5 ფოტო არაერთგვაროვანი რეაქციით
18.08.2017
როგორც წესი, ფოტოჟურნალისტიკამ კარგ კომპოზიციასთან ერთად, საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ამბავიც უნდა მოყვეს. ამიტომ ეძებენ ხშირად ფოტოგრაფები სულისშემძრველ სცენებს კონფლიქტის ან სტიქიურ ზონებში, კრიზისულ სიტუაციებში. თუმცა, ფოტოჟურნალისტიკა ბეწვის ხიდზე სიარულსაც ჰგავს. რადგან არის ფოტოები, რომლებიც არაერთგვაროვან რეაქციას იწვევს ხალხში, მედიკრიტიკოსებში.
როცა ასეთ წინააღმდეგობრივ სურათს ვახსენებთ, ბევრს კარტერის "შიმშილი სუდანში," ან "აივნის ჩამონგრევა" ავხსენდება. თუმცა, მათ გარდა, იყო ისეთი მნიშვნელოვანი სურათებიც, რომლებმაც დიდი რეზონანსი, აზრთა სხვადასხვაობა და ეთიკურ საკითხებზე დისკუსია გამოიწვია. გთავაზობთ 5 ასეთ ფოტოს, მოკლე ისტორიებით.

1. 9/11 ფოტო ნიუ იორკიდან

ტომას ჰოპკერის ფოტოზე ახალგაზრდები არიან გამოსახული მაშინ, როცა მათ ფონზე მსოფლიო ისტორიაში ყველაზე დიდი ტერაქტი ხდება. პერსონაჟები ყურადღებას არ აქცევენ მანჰეტენიდან წამოსულ კვამლს, თითქოს მხიარულადაც კი ჩანან. ფოტოს გამოქვეყნებას უამრავი ადამიანის უკმაყოფილება მოჰყვა. ახალგაზრდები შეიძულეს. როცა ათასობით ადამიანი იღუპება და მსოფლიო შეძრულია მომხდარით, ასეთი მწვავე რეაქციაც, ალბათ, ლოგიკური იყო. თუმცა, მოგვიანებით ფოტოზე ასახულმა ერთ-ერთმა ახალგაზრდამ საჯარო კომენტარი გააკეთა და ფოტოს ახსნა სცადა. მისი თქმით, იმ მომენტში, მათთვის აბსურდული და დაუჯერებელი იყო ასეთი მასშტაბის ტერაქტი. სურათიც მანამდეა გადაღებული, სანამ ისინი ამ ამბავს აღიქვამნდნენ.

2. ალმოდებული ბერი


ვიეტნამში დიემის კათოლიკურ რეჟიმს ბუდისტური მოსახლეობის მწვავე პროტესტი სდევდა თან. ბუდისტი ბერის საჯარო თვითმკვლელობის ფოტოც იმ დროინდელი ვიეტნამიდან ერთ-ერთი ყველაზე შემზარავი სურათია. კუანგ-დუკმა, 66 წლის ბერმა თავი საჯაროდ დაიწყვა და ცეცხლის ალშიც მდუმარე განაგრძობდა მედიტაციას, პროტესტს. მალკოლმ ბრაუნმა კი ეს ყველაფერი ერთ-ერთ ყველაზე რეზონანსულ ფოტოზე ასახა.

3. ვარდნა


ისევ 9/11. AP-ის ფოტოგრაფი რიჩარდ დრიუ ტერაქტის დროს იმ ადამიანებს იღებდა, რომლებმაც შენობაში დაწვას ცათამბჯენიდან გადმოხტომა არჩიეს. ერთ-ერთი ფოტო განსაკუთრებული აღმოჩნდა. “ვარდნა” - ასე უწოდეს ფოტოს, რომელზეც სასიკვდილო ვარდნის უცნაურად მშვიდი სცენაა ასახული.

4. ერაყის ომის ტყვეები


ეს არის ჟან-მარკ ბუჟუს მსოფლიო პრესის ჯილდოს მფლობელი ფოტო. როგორც ცნობილია, მამა-შვილი ამერიკელებმა დაატყვევეს. ხოლო, როცა მშობელს ხელები შეუკრეს და თავზე პარკი ჩამოაცვეს, შეშინებულმა ბავშვმა ტირილი დაიწყო. მოგვიანებით, ისტერიკაში ჩავარდნილი შვილის დასამშვიდებლად, ჯარისკაცებმა მამას ხელბორკილები მოხსნეს. ეს სცენა აღბეჭდა ბუჟუმაც, რომელიც შემდგომ, მსოფლიოს ყურადღების ქვეშ მოექცა. ამერიკელებს განმარტების გაკეთებაც მოუწიათ, რომ შავი ცელოფნის პარკი ტყვეს უსაფრთხოების გამო ჩამოაცვეს. რათა, მოგვიანებით, ჰუსეინის მომხრეებს ის არ ეცნოთ და არ მოეკლათ. თუმცა, დღემდე უცნობია ამ სურათის შემდეგ რა ბედი ეწია მამა-შვილს.

5. სიკვდილის წინ


13 წლის კოლუმბიელი გოგონა ნევადო დელ რუიზის ვულკანის ამოფრქვევას ემსხვერპლა. ის სამი დღე ებრძოდა სიკვდილს საკუთრი სახლის ნანგრევებში. ფოტოს გადაღებიდან მალე კი დაიღუპა. ამ ხნის განმავლობაში, “წითელი ჯვრის” წარმომადგენლები უშედეგოდ მოუწოდებდნენ მთავრობას, გადერჩინა ომაირა. ფრენკ ფორნიეს ფოტომ, რომელმაც სანჩესი სიკვდილის წინ აღბეჭდა, დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. ზოგის აზრით, სანჩესის სიცოცხლის ბოლო წუთების გამოქვეყნებით, ფოტოგრაფი უხეშად შეიჭრა გოგონას პირად ცხოვრებაში. თუმცა, უფრო დიდი რეზონანსი გამოიწვია თავად ფოტოზე აღბეჭდილმა სცენამ და იმ გარემოებამ, რომ ხელისუფლებამ საკუთრ მოქალაქეზე არ იზრუნა.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ