კომუნიკაციების კომისიის წევრი „ქართული ოცნების“ ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატი, გოგა გულორდავა გახდა
09.12.2025

კომუნიკაციების კომისიის წევრი 2016 - 2020 წლებში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატი, გოგა გულორდავა გახდა. მას მხარი „ქართული ოცნების“ პარლამენტმა 77 ხმით დღევანდელ პლენალურ სხდომაზე დაუჭირა. 

გოგა გულორდავა 2023 წლიდან დღემდე სამთავრობო ტელეკომპანია „იმედში“  ფინანსური მონიტორინგისა და აუდიტორულ-საკონსულტაციო საქმიანობას ეწევა. ის არის „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ შიდა აუდიტის დირექტორიც.

გულორდავას გარდა, ComCom-ის წევრობა ვლადიმერ ტატიშვილს, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ყოფილ დირექტორს და ილია მიქელაიშვილს, შპს „პირველისა“ და „მედიაჰაბი სეილსჰაუსის“ დამფუძნებელსა და დირექტორს სურდათ

-------------------------------------

კომუნიკაციების კომისიაში უფლებამოსილების ვადა მის თავმჯდომარეს, კახი ბექაურს ეწურება. ბექაური კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე 2017 წლიდან არის. ის მესამე ვადით 2023 წლის იანვარში აირჩიეს. მანამდე, 2014-2017 წლებში ბექაური კომისიის წევრი იყო, 2012 წელს კი, ტელეკომპანია „მეცხრე არხს“ ხელმძღვანელობდა. აღსანიშნავია, რომ 2019 წლამდე  ერთი და იმავე პირის თავმჯდომარედ ორჯერ არჩევა შეუძლებელი იყო. 2019 წელს მიღებული ცვლილებით კი, ეს შეზღუდვა გაუქმდა.

21 ბინა, 14 მიწის ნაკვეთი, 7 მანქანა, 5 ცეცხლსასროლი იარაღი - რა ქონებას ფლობს კახი ბექაურის ოჯახი - წაიკითხეთ „მედიაჩეკერის“ მასალა ვრცლად.

--------------------------------------

კომუნიკაციების კომისიის წევრის ერთი ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად ღია კონკურსი 17 ოქტომბერს გამოცხადდა და საბუთების მიღების ბოლო ვადა 15 ნოემბერი იყო. ამ პერიოდში განცხადებები და საჭირო დოკუმენტაცია ამ სამმა კანდიდატმა წარადგინა.

ირაკლი კობახიძის ბრძანებით შექმნილ ComCom-ის წევრობის კანდიდატთა შესარჩევ საკონკურსო კომისიაში კი იყვნენ: ნუგზარ რუხაძე, ჟურნალისტი, POSTV-ის დირექტორი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში; ზურაბ ტაბიძე, შპს „ალტას“ დამფუძნებელი; თალიკო ჟვანია, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანი. 

„მაუწყებლობის შესახებ“ კანონით, კომუნიკაციების კომისიის წევრობის კანდიდატი უნდა იყოს საზოგადოებრივი აღიარებისა და ნდობის მქონე პირი, რომელსაც აქვს ეკონომიკის, ფინანსების, საჯარო ადმინისტრირების, ბიზნესადმინისტრირების, სამართლის, ელექტრონული კომუნიკაციების ან ჟურნალისტიკის მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და არანაკლებ 10 წლის მუშაობის გამოცდილება, მათ შორის, მმართველ თანამდებობაზე - არანაკლებ 3 წლისა.

კომუნიკაციების ეროვნული კომისია 5 წევრისგან შედგება, მათი უფლებამოსილების ვადა 6 წლითაა განსაზღვრული. პირის კომისიის წევრად არჩევა 2-ზე მეტი ვადით არ შეიძლება. კომისიის თავმჯდომარეს კი ფარული კენჭისყრით კომისია საკუთარი შემადგენლობიდან, 3 წლის ვადით ირჩევს.

კომუნიკაციების კომისიის 2026 წლის ბიუჯეტი 24 825 200 ლარი იქნება. 

საქართველოში დამოუკიდებელ მედიას მუშაობა რთულ გარემოში უწევს. „ქართულმა ოცნებამ“ ერთიმეორის მიყოლებით მიიღო მედიის შემზღუდავი საკანონმდებლო ცვლილებებიც.

„მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესული ცვლილების საფუძველზე, კომუნიკაციების კომისიამ „უცხოური ძალისგან“ დაფინანსების მიღების შეწყვეტა დაავალა ტელე და რადიო მაუწყებლებს: „ფორმულა“, „ფორმულა მულტიმედია“, „ჟურნალისტთა კავშირი ხალხის ხმა“(რადიო „მარნეული), „რადიო-ტვ ნორი“ და „სისტემა გამა“.

„ქართული ოცნების“ საჩივრების საფუძველზე ComCom-მა კრიტიკული ტელევიზიები სამართალდამრღვევებად ცნო „მიუკერძოებლობის პრინციპის დარღვევისთვისაც“. „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესული ცვლილებებით, კომუნიკაციების კომისიას აქამდე თვითრეგულირების სფეროში მოქცეული საკითხების განხილვისა და მაუწყებლების დასანქცირების შესაძლებლობა მიეცა. 

 

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ