"ფორმულას" ინტერვიუ დამფუძნებელთან — კეზერაშვილმა არხთან დაკავშირებულ გამოწვევებზე ისაუბრა
03.04.2023
რა ხდება?
გიორგი თარგამაძემ, "დროების" წამყვანმა და "ფორმულას" გენერალური დირექტორის მოადგილემ, ინტერვიუ ჩაწერა ამავე ტელეარხის დამფუძნებელთან და 51%-იანი წილით, საკონტროლო პაკეტის მფლობელთან, დავით კეზერაშვილთან.
  • ინტერვიუში, კეზერაშვილი საუბრობს, რა გავლენას ახდენს მისი ფაქტორი პოლიტიკასა და მედიაზე.

რატომ არის ეს თემა საინტერესო?
  • კეზერაშვილს, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების თავდაცვის ყოფილ მინისტრს, იშვიათად უსაუბრია მედიასთან. არადა, მის მიმართ წლების მანძილზე არსებობს კითხვები, მათ შორის, როგორ შეძლო თავდაცვის მინისტრობის შემდეგ, მნიშვნელოვანი ფინანსური კაპიტალის დაგროვება.
  • ხელისუფლებას მასთან პოლიტიკური და სამართლებრივი ბრალდებები აქვს, ამაზე კი, კეზერაშვილის პირდაპირი პასუხები ამ დრომდე უცნობი იყო.
  • მთავრობას აქვს სასამართლო დავა მის წინააღმდეგ, ეს კი, მისი თქმით, მიზნად ისახავს ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ტელევიზიის "წაღებას", თუმცა, ამ ინტერვიუში ამბობს, რომ ასეც რომ მოხდეს, "ფორმულას" საქმიანობა მაინც გაგრძელდება.

მოკლედ, რა თქვა კეზერაშვილმა?

პოლიტიკურ საკითხებთან ერთად, ისაუბრა "ფორმულასთან" დაკავშირებულ გამოწვევებზე და არხის მომავალზე.
რომ:
  • დაფუძნებისას, არხის მნიშვნელობა განისაზღვრა, არ ყოფილიყო რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური პარტიის ექსკლუზიური ტელევიზია.
"როდესაც ხელისუფლებამ წაიღო "რუსთავი 2", მეგობრებთან ერთად ვიფიქრე და ვთქვით, ახლაა სწორი დრო, გავაკეთოთ ტელევიზია, რომელიც იქნება ყველას პლატფორმა — არ ექნება პარტიული კუთვნილება და დაარღვევს ექსკლუზიურობის შეგრძნებას პოლიტიკურ სპექტრში, რათა კარი გაუხსნას ახალგაზრდებსა და საინტერესო ადამიანებს პოლიტიკაში."
  • ხელისუფლება, დაფუძნებიდან უქმნის პრობლემას "ფორმულას" ფუნქციონირებას.
"[...] ასეა ახლაც, თავდაცვის სამინისტრო, ზიანის ანაზღაურებას მედავება. მე სხვა არაფერი მაქვს საქართველოში, მხოლოდ წილი ["ფორმულაში"] და ბინა, და წავლენ გზით, რომ დააყადაღონ ჩემი წილი და სცადონ, ასე დახურონ "ფორმულა", — ამბობს კეზერაშვილი.

თავდაცვის სამინისტროსა და კეზერაშვილის დავასთან დაკავშირებით, ანალოგიურია არხის ოფიციალური პოზიციაც, რომ "წვრთნების საქმეზე", ზიანის ასანაზღაურებლად კეზერაშვილისთვის ხუთი მილიონი ევროს დაკისრება, რეალურად, "ფორმულას" ფინანსურად დაზიანებას ისახავს მიზნად.

ამ ბრალდებაზე, 2021 წელს, თავდაცვის სამინისტრომ თქვა, რომ არც კი უშვებენ ალბათობას, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ტელევიზიის წილის დაყადაღება მოითხოვონ.
  • აქვს მოლოდინი, რომ დავას, უზენაეს სასამართლოშიც წააგებს.
"გაკვირვებული დავრჩები, თუ რატომღაც, მოვიგებთ პროცესს უზენაესში. დარჩება აღსრულება, როგორც ბერკეტი ხელისუფლების ხელში. როდის და როგორ აამოქმედებს მას "ფორმულას" წინააღმდეგ, ამისთვის, ალბათ, დაელოდებიან პოლიტიკურ ამინდს და იმ მომენტში იზამენ, როცა მიიჩნევენ, რომ სწორია."

  • "ფორმულა" გაგრძელდება"
"ასე მარტივადაც არ არის საქმე, გეგმები არსებობს: შეიძლება, წაიღონ ჩემი წილი შპს "ფორმულადან", დახურონ იმ ფორმით, როგორც არის, მაგრამ ვერაფერს უზამენ გუნდს, რომელიც არის არხზე და ვერაფერს უზამენ სურვილს, არსებობდეს "ფორმულა".

მე მაქვს ეს სურვილი და გადაწყვეტილება და შესაბამისად, "ფორმულა" გაგრძელდება — შეიძლება, სხვა ფორმით, სხვა ადგილიდან, ან სხვა ვითარებაში, მაგრამ გაგრძელდება", — უთხრა კეზერაშვილმა ინტერვიუს წამყვანს.

კონტექსტი:

  • თავდაცვის სამინისტრო კეზერაშვილს ადანაშაულებს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში თავდაცვის მინისტრობის დროს.
  • საუბარია ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული კომპანიის სასარგებლოდ დიდი თანხის გადარიცხვაზე ისე, რომ სამინისტროს ამ თანხის შესაბამისი მომსახურება — წვრთნები, არ მიუღია.
  • კეზერაშვილის ადვოკატები ბრალდებას "შეთითხნილს" უწოდებენ. კეზერაშვილის წინააღმდეგ, თავდაცვის სამინისტროს მიერ, 2021 წელს დაწყებულ სასამართლო დავას წინ უძღოდა პრემიერ ღარიბაშვილის განცხადება საქართველოს პარლამენტში, რომ "კეზერაშვილს მიხედავენ". კეზერაშვილის მიმართ სასამართლო დავა ანალოგიურ, ე.წ. "წვრთნების საქმეზე" 2017 წელს, სააპელაციო სასამართლოში მისი გამარჯვებით დასრულდა.
  • ოფშორულ ზონებში კეზერაშვილის კუთვნილი კომპანიების შესახებ 2016 წელს , საერთაშორისო ჟურნალისტური გამოძიების შედეგად დაიწერა "პანამის ფურცლებზე", ისევე, როგორც ბიძინა ივანიშვილის შესახებ. ეს დოკუმენტები მსოფლიო მასშტაბით, გავლენიანი ადამიანების გადამალული თანხების შესახებ მიუთითებდა.

ავტორი : მედიაჩეკერი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ