რა ვიცით "პოსტივის" რეიტინგებზე და ბრალდებებზე სექსუალური შევიწროების შესახებ, არხის დამფუძნებლის მიმართ
30.03.2023
განახლება: [4/22/2023 - 12:22] სტატია ჩასწორებულია. TRI Media-ს მიხედვით, მარტში პოსტივის რეიტინგი 6.3 %-ია და არა — 5.3%


რატომ არის მნიშვნელოვანი ეს თემა?

  • 2023 წლის 20 მარტიდან, ანტიდასავლური "ხალხის ძალისა" და ასევე, მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" მხარდამჭერი ტელევიზიის — "პოსტივის" დამფუძნებელი და მეწილე, შალვა რამიშვილი, რამდენიმე ქალმა დაადანაშაულა სექსუალურ შევიწროებაში.
არხი ამბობს, რომ ეს არის მიზანმიმართული კამპანია მათი რეიტინგების ზრდის საპასუხოდ, და იმავეს იმეორებენ "ოცნების" ოფიციალური პირები.

მოკლედ, ამ სტატიის ძირითადი საკითხები:
  • რეიტინგი განსხვავებულია ორი სხვადასხვა მთვლელი კომპანიის მონაცემებში.
  • პოსტივის ძირითადი აუდიტორიაა მამაკაცები 63 წელს ზემოთ და პოპულარულია რუსული სერიალები.
  • ამ ტენდენციით, პოსტივის აუდიტორია რუსული პროპაგანდისტული "პერვი კანალის" მიერ, საქართველოში ფინანსურად მხარდაჭერილი "პირველი გასართობის" აუდიტორიის მსგავსია.

მანამდე მოკლედ, სექსუალური შევიწროების ბრალდებებსა და დამტკიცებულ შემთხვევაზე, შალვა რამიშვილის მიმართ:
  • 2018 წელს, სექსუალურ შევიწროვებაზე სასამართლო დავა მოუგო თათია სამხარაძემ, როგორც საქალაქო, ასევე, სააპელაციო სასამართლოში. მეტი
  • 2023 წლის ახალ ბრალდებებში, ქალები მიუთითებენ, რომ გასაუბრებისას რამიშვილი მათ კარიერული წინსვლის სანაცვლოდ, სექსუალურ ურთიერთობაზე მიანიშნებდა.
  • ამის დამადასტურებლად, რამიშვილთან მიმოწერის ასლსა და აუდიოჩანაწერსაც აქვეყნებენ.

რას ნიშნავს სექსუალური შევიწროება?
კანონით, განიმარტება, როგორც:
  • პირის მიმართ არასასურველი სექსუალური ხასიათის ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს მისი ღირსების შელახვას და უქმნის დამაშინებელ, მტრულ, დამამცირებელ, ან შეურაცხმყოფელ გარემოს.
რამიშვილის სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულების ახალ შემთხვევებს მოჰყვა თათია სამხარაძისკენ მიმართული დისკრედიტების კამპანია სახელისუფლებო პროპაგანდისგან. ეს, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე დაგმო მას შემდეგ, რაც პრეზიდენტს დახმარებით თავად თათია სამხარაძემ მიმართა.

რაც შეეხება "პოსტივის" რეიტინგს:

29 მარტს, ქართული ოცნების ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ, მედიის კითხვას, გმობს თუ არა სექსუალურ შევიწროებას, ასე უპასუხა:
  • "პოსტივი გადავიდა მესამე ადგილზე, გაასწრო მთავარ არხსა და ყველა ოპოზიციურ არხს, და რა თქმა უნდა, ეს არ მოსწონს ოპოზიციას. აქედან გამომდინარე, დაიგეგმა კამპანია შალვა რამიშვილის წინააღმდეგ, რომელიც არის პოსტივის ერთ-ერთი სახე. ეს არის პოლიტიკური მოტივი".
ეს განცხადება აბსოლუტურ თანხვედრაშია პოსტივის ოფიციალურ პოზიციასთან.

საქართველოში, სატელევიზიო აუდიტორიას ორი სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიის წარმომადგენლობა ზომავს, თუმცა, მათი მონაცემები ერთმანეთს არ ემთხვევა-ხოლმე და, ტელევიზიებიდანაც ნდობას ზოგი ერთს უცხადებს, ზოგი — მეორეს.
  • Nielsen — ამერიკული კომპანიაა, რომლის ლიცენზირებული პარტნიორიც საქართველოში კომპანია "TV MR საქართველოა".
  • Kantar Media კი, ბრიტანული კომპანიაა. საქართველოში მისი ექსკლუზიური ლიცენზია "Tri Media Intelligence"-ს ეკუთვნის.

ორივე კომპანიის მიმართ არსებობს მოსაზრებები შესაძლო კავშირების შესახებ პოლიტიკურ ჯგუფებთან, ან ამ ორგანიზაციების მფლობელთა პოლიტიკური განწყობების მიმართ.
  • "TV MR საქართველო" გოჩა ცქიტიშვილმა დააარსა და ბაზარზე 2005 წლიდან ოპერირებს, როგორც აუდიტორიის მთვლელი კომპანია.
  • "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდში მათ მთავრობის ინტერესების გატარებაში ადანაშაულებდნენ, ხელისუფლებაში "ქართული ოცნების" მოსვლის შემდეგ კი კომპანიას პრობლემები შეექმნა — 2014 წელს შემოსავლების სამსახურის აუდიტის სამსახურმა მათი შემოწმება დაიწყო და სატელევიზიო კვლევაში მონაწილე ოჯახების მისამართების გამჟღავნება მოსთხოვა.
  • 2014 წელს, არასამთავრო ორგანიზაციები ამბობდნენ, რომ ხელისუფლებას ეს კვლევაში მონაწილე ოჯახებზე ზეწოლის საშუალებას მისცემდა, რაც შესაძლოა, ოჯახების თვითცენზურაზეც ასახულიყო — თავი შეეკავებინათ ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი არხების ყურებისაგან.
კომპანიის დამფუძნებელი გოჩა ცქიტიშვილი 2011 წლიდან ფლობს საზოგადოებრივი კვლევით ცენტრს "IPM", რომელიც ასევე, 2014 წელს ბიძინა ივანიშვილმა გააკრიტიკა, ცქიტიშვილს კი "პრაქტიკულად, ნაციონალური მოძრაობის წევრი" უწოდა.

2 წლის შემდეგ, 2016 წელს საქართველოში მეორე მთვლელი კომპანია "Tri Media Intelligence" შემოვიდა.

  • Tri Media Intelligence-ს ორი დამფუძნებელი ჰყავს — გიორგი თევდორაშვილი და მერაბ ფაჩულია.
  • Tri Media Inteligence-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი ფლობს კომპანია "გორბის", რომელსაც მთავრობისადმი ლოიალურად განწყობილი "იმედი" უკვეთს ეგზიტპოლებსა და კვლევებს. სწორედ Tri Media Intelligence-ის მონაცემები ასახავს ანტიდასავლური "ხალხის ძალის" მედიაპლატფორმის, "პოსტივის" რეიტინგების ზრდას.
  • მათი კვლევით, 2023 წლის მარტში, "პოსტივის" შედეგია ტელეყურების საერთო მაჩვენებლის 6.3 %, და ამ მონაცემით იკავებს მესამე ადგილს საქართველოში ათ ყველაზე პოპულარულ ტელევიზიას შორის.
  • ამავე კვლევით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში "პოსტივის" რეიტინგი 2.1 % იყო და ათ პოპულარულ არხს შორის მეექვსე პოზიციას იკავებდა.

ამისგან განსხვავებულია "TV MR"-ის კვლევის შედეგები, რომელიც ქართული არხების აუდიტორიის წილის შესახებ მონაცემებს ყოველკვირეულად აქვეყნებს. 2023 წლის თებერვალში ასეთი იყო:
  • 6-12 თებერვალი: 2.30%;
  • 13-19 თებერვალი: 1.85%;
  • 20-26 თებერვალი: 2.18%;
  • 27 თებერვალი - 5 აპრილი: 2.16%.
ინფორმაცია ტელეაუდიტორიის მდგენელი ორგანიზაციების მეთოდოლოგიის შესახებ, ნახეთ აქ

ვინ უყურებს "პოსტივის"?

Tri Media-ს მიერ პოსტივის შესახებ მომზადებული პროფილური ანგარიშის მიხედვით, 2020 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის 31 ივლისის ჩათვლით:
  • არხზე ყველაზე მეტი მაყურებელი ჰყავს ახალ ამბებს (0.73%);
  • ყველაზე მაღალი ყურება არხის ძირითად, 19-საათიან ახალი ამბების გამოშვებაზე მოდის;
  • გადაცემებიდან კი, ყველაზე რეიტინგულია "სამნი და Co", წუთში საშუალოდ, 1.55%-ით.

"სამუშაო დღეებთან შედარებით, ოდნავ მეტია შაბათ-კვირის მაჩვენებლები, რაც შესაძლოა, განპირობებული იყოს შაბათ-კვირას გასული სერიალებით", — ვკითხულობთ არხის შესახებ მომზადებულ საჯარო პროფილურ ანგარიშში. "პოსტივი" აუდიტორიას რუსულ სერიალებს სთავაზობს.

Tri Media-ს კვლევით, არხს, ყველაზე მეტად უყურებენ მამაკაცები 63 წელს ზემოთ ასაკობრივ კატეგორიაში. 1%-მდე მაყურებელი ჰყავს 45-62 წლის ასაკის ქალების კატეგორიაში და რეგიონში მაყურებლების რაოდენობა მცირედ აღემატება თბილისისას.

ჩვენ ვნახეთ მათ მიერ გამოქვეყნებული, სხვა არხების შესახებ მომზადებული პროფილური ანგარიშებიც, რომლის მიხედვით, "პოსტივისთან" მიახლოებული აუდიტორია ჰყავდა "პირველ გასართობს", რომელიც ქართულ ენაზე გადასცემდა საერთაშორისოდ სანქცირებული რუსული პროპაგანდისტული "პერვი კანალის" გასართობ პროგრამებსა და რუსულ სერიალებს, და მათივე ფინანსური მხარდაჭერით მაუწყებლობდა. მეტი

ზოგადად, როგორია ქართველი მაყურებლის პორტრეტი — ვინ და რას უყურებს ტელევიზორში, გაეცანით აქ.

ავტორი : გიორგი გიორგაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ