თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ დღეს, 2 აპრილს, ონლაინგამოცემა „ტაბულას“ ჟურნალისტის, მარიამ კუპრავას წინააღმდეგ „გზის გადაკეტვის“ საქმე შეწყვიტა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო კუპრავას პროფესიული მოვალეობის შესრულებისას, რუსთაველის გამზირზე „გზის ხელოვნურად გადაკეტვას“ 7 თებერვალს ედავებოდა.
მარიამ კუპრავას ადვოკატის, ნიკა სიმონიშვილის თქმით, შსს-ის მიერ წარდგენილ კადრებშიც კი ჩანს, რომ „ტაბულას“ ჟურნალისტს პრესის მაიდენტიფიცირებელი ნიშანი უკეთია, „იღებს და მუშაობს კეთილსინდისიერად, საზოგადოების ინფორმირებისთვის“.
„იმ პრაქტიკის გათვალისწინებით, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს აქვს და ზოგადადაც, იმის გათვალისწინებით, რომ მედიაზე არ უნდა გავრცელდეს აქციის მონაწილის სტანდარტი, სასამართლომ მიიღო საქმის წარმოების შეწყვეტაზე გადაწყვეტილება, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია.
ვფიქრობ, უფრო მეტად მნიშვნელოვანია ის, რომ ეს პრეცედენტი მედიისთვის იქნება მნიშვნელოვანი შვება, იმიტომ რომ თუ აქამდე ჟურნალისტები ფიქრობდნენ, რომ მათი მუშაობის გამო, გზის სავალ ნაწილზე იქნებოდა ეს თუ ტროტუარზე, ადმინისტრაციული პასუხისგება შეიძლებოდა დაკისრებოდათ, დღეიდან ისინი შეძლებენ უფრო თავისუფლად მუშაობას, რადგან არსებობს სასამართლო პრეცედენტი, რომელიც ამბობს, რომ როდესაც ჟურნალისტი პროფესიულ მოვალეობას ასრულებს, ამის გამო არ შეიძლება ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიეცეს. აქამდე იყო შემთხვევები, როდესაც შეწყდა ე.წ. ტროტუარის საქმე. ეს კი სასამართლოს მიერ „გზის გადაკეტვაზე“ საქმის შეწყვეტის პირველი შემთხვევაა. შეიძლება ფართო სურათში დიდ ამბად არ ჩანდეს, მაგრამ მნიშვნელოვანია იმის გამო, რომ მედიას ეცოდინება, რომ მათ შეუძლიათ თავისუფლად იმუშაონ გზასა თუ ტროტუარზე, როდესაც ისინი საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან მოვლენებს აშუქებენ და არ შეიძლება ისინი ამის გამო დაისაჯონ “.
ნიკა სიმონიშვილია კიდევ ერთი, „ნეტგაზეთის“ ჟურნალისტის, მარიამ ძიძარიას ადვოკატიც, ვისაც შსს 31 იანვარს, ასევე პროფესიული მოვალეობის შესრულებისას „გზის ხელოვნურად გადაკეტვას“ ედავება.
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ 27 მარტს, მარიამ ძიძარიას საქმის განხილვა სხდომის თარიღის განსაზღვრის გარეშე გადადო. სხდომის გადადების შუამდგომლობა, დამატებითი მტკიცებულებების მოსაპოვებლად, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა დააყენა.
სიმონიშვილის თქმით, მას ამ საქმეზე შსს-ის მიერ წარდგენილი კადრები დღეს გადასცეს:
„მარიამ ძიძარიას შემთხვევაში, ცოტა ტრაგიკომედიამდეც ვართ მისულები, იმიტომ რომ ტროტუარის საქმეებში შსს-ს წარმოდგენილი აქვს „ნეტგაზეთის“ ვიდეოები, რომელიც ძიძარიას გადაღებულია. ანუ მარიამის ვიდეოებს შსს სხვა საქმეებში იყენებს, როგორც მედიის პროდუქტს, მაგრამ ამ შემთხვევაში დაიბარეს იმის გამო, რომ ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდოს. მტკიცებულებებიც გვაქვს, არგუმენტებიც გვაქვს და მით უმეტეს დღევანდელი პრეცედენტის გათვალისწინებით, ვფიქრობ, რომ სასამართლო მის შემთხვევაშიც სამართალწარმოების შეწყვეტის გადაწყვეტილებას მიიღებს“.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე კობა ჩაგუნავა 21 აპრილს გამოაცხადებს გადაწყვეტილებას „მედიაჩეკერის“ ჟურნალისტ ნინია კაკაბაძის „გზის ხელოვნურად გადაკეტვის“ საქმეზე.
მოსამართლე დავით მაკარაძემ 27 მარტს, „ტროტუარის საქმე“ შეწყვიტა ფოტოგრაფ გიორგი თარხნიშვილის წინააღმდეგ. შინაგან საქმეთა სამინისტრო თარხნიშვილს პროფესიული მოვალეობის შესრულებისას, ტროტუარზე დგომით ფეხით მოსიარულეთათვის დაბრკოლების შექმნას 2025 წლის 18 დეკემბერს ედავებოდა.
შსს პროფესიული მოვალეობის შესრულებისას, ტროტუარზე დგომით ფეხით მოსიარულეთათვის დაბრკოლების შექმნას ედავებოდა „რადიო თავისუფლების“ ოპერატორს, ზურაბ (ზუკა) ხიდაშელსაც. მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ ხიდაშელის წინააღმდეგ „ტროტუარის საქმე“ 19 მარტს შეწყვიტა.

