„პირველმა არხმა“ გივი ჩიმაკაძეს სოციალურ ქსელში „მაუწყებლის რეპუტაციის შემლახავი“ განცხადების გავრცელების გამო საყვედური გამოუცხადა
25.02.2026
კატეგორია - საქართველო


საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ტექნიკისა და ტექნოლოგიების ოპერატორების ჯგუფის სტუდიის ოპერატორს გივი ჩიმაკაძეს სოციალურ ქსელში „მაუწყებლის რეპუტაციის შემლახავი“ განცხადების გავრცელების გამო საყვედური გამოუცხადა

11 თებერვლის ბრძანებით, არხის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა გივი ჩიმაკაძე დისციპლინარული სანქციის მოქმედების პერიოდში (12 თვე) „ანალოგიური ან/და სხვა სახის დარღვევის შემთხვევაში“ სამუშაოდან შესაძლო გათავისუფლების შესახებაც გააფრთხილა.

დისციპლინარული სანქციის შესახებ ბრძანებით, „პირველი არხი“ მიიჩნევს, რომ ოპერატორმა შრომის შინა განაწესის გარდა, საზოგადოებრივი მაუწყებლის სოციალური ქსელების გამოყენების წესები და მაუწყებელთა ქცევის კოდექსი დაარღვია. 

გუშინ, 24 თებერვალს, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა „დამსაქმებლის რეპუტაციაშემლახავი, არასწორი ინფორმაციის საჯარო სივრცეში გავრცელების/გავრცელების ხელშეწყობის გამო“ თებერვლის ხელფასის 30% დაუქვითა ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის ადამიანური რესურსების პროექტების მენეჯერს, ქეთევან სინიცას.

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მიმდინარე წლის 1 იანვრიდან სამსახურიდან გაათავისუფლა ტექნიკისა და ტექნოლოგიების საეთერო ჯგუფის პულტის რეჟისორი, კახა მელიქიძე. 

შარშან „პირველმა არხმა“ სამსახურიდან გაათავისუფლა ნინო ზაუტაშვილი, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი; დახურა გადაცემები „რეალური სივრცე“, „ამ შაბათ-კვირას“ და მათი გუნდის წევრებს, რომლებმაც ახალ შეთავაზებაზე უარი თქვეს, ხელშეკრულებები შეუწყვიტა. ისინი „პირველი არხის“ სარედაქციო პოლიტიკას ღიად აკრიტიკებენ და პოლიტიკურ გავლენებზე საუბრობენ.

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ