„აჭარა თაიმსის“ დამფუძნებლის სახლში უცნობი პირი შეჭრას ცდილობდა
05.09.2024


„აჭარა თაიმსის“ დამფუძნებლის, სულხან მესხიძის საცხოვრებელ სახლში უცნობი პირი რამდენიმე სააათის განმავლობაში შეჭრას ცდილობდა. ამის შესახებ მესხიძემ დღეს, დილის 4:13 საათზე Facebook-ის პირად გვერდზე დაწერა.



მომხდართან დაკავშირებით ჟურნალისტმა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურსაც მიმართა.

„დილის 7 საათამდე ვიჯექი აივანზე და ვდარაჯობდი იმ უცნობ პირს, ვინც სამჯერ ჩემს სახლში შემოჭრას ცდილობდა. ბევრი უცნაური გარემოებაა, მათ შორის კითხვებიც...პოლიცია ორჯერ გამოვიძახეთ, ორივე შეტყობინებაზე თითქმის ერთ საათიანი დაგვიანებით მოვიდნენ, რეაგირება მათი მხრიდან იყო 0.

სამართალდამცავებს ვუხსნიდით გარემოებას, მათ შორის მოსალოდნელ რისკებზე ვსაუბრობდი და შემთხვევის ადგილზე ერთი წუთითაც კი არ გაჩერებულან. ოქმში არ ჩაწერეს ჩემს მიერ მიწოდებული ინფორმაცია, გვითხრეს, რომ თუ ისევ გამოჩნდებოდა ხელახლა დაგვერეკა მათთვის და არა 112-ში.

წარმოიდგინეთ, ღამით, სრულიად ადეკვატური და მოწესრიგებული ადამიანი ცდილობს თქვენს სახლში რამდენჯერმე შემოჭრას და ასეთ მდგომარეობაში პოლიცია გტოვებთ მარტო, არ რჩება შემთხვევის ადგილზე და რისკის წინაშე გტოვებს შიშველი ხელებით,“ - წერს მესხიძე.

„მედიაომბუდსმენის“ იურისტის, ილონა დიასამიძის თქმით, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება უნდა დაიწყოს და დადგინდეს, უკავშირდება თუ არა მომხდარი „აჭარა თაიმსის“ დამფუძნებლის პროფესიულ საქმიანობას.

„სულხანს მოუწია თავდაცვის რეჟიმში ყოფნა, რის გამოც მთელი ღამის განმავლობაში აივანზე იმყოფებოდა, რათა ცოლ-შვილი მოსალოდნელი საფრთხისგან დაეცვა.

ის არის ჟურნალისტი და მისი შინაგანი რწმენაც არის ის, რომ ეს უკავშირდება მის საქმიანობას. გამოძიება უნდა დაიწყოს სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა და უნდა დადგინდეს ის გარემოება, უკავშირდება თუ არა ეს შემთხვევა მის ჟურნალისტურ საქმიანობას. ჟურნალისტია მისი მეუღლეც, ამიტომ კიდევ უფრო იზრდება ალბათობა იმისა, რომ მათ ოჯახში შეღწევა მათ საქმიანობას უკავშირდებოდეს,“ - განაცხადა დიასამიძემ.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ „მედიაჩეკერისთვის“ მიწოდებული ინფორმაციით, „აჭარა თაიმსის“ დამფუძნებელი უწყებაში გამოკითხვაზეა დაბარებული.

 
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ