კეზერაშვილის სასამართლო პროცესი - რა გავლენას ახდენს ეს "ფორმულაზე?
23.03.2023
რა ხდება?
  • სააკაშვილის ხელისუფლების თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დავით კეზერაშვილი, მოქმედი ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ტელეარხის — "ფორმულას" დამფუძნებელი და საკონტროლო პაკეტის მფლობელია, 51 %-იანი წილით.
  • კეზერაშვილს, თავდაცვის სამინისტრო ედავება ხუთ მილიონ ევროს, ზიანის ანაზღაურებისთვის, ე.წ. "წვრთნების საქმეზე".
  • 2023 წლის 21 მარტს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს ანალოგიური გადაწყვეტილება, დაეკისროს 5 მლნ ევროს გადახდა კეზერაშვილს თავდაცვის სამინისტროსთვის.
თუმცა,
  • კეზერაშვილის იურისტები ამ გადაწყვეტილებას უზენაეს (საკასაციო) სასამართლოში გაასაჩივრებენ.
ეს ნიშნავს, რომ, პროცედურულად უზენაეს სასამართლოში გასაჩივრება, აჩერებს სააპელაციოს მოსამართლის ბრძანების მოქმედებას.
შესაბამისად,
  • დავით კეზერაშვილი არ გადაიხდის დაკისრებულ 5 მილიონ ევროს, ვიდრე საქმეს უზენაესი სასამართლო არ განიხილავს და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.
  • საქართველოს კანონით, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოკლედ, "წვრთნების საქმის" შესახებ:

  • თავდაცვის სამინისტრო კეზერაშვილს ადანაშაულებს სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში თავდაცვის მინისტრობის დროს.
  • საუბარია ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული კომპანიის სასარგებლოდ დიდი თანხის გადარიცხვაზე ისე, რომ სამინისტროს ამ თანხის შესაბამისი მომსახურება — წვრთნები, არ მიუღია.
  • კეზერაშვილის ადვოკატები ბრალდებას "შეთითხნილს" უწოდებენ.
  • კეზერაშვილის წინააღმდეგ, თავდაცვის სამინისტროს მიერ, 2021 წელს დაწყებულ სასამართლო დავას წინ უძღოდა პრემიერ ღარიბაშვილის განცხადება საქართველოს პარლამენტში, რომ "კეზერაშვილს მიხედავენ".
  • კეზერაშვილის მიმართ სასამართლო დავა ანალოგიურ, ე.წ. "წვრთნების საქმეზე" 2017 წელს, სააპელაციო სასამართლოში მისი გამარჯვებით დასრულდა.
  • ოფშორულ ზონებში კეზერაშვილის კუთვნილი კომპანიების შესახებ 2016 წელს , საერთშორისო ჟურნალისტური გამოძიების შედეგად დაიწერა "პანამის ფურცლებზე", ისევე, როგორც ბიძინა ივანიშვილის შესახებ. ეს დოკუმენტები მსოფლიო მასშტაბით, გავლენიანი ადამიანების გადამალული თანხმების შესახებ მიუთითებდა.

"ფორმულას" პოზიცია:

"კეზერაშვილის ამ თავდასხმის სამიზნე სწორედ არხის 51%-იანი წილის ფლობის გამო გახდა" — ეს წერია განცხადებაში, რომელიც ტელეკომპანიამ, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ გაავრცელა.

რით ასაბუთებს არხი ამ მოსაზრებას?
  • ერთადერთი ფასეული ქონება, რომელსაც კეზერაშვილი საქართველოში ფლობს, ფორმულას 51%-იანი წილია — "შესაბამისად, გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულება პირდაპირ საფრთხეს შეუქმნის ჩვენი ორგანიზაციის ფუნქციონირებას და სარედაქციო დამოუკიდებლობას."
ამ არგუმენტზე თავდაცვის სამინისტრომ 2021 თქვა, რომ არც კი უშვებენ ალბათობას, რომ სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ტელევიზიის წილის დაყადაღებას მოითხოვონ:
  • "მითუმეტეს, როდესაც კეზერაშვილი, წლების განმავლობაში, ამ ტელევიზიიდან დივიდენდს არ იღებს. შესაბამისად, ზიანის ანაზღაურების ალბათობა ამ კომპანიიდან არ არსებობს".
არხი, გავრცელებულ განცხადებაში სარედაქციო პრიორიტეტად განსაზღვრავს, წინ აღუდგეს სახელისუფლებო პროპაგანდას, "ქვეყნის დასავლური კურსის ცვლილებისა და დემოკრატიის სწრაფი უკუსვლის ტენდენციებს".

"ზეწოლის მრავალფეროვანი ინსტრუმენტების გამოყენებით, ხელისუფლება ხელს ვერ აგვაღებინებს იმაზე, რაც საკუთარ მისიად მიგვაჩნია — ჩვენი წვლილი შევიტანოთ საზოგადოებისა და სახელმწიფოს დაცვაში, მოქალაქეების სანდო, გადამოწმებული ინფორმაციით მომარაგების გზით", — წერია არხის ოფიციალურ განცხადებაში.

რას აპირებს "ფორმულა", თუ კეზერაშვილი საქართველოში ყველა ინსტანციას წააგებს?

ეს ვკითხეთ ტელეკომპანია "ფორმულას" დირექტორს, ზუკა გუმბარიძეს ინტერვიუში, რომელიც მასთან 2022 წლის ნოემბერში ჩავწერეთ.
  • "თუ "ფორმულას" ამგვარი ბრუტალური მეთოდებით "წაიღებენ", ჩვენც გადავდგამთ გარკვეულ ნაბიჯებს. როდის, რა ფორმითა და მასშტაბით — ინტერნეტმაუწყებლობით, თუ სატელევიზიო ფორმატში, ცხადია, გვაქვს გეგმები და შესაბამის გადაწყვეტილებებს მივიღებთ ხელისუფლების ქმედებების საპასუხოდ", — გვითხრა გუმბარიძემ, გენერალურმა დირექტორმა. ასევე, ისიც, რომ თუ საქართველოში სასამართლო პროცესებში გამამტყუვნებელი განაჩენი დადგება, მიმართავენ ყველა სხვა სამართლებრივ ბერკეტს, და მათ შორის, ევროპულ სასამართლოს.

ტელეკომპანია "ფორმულას" მომავალს საფრთხეს შეიძლება უქმნიდეს კიდევ ერთი ფაქტორი — კანონპროექტი "დეოლიგარქიზაციის" შესახებ.

რატომ?
დეოლიგარქიზაცია არის ერთ-ერთი მოთხოვნა ევროკომისიის 12 რეკომენდაციას შორის. საპარლამენტო უმრავლესობამ პროექტი შესაფასებლად ვენეციის კომისიაში გააგზავნა და სამართლის საერთაშორისო ექსპერტების შუალედური ანგარიშის შემდეგ, 22 მარტს კანონპროექტი პარლამენტში მეორე მოსმენით დააბრუნა.

რას ამბობს ვენეციის კომისია ამ კანონპროექტზე?

კომისიამ, 2023 წლის 11 მარტს შუალედური დასკვნა გამოაქვეყნა. ამ დოკუმენტში შესული რეკომენდაციების მიხედვით, უნდა შესწორდეს კანონპროექტი, იმ ნაწილში, რომელიც პირის ოლიგარქად ცნობის პარამეტრებს განსაზღვრავს. საუბარია "პირის პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართულობასა" და "მასმედიაზე მნიშვნელოვანი გავლენის ქონაზე."

საგულისხმოა, რომ
  • კანონპროექტის არსებულ რედაქციაში არ არის დაკონკრეტებული, რა ელის იმ პირის მფლობელობაში არსებულ მედიასაშუალებას, რომელსაც შეიძლება ფლობდეს პირი, ვისაც სახელმწიფო ოლიგარქთა რეესტრში შეიყვანს. მეტი უფრო კონკრეტულად, გაურკვეველია, რა ბედი ელის "ფორმულას", თუ სახელმწიფო ამ ტელევიზიის დამფუძნებელსა და საკონტროლო პაკეტის მფლობელ კეზერაშვილს ოლიგარქად დაარეგისტრირებს.
მაგალითად, უკრაინაში, ანალოგიური კანონის ამოქმედების შემდეგ, ოლიგარქმა რინატ ახმეტოვმა სახელმწიფოს გადასცა "მედია ჯგუფი უკრაიანა, რომელიც რამდენიმე სპორტულ და გასართობ არხთან ერთად, საინფორმაციო არხებსაც ფლობდა, მათ შორის ტელევიზიებს: 1+1 და Україна 24. აღსანიშნავია, რომ ომამდე 1 წლით ადრე, ოლიგარქი ახმეტოვი რუსეთის სასარგებლო ქმედებებში დაადანაშაულეს.

თუმცა, იმის გამო, რომ უკრაინაში აღნიშნული კანონის ამოქმედება დროში დაემთხვა ქვეყანაში რუსეთის შეჭრას, რთულია "გავზომოთ", ზოგადად, რა გავლენა იქონია უკრაინულ მედიაგარემოზე ქვეყანაში მიღებულმა ამ კანონმა.

ზოგადადაც, პოლიტიკური კონტექსტისა და ეროვნული უსაფრთხოების გამოწვევების თვალსაზრისითაც, განსხვავებულია ამ კანონის მიზნები საქართველოსთვის და უკრაინისთვის, რადგან,
  • უკრანაში, ოლიგარქიულ ჯგუფებს შორის დაპირისპირებამ რამდენიმე ღრმა პოლიტიკური კრიზისი შექმნა, რამაც სახელმწიფო დაშლის პირასაც დააყენა — მაგალითად, 1993, 2004 და 2014 წლის შემთხვევები, როდესაც კრიზისებმა ვადამდელი არჩევნებიც გამოიწვია. თითოეულ შემთხვევაში, მოვლენებს მიღმა ოლიგარქიული ჯგუფები იდგნენ, რომ ღიად პრორუსული პოლიტიკის გამტარებელ კლანს განემტკიცებინა გავლენა ხელისუფლებაზე, რომლებიც ფლობდნენ, ან აკონტროლებდნენ ქვეყანაში არსებულ გავლენიან მედიარესურსებს.
ქვეყნის პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სამართლებრივ და უსაფრთხოების პროცესებზე ოლიგარქების დიდმა გავლენებმა ქვეყანაში დეოლიგარქიზაციის კანონის მიღების აუცილებლობა შექმნა.

საქართველოს კონტექსტში კი, ევროპარლამენტში დააკონკრეტეს, რომ "დეოლიგარქიზაცია" "დე-ივანიშვილიზაციას" ნიშნავსო, მაგრამ ხელისუფლების მაღალჩინოსნები ოლიგარქად არა ივანიშვილს, არამედ კეზერაშვილს განსაზღვრავენ, რომელიც ფლობს კრიტიკულ მედიას, "ფორმულას".
  • "თუ "ქართულმა ოცნებამ" ვერ გაიგო, რა არის ევროკომისიის რეკომენდაციაში ნახსენები "დეოლიგარქიზაცია", მე დავეხმარები მათ გაიგონ: ეს ნიშნავს საქართველოს დე-ივანიშვილიზაციას", — თქვა რასა იუკნევიჩიენემ, ევროპარლამენტარმა "ევროპის სახალხო პარტიიდან" (EPP).
  • "აქსიომაა, რომ "დეოლიგარქიზაციის კანონი" ივანიშვილზე არ გავრცელდება და ისიც აქსიომაა, რომ ამ კრიტერიუმებით, კეზერაშვილია ოლიგარქი", — თქვა კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა საპარლამენტო უმრავლესობიდან, ანრი ოხანაშვილმა.

ავტორი : გიორგი გიორგაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ