ბარბარიზმების შესახებ
04.12.2018



მშობლიურ ენაში საჭიროების გარეშე შემოსულ და დამკვიდრებულ უცხოური წარმოშობის სიტყვებს ბარბარიზმებს ვუწოდებთ. ლოგიკურია - ეს სიტყვები მართლაც ბარბაროსებივით ესხმიან თავს „აბორიგენ“ აღმნიშვნელებს, აჩანაგებენ და მათ ადგილს იკავებენ.

ბარბარიზმებს ერთი თვისებაც აქვთ - ისინი არსებული სოციალური, პოლიტიკური, ეკონომიკური, ისტორიული ვითარების შესატყვისად „მოქმედებენ“ და იმკვიდრებენ თავს, ხშირად „ინიღბებიან“ კიდეც და ისეც ხდება, რომ ძნელი გასარკვევია, მეტყველებაში ლეგიტიმურად დამკვიდრებულ ნასესხებ სიტყვასთან გვაქვს საქმე თუ ბარბარიზმთან.

შევადაროთ:

შკაფი, კალბასი, მაზოლი, მაიკა, კალონკა, ზაგარი, აბგონი, რუჩკა, ვანა, ჟეშტი, კუხნა ( ქუხნა), საროჩკა, სპიჩკა, კნოპკა - ეს და სხვა მსგავსი, ძირითადად, რუსული ენიდან დამკვიდრებული ბარბარიზმები დღეს ადვილი ამოსაცნობია და უმეტესწილად, ვცდილობთ კიდეც მათ ჩანაცვლებას ჩვენს ენაში არსებული შესატყვისებით.

ბორდი, ლაიქი, დედლაინი, ექშენი, ინსპირაცია, ვიზიტორი, სენსიტიური, სმაილი, ფეიკი, სტაფი, დაბუსტვა - ამ და მსგავს, ძირითადად, ინგლისური ენიდან დამკვიდრებულ ბარბარიზმებს ხშირად ვისმენთ სხვადასხვა მედიასაშუალებიდან, ჩვენც აქტიურად ვიყენებთ და ხშირ შემთხვევაში, წარმოდგენაც არ გვაქვს, რომ ისევე ვაბინძურებთ ენას, როგორც „კუხნისა“ და „მაიკის“ გამოყენებისას.

ნეოლოგიზმი და ბარბარიზმი

სხვა ენებიდან სიტყვების სესხება, საერთაშორისო სიტყვების დამკვიდრება, უცხო სიტყვების „მორგება“ - გადაკეთება და მეტყველებაში ჩართვა ბუნებრივი, შეუქცევადი პროცესია. აბსოლუტურად „წმინდა“ ენა არც არსებობს, რადგან ნასესხები სიტყვები მეტ-ნაკლები რაოდენობით ყველა ენაშია.

თანამედროვე ქართულისთვის ბარბარიზმებისა და ნეოლოგიზმების ძირითადი წყარო ინგლისური ენაა.

გვაქვს სიტყვები და ტერმინები, რომლებიც ახალი აღსანიშნების უალტერნატივო აღმნიშვნელები არიან ( მაგალითად, ინტერნეტი, კომპიუტერი, უფრო ადრე - ტელევიზორი, ტელეფონი და ა.შ.), ამასთან, უფრო და უფრო ფეხს იკიდებენ ისეთი სიტყვები, რომლებსაც ჩვენს მშვენიერ მშობლიურ ენაში ზუსტი შესატყვისები გააჩნიათ. მაგალითად, დედლაინი ბოლო ვადას აღნიშნავს, ინსპირაცია - შთაგონებაა, ვიზიტორი - სტუმარი, ფეიკი ყალბს ნიშნავს, სმაილი - ღიმილს. სენსიტიურის ნაცვლად უმჯობესია მგრძნობიარე ვთქვათ. სტაფი - თანამშრომლებს აღნიშნავს.

განვიხილოთ სხვა მაგალითებიც:

ინტერნეტმა და სოციალურმა ქსელებმა გვარიანად შეცვალა თანამედროვე ადამიანის ცხოვრების წესიცა და მეტყველებაც. ამ ვირტუალური მიკროსამყაროდან ყოველდღიურ მეტყველებაში გადმოინაცვლა სიტყვებმა:

დაკლიკვა, დათაგვა, დალაიქება, დაბუსტვა, დაშეარება, ფოლოუერი და ა.შ.

თითოეული მათგანისთვის ქართულში არსებობს შესატყვისი, შესაბამისად, უნდა ვთქვათ და დავწეროთ:
  • დაკლიკვა - დაწკაპუნება
  • დათაგვა - მონიშვნა
  • დალაიქება - მოწონება
  • დაბუსტვა - რეკლამირება, პოპულარობის გაზრდა
  • დაშეარება - გაზიარება
  • ფოლოუერი - მიმდევარი

ბორდი

საზოგადოებრივ მაუწყებელთან მიმართებით მედიასაშუალებები ხშირად იყენებენ სიტყვას „ბორდი“ (board). ინგლისურში მას რამდენიმე მნიშვნელობა აქვს. ერთ-ერთი მნიშვნელობის თანახმად, „board“ ნიშნავს გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოს და თანამედროვე ქართულში ის სწორედ ამ მნიშვნელობით გამოიყენება.

თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში თარგმანიც შესაბამისი უნდა იყოს. ასე მაგალითად, სამეთვალყურეო საბჭო (supervisory board), დირექტორთა საბჭო (board of directors), მრჩეველთა საბჭო (board of advisers). საზოგადოებრივ მაუწყებელთან მიმართებით ბორდის ნაცვლად უპრიანი იქნება სამეთვალყურეო საბჭოს ან სათათბიროს გამოყენება.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ