„მოვითხოვთ ამ ინციდენტების დამოუკიდებელ და საფუძვლიან გამოძიებას“, - საერთაშორისო ორგანიზაციები ჟურნალისტებზე მომხდარ თავდასხმებზე
11.09.2025
კატეგორია - საქართველო


„პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“ და მედიის უფლებადამცველი საერთაშორისო ორგანიზაციები „ქართული ოცნების“ აქტივისტებისა და პოლიციის მიერ დამოუკიდებელ მედიაზე ბოლო დროს განხორციელებულ ფიზიკურ და სიტყვიერ თავდასხმებს მკაცრად გმობენ და მიიჩნევენ, რომ ბოლოდროინდელი სერიოზული ფიზიკური თავდასხმები საქართველოში ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების დიდი ხნის დაუსჯელობის შედეგია: „ჩვენ მოვითხოვთ ამ ინციდენტების დამოუკიდებელ და საფუძვლიან გამოძიებას და ყველა პასუხისმგებელი პირის სრულად დასჯას“.

5 საერთაშორისო ორგანიზაციის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ არა მხოლოდ არ დაგმო ჟურნალისტებზე განხორციელებული ძალადობრივი აქტები, არამედ სისტემატურად წაახალისა და ხელი შეუწყო მათ, რითაც თავდასხმებზე პასუხისმგებლობას იზიარებს:

„საქართველოში მედიის თავისუფლების ხარისხის ვარდნის მასშტაბები და ჟურნალისტებზე სისტემატური თავდასხმები არ უნდა იყოს იგნორირებული. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, უფრო ძლიერი ზეწოლა მოახდინოს სულ უფრო ავტორიტარულ „ქართული ოცნების“ რეჟიმზე, რათა დასრულდეს დამოუკიდებელ პრესაზე მიმდინარე თავდასხმა“. 

8 სექტემბერს, თბილისში, კახა კალაძის საარჩევნო შტაბის წინ, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებსა და პროევროპული აქციის მონაწილეებს შორის მიმდინარე დაპირისპირების გაშუქებისას, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის 6 ინციდენტი დაფიქსირდა

ასევე, 3 სექტემბერს, მელიქიშვილის გამზირზე, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა მხარდამჭერმა „პუბლიკის“ მთავარ რედაქტორს, ლიკა ზაკაშვილს ხელი დაარტყა, მეორე მხარდამჭერმა კი მოგვიანებით შეაფურთხა. ზაკაშვილი პამ საქმეზე როკურატურაში შეტანილი განცხადების საფუძველზე დღეს გამოიკითხა.

„ღამე იყო, როცა დავინახე დაძაბული საუბარი აქტივისტებს და „ქართული ოცნების“ შტაბიდან გამოსულ პირებს შორის. მე დავიწყე გადაღება, გადაღებიდან ძალიან მალევე ლევან ზარდიაშვილმა პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს ჩამარტყა ხელი და რამდენიმე წუთში გიორგი შუკვანმა, რომელსაც ასევე წარვუდგინე თავი და მან ზუსტად იცოდა, რომ მე ვიყავი ჟურნალისტი და იქ ვასრულებდი ჩემს პროფესიულ მოვალეობას, გვერდიდან მომეპარა და ლაჩრულად შემაფურთხა“, - თქვა გამოკითხვის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას „პუბლიკის“ მთავარმა რედაქტორმა. 

ბოლო კვირის განმავლობაში, თბილისში, საპროტესტო აქციების გაშუქებისას ჟურნალისტებზე განხორციელებულ თავდასხმებს გამოეხმაურა და „ქართულ ოცნებას“ მათი სწრაფი გამიძიებისკენ მოუწოდა „ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტმაც“.

„საპროტესტო აქციების გაშუქებისას დაკავებული ქართველი ჟურნალისტების წინააღმდეგ პოლიციის მხრიდან ფართომასშტაბიანი ძალადობის ფონზე, ბოლო თავდასხმები, რომელთაგან რამდენიმე, როგორც ჩანს, მმართველი პარტიის მხარდამჭერების მიერ არის განხორციელებული, ღრმად შემაშფოთებელია. 

საქართველოს ხელისუფლებამ პრესის წინააღმდეგ ძალადობის ყველა ჩამდენი პირის პასუხისგებაში მიცემა უნდა უზრუნველყოს“, - განაცხადა გულნოზა საიდმა, CPJ-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის პროგრამის კოორდინატორმა.

კახა კალაძის საარჩევნო შტაბის წინ მომხდარი დაპირისპირების გაშუქებისას, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის ინციდენტების შესახებ ვრცლად იხილეთ აქ

 

საქართველოში დამოუკიდებელ და კრიტიკულ მედიას მუშაობა რთულ გარემოში უწევს. 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს „ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებელსა და დირექტორს, მზია ამაღლობელს. ის 7 თვეზე მეტია უკანონო პატიმარია. 
„ქართულმა ოცნებამ“ ერთიმეორის მიყოლებით მიიღო მედიის შემზღუდავი საკანონმდებლო ცვლილებები. მნიშვნელოვნად შეიზღუდა მედიისთვის სასამართლოში მუშაობაც.
31 მაისიდან ამოქმედდა „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტიც“, რომელსაც „ქართული ოცნება“ ამერიკული FARA-ს სიტყვასიტყვით ნათარგმნს უწოდებს, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები კი მიიჩნევენ, რომ ის მიზნად ისახავს დამოუკიდებელი ორგანიზაციებისა და მედიების გაჩუმებას, დისკრედიტაციასა და დევნას. 
სატელევიზიო მაუწყებლობა შეწყვიტა ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილმა ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“. 
საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სამსახურიდან გაათავისუფლა ნინო ზაუტაშვილი, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი; დახურა გადაცემები „რეალური სივრცე“, „ამ შაბათ-კვირას“ და მათი გუნდის წევრებს, რომლებმაც ახალ შეთავაზებაზე უარი თქვეს, ხელშეკრულებები შეუწყვიტა. ისინი რამდენიმე თვეა „პირველი არხის“ სარედაქციო პოლიტიკას ღიად აკრიტიკებენ და პოლიტიკურ გავლენებზე საუბრობენ. 
კრიტიკული ტელევიზიების წინააღმდეგ საჩივრებით „ქართულმა ოცნებამ“ მიმართა კომუნიკაციების კომისიასაც. მიმართვის საფუძველი „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შეტანილი ის ცვლილებები გახდა, რომლითაც კომისიას აქამდე თვითრეგულირების სფეროში მოქცეული საკითხების განხილვისა და მაუწყებლების დასანქცირების შესაძლებლობა მიეცა. ComCom-მა ისინი სამართალდამრღვევებად „მიუკერძოებლობის პრინციპის დარღვევისთვის“ ცნო.
ამასთან, დღემდე არ დასჯილან გასულ წელს, პროევროპული აქციების გაშუქებისას ჟურნალისტებზე (გურამ როგავა, ალექსანდრე ქეშელაშვილი, მაკა ჩიხლაძე, გიორგი შეწირული და სხვები) თავდამსხმელები. 
„მედიის, ინფორმაციის და სოციალური კვლევების ცენტრმა” საქართველოში 2024 წლის მაისიდან 2025 წლის მაისამდე პერიოდში ჟურნალისტების წინააღმდეგ მომხდარი 342 ინციდენტი აღრიცხა. 
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ