მომნუსხველი თერთმეტი - ისტორიული კადრები მეორე მსოფლიო ომიდან
17.07.2016
“მომნუსხველი თერთმეტი” - ეს იმ 11 ფოტოს დასახელებაა, სადაც ფოტორეპორტიორმა რობერტ კაპამ ამერიკის მოკავშირეთა დესანტის ნორმანდიის სანაპირიოზე გადასხმა აღწერა. სწორედ ამ სახელწოდებით დაიბეჭდა ფოტოები ჟურნალ Life-ში 1944 წელს.

ფოტოები გადაღებულია 1944 წლის 6 ივნისს, როდესაც შეერთებული შტატების სამხედრო გემები მოკავშირეების სამხედრო ძალებთან ერთად საფრანგეთს, ნორმანდიის სანაპიროს მიადგა. ფოტოებზე ასახულია იმ ბრძოლის დასაწყისი, რომელმაც პრაქტიკულად შემოაბრუნა მეორე მსოფლიო ომი ნაცისტური გერმანიის წინააღმდეგ.

მიუხედავად იმისა, რომ რობერტ კაპამ 106 ფოტო გადაიღო, მათგან ისტორიას მხოლოდ 11 შემორჩა. დანარჩენი ფოტოები ლაბორანტის მიერ ფირის გამჟღავნებისას დაშვებული შეცდომის გამო დაიკარგა.

სურათები კაპამ ჟურნალ Life-ში ბრიტანეთში გაგზავნა, სადაც ფოტორედაქტორმა ჯონ მორისმა თანამშრომლებს ფირის სწრაფად გამჟღავნება დაავალა. სიჩქარეში, ერთერთმა თანამშრომელმა დენის ბენკმა დახურა იმ კარადის კარები, სადაც ფირი შრებოდა და 95 კადრი განადგურდა.

გადარჩენილი ფოტოების გარდა ისტორიას არ შემორჩა არცერთი ახლო კადრი, რაც ასახავდა სამხედროების ნორმანდიის სანაპიროზე გადასვლას.

“ჩვენი ბარჯის ზედაპირი საფრანგეთის მიწას შეეხო”, - იხსენებს კაპა მის წიგნში “ცოტა მეტად ფოკუსს მიღმა”, - ბოცვანმა ბარჯა ფოლადის ფირფიტას ამოაფარა, წყლიდან ამოშვერილ ფოლადის კონსტრუქციებს შორის ზოლად ჩანდა მიწა, რომელიც კვამლში იყო გახვეული. ჩემი მშვენიერი საფრანგეთი საცოდავად გამოიყურებოდა. გერმანული ტყვიამფრქვევი მიწას ტყვიებით რწყავდა და სრულად აფუჭებდა ჩემ დაბრუნებას.

ჩემ ბარჯაზე მყოფები წყალში გადახტნენ და ნაპირისკენ გაემართნენ. მე მოვემზადე და პირველი კადრი გადავიღე - წელამდე წყალში მყოფი ჯარისკაცები დაბრკოლებებისა და კვამლიანი სანაპიროს ფონზე. ბოცვანი, რომელიც გასაგები მიზეზების გამო ჩქარობდა, რომ იქაურობას გასცლოდა, ვერ მიხვდა რატომ შევჩერდი, სურათის გადაღებაში ხელი შემიშალა და ნავიდან გადმოსვლაში “დამეხმარა”. წყალი ცივი იყო, ტყვიები ზუზუნებდნენ. ახლოსმდებარე თავდაცვით ნაგებობას შევეფარე”, - წერდა კაპა თავის წიგნში.

როგორც ის აღწერს, კაპას გარშემო ტყვიების წვიმა იყო, თუმცა ჯარისკაცებთან ერთად მასაც ნაპირისკენ უწევდა გადაადგილება. ნორმანდიის სანაპირო იმ დღეს ყველაზე საშინელ სასაფლაოდ იქცა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, რამდენიმე საათიანი ბრძოლისას 3 ათასამდე ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა.

“ჩემთან ერთად სხვა ჯარისკაციც იყო თავშესაფარში. მან იარაღი მოამზადა და ნაპირისკენ დაიწყო სროლა. ის დამიზნების გარეშე ისროდა კვამლში ჩაძირული სანაპიროსკენ. თოფის ხმამ ჯარისკაცს გამბედაობა მისცა, მან წინ წაიწია და თავშესაფარში მარტო დავრჩი. ახლა უფრო დიდი ადგილი მქონდა და უფრო უსაფრთხოდ ვიგრძენი თავი. დავიწყე სხვა ჯარისკაცების გადაღება, რომლებიც ჩემსავით ფოლადის კონსტრუქციას ეფარებოდნენ”, - წერს თავის წიგნში კაპა.

როგორც ის იხსენებს ხელში ისე ბღუჯავდა ფოტოაპარატს, თითქოს გაფუჭებულ ტანკს ხელმძღვანელობდა. მის მაშინდელ მდგომარეობას კაპა ასე აღწერს: “რაღაც შიშის უცნაური ფორმა აცახცახებდა ჩემს სხეულს თითებიდან თმის ღერებამდე და მანჭავდა ჩემ სახეს”. დიდი გაჭირვებით მოახერხა და გადატვირთა კამერა. თან სულ იმეორებდა ერთ წინადადებას, რომელიც ესპანეთის სამოქალაქო ომიდან ახსოვდა: “Es una cosa muy seria” (“ეს ძალიან სერიოზული საქმეა”)

გარკვეული პერიოდის შემდეგ კაპა აღმოჩნდა სისხლიანი სანაპიროდან მოშორებით და ლაქასავით შეამჩნია მომავალი სადესანტო დანაყოფი.

“ასე არასდროს შემშინებია, შიშისა და სიცივისგან აკანკალებული ვიღებდი და ვიღებდი ფოტოებს. მე ვერც ვფიქრობდი და არც რაიმეს გადაწყვეტის უნარი მქონდა, უბრალოდ წამოვხტი და უკან ბარჯისკენ გავიქეცი. ვიცოდი, რომ მხდალივით ვიქცეოდი, მაგრამ უკან სახის მიბრუნებაც ვერ შევძელი და ვუთხარი ჩემ თავს: ‘მე მივდივარ, რადგან ნავზე ხელები გავიშრო”, - ამბობს კაპა.



ავტორი : მაია წიკლაური;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ