იმედის საინფორმაციოს პარლამენტის პრესსამსახურის ყოფილი უფროსი უხელმძღვანელებს
22.05.2023
საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ყოფილი უფროსი, მიშა ფეიქრიშვილი ტელეკომპანია იმედის საინფორმაციო სამსახურს უხელმძღვანელებს. მან პარლამენტში თანამდებობა დატოვა და ახალ სამსახურში მუშაობას დღეიდან, 22 მაისიდან იწყებს.

რას ამბობს ფეიქრიშვილი

როგორც მიშა ფეიქრიშვილმა მედიაჩექერს უთხრა, შეთავაზება ცოტა ხნის წინ მიიღო.

  • “სიმართლე გითხრათ არ მიფიქრია, თვეების წინ ამ პროფესიაში დაბრუნებაზე, თუმცა რატომღაც ახლა გადავწყვიტე, რომ რატომაც არა, დავუბრუნდი ჩემს პროფესიას, მითუმეტეს იმ სამსახურს და იმ ტელევიზიას, სადაც წლების განმავლობაში ვმუშაობდი, სადაც აბსოლიტურად ნაცნობი გარემოა ჩემთვის”.

ფეიქრიშვილი ამბობს, რომ იმედი "ნომერ პირველი ტელევიზიაა" და მისი მთავარი გეგმაა, რეიტინგი შენარჩუნდეს და გაუმჯობესდეს:

“არხს აქვს თავისი გაცხადებული პოლიტიკა. შესაბამისად, ამ გაცხადებული სარედაქციო პოლიტიკით არხი დებს იმ რეიტინგს, რაც ყველას მოეხსენება. შესაბამისად გაზომვადია, აბსოლუტურად გამჭვირვალეა. ყველასთვის ხელმისაწვდომია, თუ რამხელა ნდობით სარგებლობს ეს ტელევიზია”.

ფეიქრიშვილის კარიერა

ის სხვადასხვა დროს რადიო იმედში, ტელევიზია იმედში, GDS-სა და საზოგადოებრივ მაუწყებელზე მუშაობდა.

  • იყო პარლამენტის თავმჯდომარის მრჩეველი, შემდეგ კი პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი.
  • მუშაობდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პრესსამსახურშიც.

პარლამენტის პრესსამსახურის უფროსის თანამდებობას იკავებდა ტელეწამყვანი მაგდა ანიკაშვილიც, სანამ ტელევიზია იმედში გადავიდოდა.

ავტორი : ელენე ზაქაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ