მუქარისა და სისტემური დევნის გამო მიმდინარე გამოძიების ფარგლებში „სტუდია მონიტორის“ ჟურნალისტებიც გამოიკითხებიან
14.05.2024


მუქარისა და სისტემური დევნის გამო მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სპეციალური საგამოძიებო სამსახური „სტუდია მონიტორის“ გამგეობის თავმჯდომარეს, ნინო ზურიაშვილს და მთავარ რედაქტორს, ნანა ბიგანიშვილსაც გამოკითხავს.

საგამოძიებო სამსახურმა გუშინ გამოკითხვა TOK TV-ის დამფუძნებელი და „რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის“ დირექტორი, ნათია კუპრაშვილი და გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლას გულისხმობს.

რუსული კანონის წინააღმდეგ აქციებში ჩართულ პირებს, მათ შორის ჟურნალისტებსა და უფლებადამცველებს (მათი ოჯახის წევრებსაც) ბოლო დღეებია როგორც უცხო სახელმწიფოების, ისე ადგილობრივი ნომრებიდან ურეკავენ, ზარზე პასუხისას კი შეურაცხყოფას აყენებენ და მუქარის შემცველი ენით ესაუბრებიან. უცხო პირები დაემუქრნენ და შეურაცხყოფა მიაყენეს ნათია კუპრაშვილსაც.

რუსული კანონის მოწინააღმდეგე ჟურნალისტებსა და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლებს საცხოვრებელ სახლებსა და ოფისებთან სიძულვილის ენის შემცველი წარწერები და პლაკატებიც დაუტოვეს. მათ შორის იყო დამოუკიდებელი მედიაორგანიზაცია „სტუდია მონიტორი“. მის დამფუძნებელს, ნინო ზურიაშვილს კი პირადი ავტომობილიც დაუზიანეს.

ჟურნალისტებმა „მედიაომბუდსმენის“ დახმარებით სპეციალურ საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურებს 9 მაისს მიმართეს. 

 
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ