2021 წლის 5 ივლისი: როგორია მედიაგარემო ორი წლის შემდეგ
05.07.2023
ორი წელი გავიდა 2021 წლის 5 ივლისიდან, როდესაც თბილისში დაგეგმილი "ღირსების მარშის" წინააღმდეგ გამართულ აქციაზე ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფი მედიის 53 წარმომადგენელს თავს დაესხა. დაშავებულებს შორის იყო TV პირველის ოპერატორი, ალექსანდრე ლაშქარავა, რომელიც 11 ივლისს გარდაიცვალა.

პროტესტისა და არაერთი მოწოდებების მიუხედავად თავდასხმის ორგანიზატორების პასუხისმგებლობის საკითხი დღემდე არ დამდგარა.

ჟურნალისტებზე თავდასხმები დღემდე გრძელდება

5-6 ივლისის ძალადობრივი მოვლენების შემდეგ ჟურნალისტებზე თავდასხმები გახშირდა. ერთის მხრივ, ამის მიზეზი ხელისუფლების წარმომადგენლების აგრესიული რიტორიკაა, მეორეს მხრივ, კი დაუსჯელობის სინდრომი.

ბოლო თვეების განმავლობაში:

  • თავს დაესხნენ TV მონიტორინგის გადამღებ ჯგუფს.
  • პირდაპირ ეთერში, ჩართვის დროს მთავარი არხის ჟურნალისტს, გიორგი ახალკაცს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
  • სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფა მიაყენეს TV პირველის საგამოძიებო გუნდის წევრებს და ხელს უშლიდნენ პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში.
  • ჟურნალისტს, ნატო გოგელიას პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს თავს დაესხნენ.

ეს ჩამონათვალი არ არის სრული, თუმცა კარგად აჩვენებს, როგორ გარემოში უწევთ ჟურნალისტებს პროფესიული მოვალეობის შესრულება.

მედიაგარემო

22 ივნისს ევროკომისარმა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში გაასაჯაროვა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებისთვის წარდგენილი ზეპირი მოხსენება.

  • ოლივერ ვარჰეის განცხადებით, 12 რეკომენდაციიდან არ აქვს პროგრესი ერთ პრიორიტეტში - პლურალისტური მედიის თავისუფალი, პროფესიონალური და დამოუკიდებელი ფუნქციონირება.
  • თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ეს მოხსენება მანამდე გამოქვეყნდა, ვიდრე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მთავარი არხის დამფუძნებელს, ნიკა გვარამიას შეიწყალებდა.

“რეპორტიორები საზღვრებს გარეშე”

  • საქართველო პრესის თავისუფლების ინდექსის მიხედვით 180 ქვეყანას შორის 2021 წელს მე-60 ადგილზე იყო, 2023 წელს კი 77-ზეა.
  • 2023 წლის მონაცემი 2022 წელთან (89-ე ადგილი) შედარებით გაზრდილია, თუმცა ვერ აღწევს 2021 წლის 5 ივლისამდე მაჩვენებელს.

Amnesty International

ბოლო ანგარიშში, საერთაშორისო ორგანიზაცია ყურადღებას ამახვილებს რომ საქართველოში გამოხატვის უფლება კიდევ უფრო შეიზღუდა. წერენ, რომ კრიტიკული ჟურნალისტების წინააღმდეგ მზარდ აგრესიულ რიტორიკასა და ცილისწამების საჩივრებს მსუსხავი ეფექტი ჰქონდა გამოხატვის თავისუფლებაზე, ისევე როგორც ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების არაეფექტურ გამოძიებას.

HRW

ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია “Human Rights Watch”-მა საქართველოში 2022 წლის მოვლენები ყოველწლიური ანგარიშით შეაჯამა.

  • დასაწყისშივეა აღნიშნული, რომ “გაუარესდა მდგომარეობა მედიის თავისუფლების მხრივ, რაც მედიის წარმომადგენლებზე გახშირებული თავდასხმებით და კრიტიკული ტელეარხის დირექტორის დაპატიმრებით გამოიხატა“.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ, 20 მარტს გამოქვეყნებულ, ყოველწლიური ანგარიშში საუბარია გამოხატვის თავისუფლებისა და მედიის შეზღუდვებზე, მათ შორის, ჟურნალისტებზე ძალადობასა და მათ მიმართ მუქარაზე.

საჩივარი სტრასბურგის სასამართლოში

ევროპულმა სასამართლომ 2021 წლის 5 ივლისის მოვლენების საქმეზე, მედიის 16 წარმომადგენლის სახელით გასაჩივრებული საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. სტრასბურგმა, საქმე არსებითი განხილვის ეტაპზე გადაიყვანა შემჭიდროებულ ვადაში, საჩივრის გაგზავნიდან 2 თვეში.

სტრასბურგმა, საჩივარში სადავო მუხლებთან დაკავშირებით სახელმწიფოს შეკითხვები დაუსვა, პასუხის წარსადგენად კი ვადა 2023 წლის 9 მაისამდე განუსაზღვრა.

6 საკითხს შორის, ევროპულ სასამართლოს აინტერესებს:

  • მიიღო თუ არა სახელმწიფომ 5 ივლისს ეფექტიანი პრევენციული ზომები, რაც დაიცავდა დაზარალებულებს თავდასხმისაგან;
  • გაამწვავა თუ არა ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებმა მომხდარი ძალადობა.

ავტორი : ელენე ზაქაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ