თავისუფლდებიან თუ არა "ინფლუენსერები" ჟურნალისტური პასუხისმგებლობებისგან?
07.12.2023
ინტერნეტმა შეცვალა მედია, თხრობის ხერხები და პლატფორმები. დღეს, მომხმარებელი ინფორმაციის დიდ ნაწილს ფეისბუქიდან, ტიკტოკიდან და იუთუბიდან იღებს. ეს კი მედიას ახალი გამოწვევების წინაშე აყენებს.

"როიტერსის ინსტიტუტმა" და "ოქსფორდის უნივერსიტეტმა" გამოაქვეყნეს 2023 წლის ციფრული ახალი ამბების კვლევის ანგარიში, სადაც ერთ-ერთი მთავარი მიგნება სოციალური ქსელების მომხმარებლების მიერ ახალი ამბების მიღების შეცვლილ მეთოდს შეეხება:
  • ე.წ "ინფლუენსერების" აზრს დიდი გავლენა აქვს. გამოკითხულთა მესამედზე მეტი ამბობს, რომ უნახავს სოციალური მედიის "ინფლუენსერი", რომელიც აკრიტიკებს ტრადიციული მედიის ჟურნალისტს - ეს თავის მხრივ მედიისადმი საზოგადოების განწყობას ცვლის და სანდოობის ხარისხს ამცირებს.
რას ცვლის ეს "ინფლუენსერებისთვის"?

ბოლო დროის თითქმის ყველა კვლევა ადასტურებს, რომ დღეს ტრადიციული მედია კარგავს აუდიტორიის ნდობას და ზოგადად მკითხველს/მაყურებელს. ადამიანები უფრო მეტად ენდობიან სოციალური ქსელების აქტიურ მომხმარებლებს ("ინფლუენსერებს")

რადგან
  • მათ მიერ მიწოდებული ამბები ინდივიდუალური ანუ მხოლოდ ერთი ადამიანისთვის დამახასიათებელ საუბრის მანერას, ისტორიას ან სხვა დეტალებს მოიცავს.
  • მათი კონტენტი ზუსტადაა მორგებული სამიზნე აუდიტორიაზე, ამიტომ ადამიანები "ინფლუენსერებს" აღიქვამენ, როგორც მეგობარს ან ოჯახის წევრს, ეს კი განსაზღვრავს სანდოობას.

რა პრობლემაა?

ჟურნალისტი იძიებს, იკვლევს ინფორმაციას, ამოწმებს მასალას რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით და მხოლოდ ამის შემდეგ ჟურნალისტური ეთიკის პრინციპების გათვალისწინების აშუქებს.

თანამედროვე პლატფორმების განვითარებამდე, ინფორმაციის გავრცელების ფუქციას ძირითადად, სწორედ ტრადიციული მედია პლატფორმები ითავსებდნენ, დღეს კი ახალი ამბავი შეიძლება დაწეროს და გაავრცელოს ნებისმიერმა მომხმარებელმა, რადგან სოციალური ქსელები დიდ აუდიტორიაზე გვაძლევს წვდომას.
  • "ტიკტოკისა" და "სნეპჩეთის" გამოკითხულ მომხმარებელთა 55% ახალ ამბებს ე.წ "ინფლუენსერებისგან" იღებს. წაიკითხეთ ვრცლად: "ინფლუენსერები ინფორმაციის მიღების მთავარი წყაროა"

შედეგად, ჩნდება კითხვა, რამდენად ეთიკური და სანდოა "ინფლუენსერების" მიერ გავრცელებული ამბები? ან რამდენად იღებენ ისინი პასუხისმგებლობას აუდიტორიის წინაშე?

რიცხვებში:
  • 2023 წლის კვლევით გამოკითხულ ამერიკელთა 70%-ზე მეტი მთავარ გამოწვევად ონლაინ გავრცელებულ დეზინფორმაციას მიიჩნევს.
  • სოციალურ ქსელებში დეზინფორმაციის/ძალადობის წამახალისებელი კონტენტის რეგულირებაზე გამოკითხულთა აზრი იყოფა, ნახევარზე მეტი (65%) მხარს უჭერს რომ ტექნოლოგიურმა გიგანტებმა დაარეგულირონ დეზინფორმაციის ონლაინ გავრცელება.
  • 55% თვლის, რომ ამას სახელმწიფო სტრუქტურებიც უნდა აკონტროლებდნენ. ამავე კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა ნაწილი ემხრობა დეზინფორმაციის დარეგულირებას იმ დაშვებითაც კი, რომ გარკვეულწილად შეიზღუდოს სიტყვის თავისუფლება.

გამოწვევა

დეზინფორმაციასთან ან სხვა სახის მავნე კონტენტთან ბრძოლისთვის სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, განსაკუთრებით სახელმწიფოს ჩართულობით, ცენზურის რისკებს აჩენს.

სწორედ ამისთვის არსებობს მედიის თვითრეგულირების მექანიზმები, რომლებიც დემოკრატიულ ქვეყნებში ფართოდ არის დანერგილი. ეს გულისხმობს მედიის მიერ შემუშავებულ და შეთანხმებულ ეთიკურ სტანდარტებს, რომლებსაც ჟურნალისტები უნდა მიჰყვებოდნენ. ასეთია, მაგალითად ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პრინციპები საქართველოში.

მაგრამ ეს სტანდარტები, არ ვრცელდება ინტერნეტ ინფლუენსერებზე, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად მათ კონკრეტულ მედიასაშუალებებზე დიდი აუდიტორია ჰყავთ და მათ მიერ გავრცელებული ინფორმაციაც შესაძლოა ჟურნალისტური პროდუქტი იყოს.

მეორე მხრივ კი, კვლევების თანახმად, ადამიანებს, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, უჭირთ ერთმანეთისგან გაარჩიონ ჟურნალისტის მიერ გადამოწმებული ფაქტი და "ინფლუენსერის" მოსაზრება, ამიტომ იჯერებენ ყველაფერს, რასაც ციფრულ სივრცეში ცნობილი ადამიანებისგან იგებენ.

მედია ექსპერტი (Media Ethicist) სტივენ ვორდი თავის სტატიაში, "ციფრული მედიის ეთიკა", საუბრობს, რომ მნიშვნელოვანია გამოიკვეთოს ვინ არის ჟურნალისტი და უნდა ვუწოდოთ თუ არა ჟურნალისტი იმას, ვინც სოციალურ ქსელში ადამინებისთვის მნიშვნელოვან თემებზე საუბრობს.
  • "მათ ვინც უბრალოდ ხშირად წერს არ უნდა ვუწოდოთ ჟურნალისტი მანამ სანამ მინიმუმ არ გადამზადდებიან ან მიიღებენ ფორმალურ განათლებას ამ მიმართულებით ან სანამ არ დაიცავენ ინფორმაციის გავრცელების ეთიკურ, ჟურნალისტურ სტანდარტებს."

რა არის გამოსავალი?

სხვადასხვა მედია თუ არასამთავრობო ორგანიზაციები ავრცელებენ რეკომენდაციებს "ინფლუენსერებისთვის", რადგან "სოციალურ ქსელებში "აზრის ლიდერებს" სჭირდებათ მათი პასუხისმგებლობის გააზრება":
  • ინფორმაციის გავრცელებამდე გადაამოწმონ ამ ამბის პირველწყარო და ასევე, გამჭვირვალედ წარადგინონ ის წყაროებo, რომლებზე დაყრდნობითაც საუბრობენ;
  • აუცილებლად დაასათაურონ დასპონსორებული, თანხის სანაცვლოდ განთვსებული კონტენტი;
  • მოუწოდონ მათ გამომწერებს "კრიტიკული აზროვნებისკენ" და წაახალისონ ინფორმაციის გადამოწმების პრაქტიკა.
  • აიმაღლონ ცნობიერება რასიზმსა და მის ფორმებზე. განსაკუთრებული სიფრთხილით ისაუბრონ დისკრიმინაციასა და ბავშვთა უფლებებზე, რათა თავად არ წაახალისონ ადამიანების რაიმე ნიშნით ჩაგვრა.
  • დიდმა პლატფორმებმა შეცვალონ მათი ალგორითმის მუშაობის პრინციპი და ხელი შეუწყონ დაბალანსებული, ფატქებზე დაფუძნებული ვიდეოების გავრცელებას.

ავტორი : თამარ თოიძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ