„რეპორტიორები საზღვრებს გარეშემ“ (RSF) 2 ნოემბერთან - ჟურნალისტების
წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულთა დაუსჯელობის აღმოფხვრის საერთაშორისო
დღესთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ „პრესის თავისუფლების მტაცებელთა“
სიაში „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა
ივანიშვილი წელსაც შეიყვანა.
ივანიშვილთან ერთად „პრესის თავისუფლების მტაცებელთა“ 2026 წლის სიაში მოხვდნენ: აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, ისრაელის პრემიერ მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ, სლოვაკეთის პრემიერ მინისტრი რობერტ ფიცო, ნიკარაგუის პრეზიდენტი დანიელ ორტეგა და სხვები.
„რა აქვთ მათ საერთო? პრესის თავისუფლებისადმი სიძულვილი. მათი იარაღი შეიძლება განსხვავდებოდეს მაგრამ მათი მიზნები მსგავსია: დამოუკიდებელი ხმების გაჩუმება და ინფორმაციის მიღების უფლების გათელვა. პრესის გასაჩუმებლად მათ მიერ გამოყენებული მეთოდები მოიცავს: მკვლელობებს, დაპატიმრებებს, პროპაგანდას და ტროლების არმიებს. ეს ირონიული საპატიო სია ხაზს უსვამს ჟურნალისტიკის ჩასახშობად გამოყენებული ტაქტიკის მრავალფეროვნებასა და სისასტიკეს“, - წერს „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“.
RSF-ის გენერალური დირექტორის, ტიბო ბრუტენის თქმით, ეს სია პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსს ეფუძნება და ყურადღებას იმ სუბიექტებზე ამახვილებს, რომლებიც პრესის თავისუფლების მდგომარეობის გაუარესებაზე არიან პასუხისმგებელნი:
„პრესის თავისუფლების მტრების გამოვლენა, მათი მეთოდების მხილება და ჩადენილი დარღვევების დოკუმენტირება ნიშნავს იმას, რომ არ დავუშვათ მათი თავდასხმების ნორმად ქცევა. მათ საპირისპიროდ, ვინც დუმილის დამყარებას ცდილობს, RSF განაგრძობს იმ პირთა დასახელებას, რომლებიც ჟურნალისტიკას კლავენ“.
ბიძინა ივანიშვილზე მომზადებულ პროფილში „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ წერს: „მილიარდერი ოლიგარქი, ყოფილი პრემიერ მინისტრი და პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, ის კვლავ რჩება საქართველოს მთავრობის მიღმა არსებულ რეალურ ძალად. მისი ბიზნესიმპერია და გავლენის ქსელი საშუალებას აძლევს მას, მკაცრად აკონტროლებდეს ქვეყნის მედიაგარემოს, განსაკუთრებით პროსახელისუფლებო ტელეარხების მეშვეობით, როგორებიცაა „იმედი“ და „რუსთავი 2“. მისი გავლენით, ეკონომიკური რესურსები და სახელმწიფო ინსტიტუტები დამოუკიდებელი მედიის ჩასახშობად მიმართული პოლიტიკის გასატარებლად გამოიყენება: ფინანსური ზეწოლის, რეპრესიული კანონების, ცენზურისა და სამართლებრივი დევნის სახით. ხდება დამოუკიდებელი ჟურნალისტები სტიგმატიზაცია, მათ აშინებენ და აჩუმებენ“.
2026 წელს მომხდარი მოვლენებიდან კი ბიძინა ივანიშვილის სახელს უკავშირდება: „ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის პატიმრობაში დატოვება; ახალი რეპრესიული კანონების მიღება, რომლებიც უცხოური დაფინანსების გარკვეულ ფორმებს სისხლისსამართლებრივად დასჯადს ხდის და საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და მისი მხარდამჭერი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების არსებობას; კომუნიკაციების კომისიით მანიპულირება იმ ტელეარხების დასასანქცირებლად, რომლებიც ხელისუფლებას ანგარიშვალდებულებას სთხოვენ; ჟურნალისტების წინააღმდეგ სამართლებრივი დევნისა და სანქციების მზარდი რაოდენობა, მათთვის საპარლამენტო აკრედიტაციის შეზღუდვასთან ერთად.
„პრესის თავისუფლების მტაცებლების სია“ RSF-ის მიერ ყოველწლიურად გამოქვეყნებული „მსოფლიო პრესის თავისუფლების ინდექსის“ ნაწილია. ინდექსი აფასებს პრესის თავისუფლების მდგომარეობას მსოფლიოს მასშტაბით, „მტაცებელთა სია“ კი გამოყოფს მათ, ვინც თავისუფალ მედიას ებრძვის. „პრესის თავისუფლების მტაცებლები“ 5 კატეგორიად არის [პოლიტიკური, ეკონომიკური, უსაფრთხოების, სამართლებრივი და სოციალური] დაყოფილი. ბიძინა ივანიშვილი მათ შორის მოხვდა, ვინც მედიას ფინანსურად ანადგურებს.
------------------------------------
პრესის თავისუფლების დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციის
„რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს“ (RSF) 2026 წლის
ანგარიშით, საქართველოში მედიის თავისუფლების ხარისხი
40.77 ქულით არის შეფასებული და 180 ქვეყნიდან 135-ე ადგილს იკავებს.
ამ პოზიციით საქართველო, გასულ წელთან შედარებით, რეიტინგში 21
ადგილით ჩამოქვეითდა. 2025 წელს ქვეყანა 114-ე ადგილს იკავებდა,
მედიის თავისუფლების ხარისხი კი 50.53 ქულით იყო შეფასებული. RSF-ის
პრესის თავისუფლების ინდექსით საქართველო 103-ე ადგილზე იყო 2024
წელს, 2023 წელს კი 77-ე ადგილს იკავებდა.
საქართველო ამ მაჩვენებლით ისეთ ქვეყნებს ჩამორჩება, როგორებიცაა: პაპუა ახალი გვინეა, ზიმბაბვე, სომალი, გვატემალა, უგანდა, შრი-ლანკა.

