2019 წელს მოკლეს 49 და დააკავეს 389 ჟურნალისტი
27.12.2019
ჟურნალისტიკა კვლავ რჩება ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო პროფესიად, თუმცა აღსანიშნავია, რომ 2019 წელს შემცირებულია მოკული ჟურნალისტების რიცხვი. ეს შეფასება ორგანიზაციის “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” ანგარიშს ეყრდნობა.

ანგარიშის მიხედვით, ბოლო 16 წლის განმავლობაში, 2019 წელს ჟურნალისტების მკვლელობების ისტორიულად ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა.

2019 წელს მსოფლიო მასშტაბით, 49 ჟურნალისტი მოკლეს (მათგან 10 პროფესიით არაჟურნალისტი, 3 კი - უბრალოდ მედიაში დასაქმებული პირი იყო), 389 ამ დრომდე საპატიმროშია (მათგან 137 პროფესიით არაჟურნალისტი, 17 კი - მედიაში დასაქმებული პირი), 57 ჟურნალისტი კი მძევლად აიყვანეს (მათგან 8 პროფესიით არაჟურნალისტი, 6 კი - მედიაში დასაქმებული პირი).  “რეპორტიორების საზღვრებს გარეშეს” ინფორმაციით, წელს არცერთი ჟურნალისტი არ დაკარგულა.

ანგარიშის მიხედვით, ჟურნალისტური საქმიანობისთვის ყველაზე სახუფათო ადგილები - სირია, იემენი და ავღანეთი, 2019 წელს ორჯერ “ნაკლებად მომაკვდინებელი” იყო. წელს სამივე ქვეყანაში ჯამში 17 ჟურნალისტი მოკლეს, ეს რიცხვი 2018 წელს 34 იყო.

მიუხედავად საერთო რიცხვის შემცირებისა, ზოგიერთ ქვეყანაში მოკლული ჟურნალისტების რაოდენობა იგივე რჩება. მაგალითად, მექსიკაში გასული წლის მსგავსად, წელსაც 10 ჟურნალისტი მოკლეს. ამასთან, 14 მოკლული ჟურნალისტით ლათინური ამერიკა ჟურნალისტებისთვის ისეთივე სახიფათო ადგილად იქცა, როგორც ახლო აღმოსავლეთი, მთელი თავისი ომების გათვალისწინებით.

2019 წლის მონაცემებით, ჟურნალისტებისთვის “ყველაზე მომაკვდინებელი” ქვეყნების ხუთეული ასე გამოიყურება: მექსიკა (10 მოკლული ჟურნალისტი), სირია (10 მოკლული ჟურნალისტი), ავღანეთი (5 მოკლული ჟურნალისტი), პაკისტანი (4 მოკლული ჟურნალისტი) და სომალი (3 მოკლული ჟურნალისტი)

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ჟურნალისტებისთვის უფრო სახუფათოდ ახლა არა იმდენად საომარი ზონები, არამედ “მშვიდობიანი ქვეყნები” გახდა. მაგალითად, წელს უფრო მეტი ჟურნალისტი (59%), სწორედ ასეთ ქვეყნებში მოკლეს. ამასთან, 2%-ით გაიზარდა ჟურნალისტების გამიზნულად მკვლელობის მაჩვენებელიც.

“ჟურნალისტები საზღვრებს გარეშეს” განმარტებით, წელს განგაშის კიდევ ერთი მიზეზი დაკავებული ჟურნალისტების რიცხვია, რომელიც წინა წელთან შედარებით, 12%-ით გაიზარდა. წელს დაკავებული 389 ჟურნალისტიდან უმეტესობა სამ ქვეყანაზე - ჩინეთზე, ეგვიპტესა და საუდის არაბეთზე ნაწილდება.

იმ ქვეყნების ხუთეული, ვისაც ყველაზე მეტი დაკავებული ჟურნალისტი ჰყავს, ასეეთია: ჩინეთი (120 დაკავებული ჟურნალისტი), ეგვიპტე (34 დაკავებული ჟურნალისტი), საუდის არაბეთი (32 დაკავებული ჟურნალისტი), სირია 26 დაკავებული ჟურნალისტი და თურქეთი და ვიეტნამი (25-25 დაკავებული ჟურნალისტით).

რაც შეეხება იმ ქვეყნების ხუთეულს, სადაც მძევლად აყვანილ ჟურნალისტების ყველაზე მაღალი მაჩვენებლი ფიქსირდება, ასეთია: სირია (30 მძევლად აყვანილი ჟურნალისტი), იემენი (15 მძევლად აყვანილი ჟურნალისტი), ერაყი (11 მძევლად აყვანილი ჟურნალისტი) და უკრაინა (1 მძევლად აყვანილი ჟურნალისტი).


ავტორი : ნატალია ვახტანგაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ