საგარეჯოში ჟურნალისტებს თავს დაესხნენ, რა ხდება?
06.07.2023

6 ივლისს, საგარეჯოში, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პრეზენტაციის გასაშუქებლად მისულ ჟურნალისტებს, "ქართული ოცნების" მხარდამჭერები დაესხნენ თავს.

"ფორმულას" ჟურნალისტი გიორგი კვიჟინაძე ადგილზე ოპერატორ სულხან ჭკადუასთან ერთად იმყოფებოდა.

როგორც ის "მედიაჩეკერთან" ამბობს, ჟურნალისტებს "ქართული ოცნების" მხარდამჭერებისთვის კითხვაც კი არა დაუსვამთ, ისე დაესნენ მათ თავს.

"თავდამსხმელებისთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა რომელი ტელევიზია იყო, რადგან ფიზიკურად დაუპირისპირდნენ როგორც კრიტიკული, ისე სახელისუფლებო მედიის ჟურნალისტებს."

"ფორმულას" ჟურნალისტი გვეუბნება, რომ მიკროფონზე ეჯაჯგურებოდნენ, "იმედის" ჟურნალისტსაც.

"იმედის" საინფორმაციო სამსახურის უფროსი, მიხეილ ფეიქრიშვილი "მედიაჩეკერთან" ამბობს, რომ ადგილზე მათი გადამღები ჯგუფები არ დაშავებულან.

ადგილზე დაშავდა "მთავარი არხის" გადამღები ჯგუფიც, ჟურნალისტი ია გულიაშვილი, და ოპერატორი ლევან დვალი. მათ დაუზიანეს გადასაღები აპარატურაც.

"მანქანიდან როგორც კი გადავედით მე და ჩემი ოპერატორი იმწამსვე გავიგეთ რეპლიკა, რომ "მთავარი არხი მოვიდა" რაც იმას ნიშნავდა, რომ ერთმანეთი წააქეზეს იმისათვის, რომ შემდგომში აგრესია ჩვენზე წამოსულიყო" - ამბობს "მთავარი არხის" კახეთის ბიუროს ხელმძღვანელი, ია გულიაშვილი.

ის ასევე გვეუბნება, რომ ძალადობდნენ არამხოლოდ "ქართული ოცნების" აქტივისტები, არამედ მოქმედი ადგილობრივი საჯარო მოხელეებიც.

ია გულიაშვილს ქვა მოხვდა მხარში, როდესაც უსაფრთხო ადგილას გადასვლას ცდილობდა, ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს ლევან დვალსაც.

პრინციპული მნიშვნელობა არ ჰქონდა რომელი ტელევიზია იყო, ფიზიკურად გვისწორდებოდნენ, რითიც შეეძლოთ ყველაფრით. ყველა ტელევიზია იყო სამიზნე, მთავარი იყო, რომ გადაღება ვერ მოგვეხერხებინაო - ამბობს ია გულიაშვილი "მედიაჩეკერთან" საუბრისას.

როგორც "რუსთავი 2" - ის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი ხათუნა ბერძენიშვილი გვეუბნება, მათი ჟურნალისტი არ დაშავებულა, თუმცა მას შემდეგ რაც ვუთხარით, რომ "ფორმულას" გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ერთერთი მონაწილე მათ ჟურნალისტს მიკროფონს ართმევს ამბობს, რომ ეს კადრები არ უნახავს და დეტალური ინფორმაცია არ აქვს, რადგან მათი ჟურნალისტები ადგილზე ჯერ კიდევ მუშაობენ.



მომხდარს გამოეხმაურა "საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია"

ქარტია მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს დროულად გამოიძიონ საგარეჯოში დაშავებული გადამღები ჯგუფების შემთხვევები.

"საქართველოში ჟურნალისტებისთვის სამუშაო გარემო უკიდურესად საშიში გახდა - მათ ხშირად არ ეძლევათ შესაძლებლობა თავისუფლად შეასრულონ პროფესიული მოვალეობა, ფიზიკური და სიტყვიერი თავდასხმები მედიის წარმომადგენლების საქმიანობის თანმდევი ნაწილი გახდა" - წერია ქარტიის განცხადებაში.


ავტორი : თამარ თოიძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები