სომხეთის მთავრობამ მედიას Covid-19-ის გაშუქების მკაცრი წესები დაუწესა - რედაქტორები აკრძალვების დაზუსტებას ითხოვენ
25.03.2020
გამოიყენონ მხოლოდ ოფიციალური, სომხეთის მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, წაშალონ "პანიკის გამომწვევი" მასალები, თუ საერთაშორისო ამბავს გამოიყენებენ, მისი წყარო სათაურშივე მიუთითონ - ეს არის წესები მედიისთვის, რომელიც საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, სომხეთის მთავრობამ მედიას დაუწესა. სომხეთში უკვე დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც მედიას გამოქვეყნებული მასალების წაშლა მოსთხოვეს. ეუთო და "რეპორტიორები საზღვრებს გარეშე"(RSF)  აცხადებენ, რომ ეს წესები მკაცრია. 

გამოცემა Hetq-ის ინფორმაციით, ხელისუფლების გადაწყვეტილებით, თუ სომხური მედიასაშუალებები ამ წესებს დაარღვევენ, ისინი დაჯარიმდებიან. ჯარიმა 500,000-დან 800,000-მდე დრამია. აშშ დოლარში ეს დაახლოებით $1,000-დან $1,600-მდე მერყეობს. 

საგანგებო მდგომარეობის პერიოდში ქვეყნის სამართალდამცავმა ორგანომ კორონავირუსთან დაკავშირებული პოსტებისა და სტატიების წაშლა რამდენიმე მედიასაშუალებას უკვე მოსთხოვა. მათ შორისაა გამოცემები Aravot-ი და Hraparak-ი.

Aravot-ის მასალაში გამოყენებული იყო რუსი ანალიტიკოსის, ვალერი სოლოვეის, მიერ რადიო Ekho Moskvy-სთან გაკეთებული კომენტარი იმის შესახებ, რომ რუსეთი ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების რეალურ მონაცემებს მალავს. გარდა ამისა, სტატიაში სომხეთის პრემიერმინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის, ციტატაც იყო მოყვანილი. ფაშინიანი აცხადებდა, რომ ზოგიერთი ქვეყანა ვირუსის შესახებ სანდო სტატისტიკას არ აქვეყნებს. სტატია სომხეთის შსს-მ "საზოგადოებაში პანიკის გამომწვევად" შეაფასა, რის შემდეგაც მედიასაშუალება იძულებული გახდა მასალა დაერედაქტირებინა. სტატიიდან მხოლოდ რუსეთთან დაკავშირებული ნაწილი ამოიღეს, ფაშინიანის ციტატა კი დარჩა.

„ჩვენ გვესმის სიტუაციის დელიკატურობა, თუმცა არ ვიზიარებთ იმ შეფასებას, რომ რადიო Ekho Moskvy-თან ვალერი სოლოვეის მიერ რუსეთში არსებულ სიტუაციაზე გაკეთებულმა კომენტარმა შეიძლება სომხურ საზოგადოებაში პანიკა გამოიწვიოს. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ნიკოლ ფაშინიანმაც განაცხადა, რომ სხვა ქვეყნები შესაძლოა ზუსტ მონაცემებს არ აქვეყნებდნენ", - აცხადებს Aravot-ის ონლაინ გამოცემის რედაქტორი ანნა ისრაელიანი.

სოლოვეის კომენტარი უფლება დამცველმა არტურ საკუნცმა Facebook-ზე გააზიარა. მისი განცხადებით, პოლიციამ პოსტის წაშლა მოსთხოვა, თუმცა მან ამაზე უარი განაცხადა.

გამოცემა Hraparak-ის სტატია კი სომხეთის სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ამანათების მიღებაზე შეზღუდვების დაწესების გამო პატიმრების უკმაყოფილებას ეხებოდა. სომხეთის მთავრობამ ეს მასალაც "პანიკის დათესვად" შეაფასა და გამოცემას სატატია წააშლევინა.

პოლიციამ Facebook პოსტის წაშლა მოსთხოვა ჟურნალისტ მარინე ხარატიანსაც. ის სოციალურ ქსელში წერდა, რომ სომხეთის ერთ-ერთი ქარხანა სიცხიან მუშებს სამსახურში სიარულს მაინც სთხოვდა.

სომხური მედიის წარმომადგენლებისთვის ხელისუფლების მიერ დაწესებული შეზღუდვები მიუღებელია. ისინი მიიჩნევენ, რომ საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, ქვეყანაში ინფორმაციის გავრცელების შეზღუდვის საჭიროება არ იყო.

30-მდე მედია ორგანიზაციის რედაქტორმა მედიასთან დაკავშირებული აკრძალვების დასაზუსტებლად სომხეთის პრემიერმინისტრის მოადგილესა და საგანგებო მდგომარეობის კომისიის ხელმძღვანელს ტიგრან ავინიანს ერთობლივი წერილით უკვე მიმართა. მედიის წარმომადგენლებს აინტერესებთ, აქვთ თუ არა კორონავირუსთან დაკავშირებით სხვა ქვეყნის სახელმწიფო მოხელის ან საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის გამოქვეყნების უფლება და მიიჩნევიან თუ არა ისინი ოფიციალურ წყაროებად.

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისას სომხური მედიისთვის დაწესებულ შეზღუდვებს აკრიტიკებს ეუთო და "რეპორტიორები საზღვრებს გარეშე"(RSF) .

მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთოს სპეციალური წარმომადგენელი ჰარლემ დეზირი აცხადებს, რომ მას ესმის აკრძალვის მიზანი - თავიდან აიცილონ პანიკა და აგრესია და ებრძოლონ დეზინფორმაციას Covid-19-ის პანდემიისას, მაგრამ, ამავე დროს, მედიამ უნდა ითამაშოს გადამწყვეტი როლი მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდებასა და ყალბ ამბებთან ბრძოლაში. 

"მხოლოდ სომხეთის მთავრობის ოფიციალური ინფორმაციის გავრცელება წარმოადგენს საკმარისად მკაცრ ზომას, რომელიც ზღუდავს მედიის თავისუფლებას და წვდომას ინფორმაციასთან", - აცხადებს იგი. 

" ინფორმაციის კონტროლი ხელს უწყობს არა ეპიდემიასთან ბრძოლას, არამედ ჭორებისა და შიშის გავრცელებას", - ნათქვამია RSF-ის განცხადებაში.

 
alt

სომხეთში კორონავირუსის პანდემიის გამო საგანგებო მდგომარეობა 16 მარტს გამოცხადდა. 25 მარტის მონაცემებით, სომხეთში კორონავირუსით ინფიცირების 265 შემთხვევაა დადასტურებული, ამათგან 18 ადამიანი გამოჯანრთელდა.

ავტორი : ირმა კურტანიძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ