როგორ იცვლება "ჟურნალისტის" განმარტება
25.03.2019
ტექნოლოგიური სიახლეების ვებგვერდი Recode ბოლო პერიოდში მედიის შრომის ბაზარზე მიმდინარე მოვლენებსა და დროთა განმავლობაში "ჟურნალისტის" განმარტების ცვლილების ტენდენციაზე აქვეყნებს სტატიას .

აშშ-ში ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მედია გამოცემებში მომუშავე კადრების მასობრივი შემცირება დაიწყო. მიუხედავად ასეთი ტენდენციისა, LinkedIn-ის ბოლო მონაცემები აჩვენებს, რომ მდგომარეობა არც ისე ცუდი შეიძლება იყოს, თუ "ჟურნალისტის" უფრო ფართო განმარტებას გამოვიყენებთ.

2004 წლიდან, მას შემდეგ, რაც Facebook-ი შეიქმნა, ჟურნალისტთა დასაქმების მაჩვენებელი 14%-ით შემცირდა. საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში მომუშავეებისთვის, რომელთაც ხშირად ჟურნალისტების მსგავსი განათლება და უნარ-ჩვევები აქვთ, ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო ნეგატიური აღმოჩნდა. ამავე დროს, უნდა აღინიშნოს, რომ ძალიან სწრაფად იზრდება "სოციალური მედიასა" და "კონტენტის" სფეროში დასაქმებულთა რიცხვი.

 alt
 LinkedIn-ზე დასაქმებულთა წილი პროფესიების მიხედვით 
LinkedIn-ის მონაცემებმა აჩვენა, რომ 2018 წელს ოთხივე კატეგორიაში: ჟურნალისტიკაში, PR-ში, კონტენტსა და სოციალურ მედიაში - დასაქმების ბევრად მაღალი მაჩვენებელი იყო, ვიდრე მაშინ, როდესაც Facebook-ს ჯერ კიდევ theFacebook.com ერქვა.

LinkedIn-ის მონაცემთა უფროსი მეცნიერის, ალან ფრიტზლერის, განცხადებით, ეს მონაცემები იმაზე მიუთითებს, რომ ჟურნალისტიკასა და PR-თან დაკავშირებული სამუშაო ადგილები კი არ ქრება, არამედ დროთა განმავლობაში სახელს იცვლის. ადამიანები, რომლებიც ერთ დროს ჟურნალისტიკაში ან საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში მუშაობდნენ, ნელ-ნელა "კონტენტის შემქმნელებად" და "სოციალურ მედია მენეჯერებად" იქცნენ.

LinkedIn-ის მონაცემებზე დაყრდნობით, რედაქტორების, რეპორტიორებისა და ჟურნალისტების სამუშაო ადგილების შემცირება არც ისე დიდ პრობლემას წარმოადგენს, თუმცა რადიკალურად განსხვავებული სურათია PEW-ის მიერ ჩატარებულ კვლევაში, რომელშიც "შრომის სტატისტიკის ბიუროს" (BLS) მონაცემებია გამოყენებული. ეს კი იმითაა განპირობებული, თუ რა განსაზღვრავს "ჟურნალისტიკას".

ბიუროს მონაცემთა ბაზაში ჟურნალისტად მიჩნეული იყვნენ მხოლოდ ის ადამიანები, რომლებიც ახალი ამბების ინდუსტრიაში მუშაობდნენ. თუმცა, Recode-ის ცნობით, დღესდღეობით ადამიანთა ნაწილი, რომელიც საკუთარ თავს ჟურნალისტს უწოდებს, ტრადიციულ ჟურნალისტიკაში ტრადიციული მედიასაშუალებებისთვის აღარ მუშაობს.

მაგალითად, BLS-ის მონაცემებში ვერ მოხვდნენ ციფრული მედიის პროდიუსერები და პოდკასტის ავტორები. გარდა ამისა, დღეს უკვე უამრავი კომპანია არსებობს, რომლის მთავარი მიმართულება სარედაქციო მხარე არაა და, შესაბამისად, ეს დამსაქმებლებიც ტიპურ ჟურნალისტურ კომპანიებს შორის არ მოაზრებიან, თუმცა აქ მუშაობენ ადამიანები, რომლებიც ჟურნალისტურ საქმიანობას ასრულებენ. მაგალითად, კომპანია Dollar Shave Club-ის მიერ შექმნილი ჟურნალი კაცებისთვის MEL Magazine. ეს კომპანია კვლევისას არა ჟურნალისტურ, არამედ იმ კომპანიებს შორის მოხვდება, რომლებიც თავის მოვლის საშუალებებს ყიდის. ხოლო, უშუალოდ LinkedIn-ის 70 ადამიანისგან შემდგარი სარედაქციო პერსონალი დასაქმების სერვისის ინდუსტრიაში შეიძლება იყოს განხილული.

"ათი წლის წინ, ჟურნალისტური სამუშაო სტაბილური და პროგნოზირებადი იყო, შეგეძლო ამისთვის მომზადებულიყავი, არსებობდა გარკვეული გზა. მაგალითად, ბეჭდურ მედიაში კლასიკური "მარშრუტი" იყო პატარა გაზეთიდან დაწყება, შემდეგ ცოტა უფრო დიდსა და ბოლოს ყველაზე დიდ გაზეთში გადასვლა",- აცხადებს ბოსტონის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის დეპარტამენტის პროფესორი კრის დეილი.

ეს ტრაექტორია შეიცვალა და იშვიათი გახდა. დეილის ბევრ ჟურნალისტ სტუდენტს ახლა ისეთი სამუშაო აქვს, რომლიც დამოუკიდებელი არაა - ანუ ისინი მუშაობენ ჟურნალისტებად, თუმცა ნაკლები შანსია იმისა, რომ თავიანთი დამსაქმებელი კომპანია გამოიძიონ - მაგალითად, საინფორმაციო ბიულეტენის მწერალი ჰოსპიტალისთვის ან არასამთავრობო ორგანიზაციაში მომუშავე გამომძიებელი რეპორტიორი .

“ისინი არ მუშაობენ პრესისთვის ან ტელევიზიისთვის, მაგრამ იმავე უნარებს იყენებენ. ესაა სამსახურები, რომლებიც ფაქტების მოძიებასა და ინტერვიუს აღებას მოიცავს - ფაქტობრივად ჟურნალისტობას," - განმარტავს დეილი.

LinkedIn-ის მონაცემები მოიცავს ყველას, ვინც ჟურნალისტის, რედაქტორის, საინფორმაციოს ხელმძღვანელის, რეპორტიორისა და ამ საქმიანობებთან დაკავშირებულ პოზიციაზე იყო დასაქმებული, განურჩევლად იმისა, თუ რა ტიპის კომპანიაში მუშაობდნენ. ამ ჟურნალისტებისთვის დამახასიათებელი საკვალიფიკაციო უნარები კი მონაცემთა ანალიზს, ციფრულ მარკეტინგს, Adobe Premiere-ისა და Illustrator-ის ცოდნას მოიცავს.

ადამიანების სუბიექტური განმარტება ჟურნალისტიკაზე ყოველთვის განსხვავებულია, თუმცა LinkedIn-ის ზემოთნახსენები კვლევის მიგნებები ცხადყოფს, რომ ჟურნალისტიკის დღევანდელი მდგომარეობა შესაძლოა არც ისეთი არასახარბიელოა, როგორც სხვები ფიქრობენ.

ავტორი : ირმა კურტანიძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ