები.

სასამართლო დავები კრიტიკული მედიის წინააღმდეგ

მედიაპლურალიზმის დონე შემცირდა, ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან კრიტიკული მედიის დისკრედიტაციასთან ერთად, ანგარიშში აღნიშნულია,რომ ჟურნალისტები, არასამთავრობო ორგანიზაციები და საერთაშორისო პარტნიორები ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების მუდმივ შეზღუდვას ასახელებენ:

  • 2022 წლის 17 მაისს, 3,5 წლით დააპატიმრეს ერთ-ერთი "ოპოზიციური" მედიის, "მთავარი არხის" დირექტორი, ნიკა გვარამია. ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ორგანიზაცია, "Amnesty International" ამ ფაქტს აფასებს, როგორც "პოლიტიკურად მოტივირებულ უხეშ ქმედებას, ხელისუფლების მხრიდან მისი (ნიკა გვარამიას) განსხვავებული შეხედულებებისა და კრიტიკის საპასუხოდ".
  • დამატებით, ანგარიშში ნახსენებია სხვა კრიტიკული მედიების მფლობელებისა და მათი ოჯახის წევრების წინააღმდეგ დაწყებული სასამართლო დავები,მათ შორის "ტვ პირველის" მფლობელის მამის, ავთანდილ წერეთლისა და "ფორმულას" მფლობელი, დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ წარმოებული დავები.

ჟურნალისტებზე ფიზიკური თავდასხმების შემთხვევები 2021 წელთან შედარებით შემცირდა, თუმცა ანგარიშში საუბარია მაღალჩინოსნების ან მათთან დაკავშირებული პირების მხრიდან კრიტიკული მედიის წინააღმდეგ, ცილისწამების ბრალდებით "კოორდინირებულ" სასამართლო დავების გაზრდილ რაოდენობაზე.
  • "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" (GDI) ანგარიშით, 32-მდე მსგავსი დავაა წამოწყებული დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ.

გარდა სასამართლო დავებისა, კრიტიკული მედიის შეზღუდვისთვის სახელმწიფო "კომუნიკაციების ეროვნული კომისიის" საშუალებით ფინანსურ ვალდებულებებს აკისრებს დამოუკიდებელ ტელევიზიებს:
  • 2022 წლის აგვისტოში, კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ, "ქართული ოცნების" საჩივარი დააკმაყოფილა, "მთავარი არხი" 118 688 ლარით დააჯარიმა, ხოლო "ფორმულა" და "ტვ პირველი" გააფრთხილა, მაუწყებლების ეთერში "შინ ევროპისკენ" ვიდეოს განთავსებისთვის და ეს უკანასკნელი, წინასაარჩევნო, პოლიტიკური შინაარსის რეკლამად მიიჩნია.
  • "არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის შემაშფოთებელია საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის, კომუნიკაციების ეროვნულ კომიისა და მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" ახლო კავშირები" - ვკითხულობთ ანგარიშში.

წლის განმავლობაში, ჟურნალისტთა დიდი ნაწილისთვის პრობლემურია, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებმა მათ ან საჯარო ღონისძიების გაშუქების საშუალება არ მისცეს ან საჯარო უწყებებიდან ინფორმაცია ვერ მოიპოვეს.
  • 19 მარტს, "ტვ პირველის" ჟურნალისტი, ნატალია ქაჯაია არ დაუშვეს პარლამენტში, ეს შეიძლება დაკავშირებულია იმ ფაქტთან, რომ მან 12 მარტს, პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილისთვის "კრიტიკული" კითხვები დასმა სცადა, თუმცა ამის საშუალება დაცვისა და პრესსამსახურის თანამშრომლებმა არ მისცეს.
  • 22 მარტს, ეროვნულ გალერეაში, კულტურის მინისტრ თეა წულუკიანის, ოფიციალურ ვიზიტზე არ დაუშვეს ოპოზიციურად განწყობილი მედიების წარმომადგენლები.
  • სექტემბერში, "BMG"-ის ჟურნალისტი, თელარა გელანტია მთვრობის სხდომის გასაშუქებლად არ დაუშვეს.

წაიკითხეთ ვრცლად: "რატომ არ გასცემენ საჯარო უწყებები ინფორმაციას?"

თავდასხმები ჟურნალისტებზე
  • ზუგდიდში, პრორუსული მოძრაობა "ალტ ინფოს" ოფისის წინ, უცნობი პირები თავს დაესხნენ მთავარი არხის გადამღებ ჯგუფს და დააზიანეს მათი გადასაღები ტექნიკა.
  • 5-6 ივლისის ერთ-ერთი სასამართლო სხდომის დასრულებისას, სასამართლოს შენობასთან სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს "ფორმულას" ჟურნალისტ, რატი წვერავას, "რუსთავი 2"-ის ოპერატორ არჩილ ჭიჭიბოშვილსა და ჟურნალის, ხათუნა გაგნიძეს.

ცენზურა
  • 29 აპრილს, საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გაათავისუფლეს გადაცემა "ახალი კვირის" სამი ჟურნალისტი, იმედა დარსალია, გვანცა ზედელაშვილი და თამთა ჯანაძე. მათი განცხადებით, მაუწყებელში არსებობს ერგვარი "ექსპერტების შავი სია", რომლის წევრების ჩაწერის საშუალებაც ჟურნალისტებს არ აქვთ. იმედა დარსალია აღნიშნავს, რომ არხის მენეჯმენტმა დაბლოკა სიუჟეტები ბელარუსში მიმდინარე აქციებისა და საბჭოთა კავშირის დანაშაულზე.
  • მნიშვნელოვანია, რომ 22 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა ცვლილებები შეიტანა "მაუწყებლობის შესახებ" კანონში, რამაც გაზარდა "კომუნიკაციების ეროვნული კომისიის" რეგულირების სფეროები.

წაიკითხეთ ვრცლად: "რა პრობლემა აქვს "მაუწყებლობის შესახებ" ახალ კანონპროექტს?"

ინტერნეტის თავისუფლება

ინტერნეტზე და ონლაინ-კონტენტზე სახელმწიფოს მხრიდან არ ვრცელდება შეზღუდვები, თუმცა მნიშვნელოვანია, ბრალდებები სხვადასხვა არასამთვრობო ორგანიზაციების მხრიდან, რომ ხელისუფლება აქტიურად იყენებს ე.წ "ტროლ-ბოტებს" საზოგადოებრივი აზრის ფორმირების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა თუ კერძო პირების დისკრედიტაციისთვის.

ავტორი : თამარ თოიძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ