გაყალბებული ფოტოების ისტორიები
23.02.2016
მედიაჩეკერი წარმოგიდგენთ გაყალბებული ფოტოების ისტორიებს. ეს ფოტოები სხვადასხვა დროს სხვადასხვა საერთაშორისო გამოცემაში დაიბეჭდა. მათი გაყალბების შესახებ ინფორმაცია კი, მოგვიანებით გავრცელდა.

ეს ფოტო მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფოტოა, 1970 წლის 4 მაისს ოჰაიოში სამართალდამცავებმა ვიეტნამის ომის წინააღმდეგ დემონსტრანტებს ცეცხლი გაუხსნეს. სროლას კენტის უნივერსიტეტის ოთხი სტუდენტი ემსხვერპლა. სტუდენტმა ფოტოგრაფმა ჯონ ფილომ ფოტო გადაუღო 14 წლის მარი ანა ვეკიოს, რომელიც თავისი მეგობრის ცხედარს დასტიროდა. ფოტოს პულიცერის პრემიაც მიენიჭა. თუმცა 1972 წელს უცნობმა ფოტორედაქტორმა გადაწყვიტა, რომ ფოტოდან მოეშორებინა ბოძი, რომელიც „არ უხდებოდა“ მთლიან სურათს. დამუშავებულმა ფოტომ დედანი მალევე ჩაანაცვლა. დიდი ხნის განმავლობაში გამომცემლობათა უმრავლესობა რედაქტირებულ კადრს აქვეყნებდა. ვერავინ შეამჩნია ბოძის "გაქრობა", სანამ 1995 წელს დედანი ისევ არ გამოჩნდა ჟურნალ „ლაიფში“.



ამ ფოტოს რედაქტირების გამო სამსახურიდან გაათავისუფლეს „როიტერსის“ კონტიბუტორი, ბეირუთელი ფოტოგრაფი ადნან ჰაჯი. მან ფოტოშოპის დახმარებით გაამუქა კვამლი ფოტოებზე და ასე გააზვიადა ისრაელის საჰაერო ძალების მიერ დაბომბილი ბეირუთი. ადნან ჰაჯი „როიტერსთან“ 10 წელზე მეტხანს თანამშრომლობდა, თუმცა როგორც კი ამ ფოტო გაყალბება დადასტურდა, გამოცემამ ფოტოგრაფთან კონტრაქტი შეწყვიტა.



1994 წელს ყოფილ ფეხბურთელს, ო.ჯ სიმპსონს ცოლისა და მეგობრის მკვლელობაში დასდეს ბრალი, ჟურნალმა „ტაიმმა“ მისი დაკავებისას გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა. გამოქვეყნებამდე „ტაიმმა“ ფოტოილუსტრატორ მეტ მაურინს დაავალა, ხელოვნურად დაემუშავებინა ფოტოსურათი. მაურინმა დაკავებულის საიდენტიფიკაციო კოდი ზომაშიც შეამცირა და ფოტო გაამუქა. კრიტიკოსების აზრით, ფოტოს გამუქებამ ხაზი გაუსვა ბრალდებულის კანის ფერს და დაკავებულს უფრო „მრისხანე“ ელფერი შესძინა. მათი აზრით რადგან ფოტო იყო ახალი ამბების ფორმატის "ნიუს-ფოტო", მისი დამუშავება საერთოდ არ შეიძლებოდა. „ტაიმისთვის“ სამწუხაროდ, „ნიუზვიკმა“ იგივე ფოტო დაურედაქტირებლად გამოაქვეყნა. გაზეთების ჯიხურებში ეს ორი ნომერი გვერდიგვერდ მოხვდა, შესაბამისად, „ტაიმის“ მანიპულაცია უფრო მეტად შესამჩნევი გახდა. მოგვიანებით გამოცემამ ბოდიში მოიხადა.



. გადაკეთებული აღმოჩნდა 2013 წლის პულიტცერის პრემიის მფლობელის ნარცისო კონტრერასის მიერ სირიის სამოქალაქო ომის დროს გადაღებული ფოტო. ფოტოგრაფს გამოყენებული ჰქონდა ე.წ „კლონირების“ ტექნიკა. ეს ტექნიკა გულისხმობს ფოტოშოპის მეშვეობით ფოტოზე მცირე დეტალების გადაკოპირებას - ასე ფოტოდან არასასურველი ობიექტის შეუმჩნევლად მოშორებაა შესაძლებელი. კონტრერასმა აღიარა, რომ სირიის სამოქალაქო ომში გადაღებული ფოტოებიდან ერთ-ერთზე ვიდეოკამერა „გააქრო“. „ესოშიეითიდ პრესმა“ კონტრერასი ამ მანიპულაციის გამო სამსახურიდან გაათავისუფლა.

თეგები : ფოტომანიპულაცია;
ავტორი : ლუკა პერტაია;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ