შვეიცარიელი ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვეს
26.10.2024


დღეს, დილით შვეიცარიელმა ჟურნალისტმა, სტეფან გოსმა სოციალურ პლატფორმაზე X დაწერა, რომ საქართველოში შესვლაზე უარი ეთქვა. როგორც ჟურნალისტი წერს, ის საქართველოში არჩევნების გასაშუქებლად მოდიოდა. სტეფან გოსი IFJGlobal-ის აკრედიტებული ჟურნალისტია. მის მიერ გასაჯაროვებული დოკუმენტით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქვეყანაში შემოსვლაზე უარის საფუძვლად სტეფან გოსს მიუთითა: „არ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა მოთხოვნებს“. როგორც OC Media წერს, გოსი 2022 წლის აპრილიდან უკრაინაში ომს აშუქებს.

22 ოქტომბერს პლატფორმა X-ზე ჩეხმა ჟურნალისტმაც დაწერა, რომ იგი საქართველოში ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე არ შემოუშვეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ რეი ბეისლისაც ქვეყანაში შემოსვლაზე უარის საფუძვლად მიუთითა იგივე მიზეზი მიუთითა: „არ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა მოთხოვნებს“. 24 ოქტომბერს კი, ცნობილი გახდა, რომ ჟურნალისტმა საქართველო დატოვა. როგორც რეი ბეისლიმ დაწერა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უკანონოდ დაკავებული 34 საათი იყო.

IPI-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რეი ბეისლი ფრილანსერი ჟურნალისტია, რომელსაც 26 ოქტომბრის არჩევნები უკრაინული დამოუკიდებელი მედიასაშუალებისთვის - Kyiv Indepedent უნდა გაეშუქებინა. ჩეხი ჟურნალისტი საქართველოში 2024 წლის გაზაფხულზე იმყოფებოდა და რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებს აქტიურად აშუქებდა.

აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში საქართველოში სხვა უცხოუელი ჟურნალისტებიც არ შემოუშვეს. 17 სექტემბერს საზღვრის კვეთის უფლება არ მისცეს ქართულ-სომხური მედიაგამოცემა Aliq Media-ს დამფუძნებელსა და ერთ-ერთ რედაქტორს არსენ ხარატიანს, რომელიც ლუქსემბურგიდან თბილისში მოფრინავდა და მეორე დღეს სომხეთში უნდა წასულიყო. ერთი დღით ადრე კი, საქართველოში მცხოვრები ბელარუსი ჟურნალისტი და აქტივისტი, ანდრეი მიალეშკა არ შემოუშვეს. ამ შემთხვევებშიც ჟურნალისტს ქვეყანაში შემოსვლაზე უარი იგივე საფუძვლით ეთქვათ.

 
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ