„ინდიგოს“ ჟურნალისტს პროფესიული მოვალეობის შესრულებისას შსს-ის თანამშრომელმა კამერა წაართვა
15.05.2024


გამოცემა „ინდიგოს“ ჟურნალისტს გუშინ, 14 მაისს საქართველოს პარლამენტთან რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის გაშუქებისას შსს-ის წარმომადგენელმა მცირე ზომის კამერა წაართვა და პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალა.  

საბა სორდია „მედიაჩეკერს“ უყვება, რომ ის აქციის დარბევის დაწყებამდე, პარლამენტის წინა შესასვლელთან აქციის მონაწილეების ხმაურის პარალელურად პარლამენტის შიდა ტერიტორიაზე სპეცრაზმელების გადაადგილებას გარე სივრციდან იღებდა, რა დროსაც საკანონმდებლო ორგანოს ეზოში მყოფი შსს-ის ერთ-ერთი თანამშრომელიმოუახლოვდა და კამერა წაართვა. 

„კამერა წამართვეს ზუსტად 4 საათზე. ამ რკინის ბარიერის უკიდურეს მარცხენა მხარეს შედარებით ფართო სივრცეა, აქედან ვიღებდი კადრს, უცებ [შსს-ის თანამშრომელმა] გამოყო ხელი და კამერა გამომგლიჯა. მაშინვე დავიძახე, რომ ჟურნალისტი ვარ-მეთქი, ჩაფხუტი მოვიხსენი, ზემოდან ვაჩვენე, რომ აი, პრესა აწერია, დამიბრუნეთ კამერა, მაგრამ უშედეგოდ არავინ არ მობრუნდა. ეს წართმევის მომენტიც ჩაწერილია, მაგრამ კამერა რომც დააბრუნონ, იმ მასალას, ალბათ, ან წაშლიან, ან ჩიპსაც დატოვებენ თუ არა, ეგეც საკითხავია“.

საბა სორდიას თქმით, ის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურს, გენერალურ ინსპექციასა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრს მაშინვე დაუკავშირდა, თუმცა, „ინდიგოს“ კამერას ამ დრომდე არ უბრუნებენ. სორდიას განცხადებით, ის საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმაც დაკითხეს. 

„ინდიგოს“ ჟურნალისტი გამოკითხვაზეა დაბარებული სპეციალურ საგამოძიებო სამსახურშიც. 

 
 
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები