„იმედმა“ II კვარტალში ტელევიზიების სარეკლამო შემოსავლების მესამედი მიიღო
14.08.2025


კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, 2025 წლის II კვარტალში ტელევიზიების სარეკლამო შემოსავალი, წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 13%-ით შემცირდა და 18 მილიონი ლარის ნაცვლად 15.6 მილიონი ლარი შეადგინა.

სატელევიზიო კომერციული სარეკლამო შემოსავლების ყველაზე დიდი წილი - 5.4 მილიონი ლარი [34.6%] აპრილი-ივნისის პერიოდშიც კვლავ „ტელეიმედს“ ჰქონდა, რაც გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 10%-ით ნაკლებია.

  • 10%-ით შემცირდა ასევე „რუსთავი 2“-ის (მედია ჰოლდინგი) კომერციული შემოსავალი და 2.6 მილიონი ლარი შეადგინა. 
  • 15%-ით გაიზარდა „პოსტვ“-ის შემოსავალი და 1.6 მილიონი ლარი გახდა. 
  • წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, ყველაზე მეტი - 52%-იანი ზრდა ჰქონდა „ტელეკომპანია პირველს“, რომლის სარეკლამო შემოსავალმაც 1.6 მილიონი ლარი შეადგინა. 
  • 18%-ით გაიზარდა ტელეკომპანია „ფორმულას“ კომერციული შემოსავალი და 1.4 მილიონ ლარს გაუტოლდა.
  • წინა წლის II კვარტალთან შედარებით, „ბი ემ ჯიმ“ 14%-ით მეტი მიიღო და მისმა სარეკლამო შემოსავალმა 1.0 მილიონი ლარი შეადგინა. 
  • რაც შეეხება „საზოგადოებრივ მაუწყებელს“, მისი სარეკლამო შემოსავალი 71%-ით შემცირდა და 0.2 მილიონ ლარს გაუტოლდა.

ტელემაუწყებლების სარეკლამო შემოსავლების ძირითადი, 71.1%-იანი წილი,  პირდაპირმა რეკლამამ შეადგინა, 17.7% - სპონსორობამ, ხოლო 11% - პროდუქტის განთავსებამ.

კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, 2025 წლის II კვარტალში, წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 12.1%-ით შემცირდა ტელე და რადიო მაუწყებლების ჯამური კომერციული სარეკლამო შემოსავალი და 17.6 მილიონი ლარი შეადგინა.

წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6%-ით შემცირდა მხოლოდ რადიოების მიერ მიღებული სარეკლამო შემოსავალიც და 2 მილიონი ლარი გახდა, საიდანაც 89.5% - პირდაპირ რეკლამას, ხოლო 10.5% სპონსორობას ეკავა.  

2024 წლის II კვარტალსა და 2025 წლის I კვარტალში მიღებულ სარეკლამო შემოსავლებთან დაკავშირებით, იხილეთ „მედიაჩეკერის“ მასალები:



კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ