„პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“, MFRR-ის პარტნიორები და მედიის
თავისუფლების, ჟურნალისტთა და გამოხატვის თავისუფლების დამცველი სხვა
საერთაშორისო ორგანიზაციები აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში გაძევებას
ევროპაში ჟურნალისტების წინააღმდეგ ტრანსნაციონალური რეპრესიების
აშკარა მაგალითად მიიჩნევენ.
ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ სადიგოვის დეპორტაცია წარმოადგენს საქართველოს მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით (ECHR) ნაკისრი ვალდებულებების აშკარა დარღვევას და მკაცრ საერთაშორისო დაგმობას მოითხოვენ:
„ჩვენ ღრმად შეშფოთებულები ვართ სადიგოვის უსაფრთხოებით და იმით, რომ დეპორტაციამ შესაძლოა გამოიწვიოს აზერბაიჯანის ხელისუფლების მხრიდან სამართლებრივი დევნის გაძლიერება ალიევის რეჟიმის კრიტიკის გამო.
ჩვენი ორგანიზაციები მოუწოდებენ საერთაშორისო საზოგადოებას, მათ შორის ევროპის საბჭოს და ევროკავშირს, მიიღონ სასწრაფო ზომები, რათა საქართველო პასუხისგებაში მიეცეს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევისთვის და ზეწოლა მოახდინონ აზერბაიჯანზე, რათა უზრუნველყოს სადიგოვის უსაფრთხოება და გადაადგილების თავისუფლება. ჟურნალისტს უნდა შეეძლოს აზერბაიჯანის დატოვება და ოჯახთან უსაფრთხო მესამე ქვეყანაში გაერთიანება.
სადიგოვის დეპორტაცია, რომელიც წლების განმავლობაში დაუნდობელ სამართლებრივ შევიწროებას მოჰყვა, ევროპაში ჟურნალისტების წინააღმდეგ ტრანსნაციონალური რეპრესიების აშკარა მაგალითია. ეს ასევე, კიდევ ერთი ნიშანია იმისა, რომ საქართველო აღარ შეიძლება ჩაითვალოს დევნილი ჟურნალისტებისთვის უსაფრთხო თავშესაფრად. საქართველოს ხელისუფლების მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ვალდებულებების დარღვევა მოითხოვს ძლიერ, კოორდინირებულ საერთაშორისო რეაგირებას ანგარიშვალდებულების უზრუნველსაყოფად და საერთაშორისო ვალდებულებების ასეთი დარღვევების თავიდან ასაცილებლად“, - აღნიშნულია ორგანიზაციების საერთო განცხადებაში.
განცხადებაზე ხელმომწერი ორგანიზაციები:
The International Press Institute (IPI); European
Federation of Journalists (EFJ); European Centre for Press and
Media Freedom (ECPMF); Justice for Journalists Foundation; Index on
Censorship.
თბილისში მცხოვრები, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან სადიგოვი 4 აპრილის ღამეს დააკავეს, შსს მას სოციალურ ქსელში პოლიციელის შეურაცხყოფას ედავებოდა. სადიგოვის წინააღმდეგ სასამართლო სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში ნაშუაღამევს დაინიშნა, მისი ქვეყნიდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილება კი მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა გამთენიისას, დაახლოებით 04:00 საათზე, გამოაცხადა. სასამართლომ მას შეუფარდა 2000 ლარის ოდენობით ჯარიმა და საქართველოში შემოსვლის აკრძალვაც 3 წლის ვადით.
სადიგოვის გაძევებიდან მეორე დღეს, 6 აპრილს, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი მეუღლესთან, ვიცე-პრეზიდენტ მეჰრიბან ალიევასთან ერთად საქართველოს ეწვია.
აფგან სადიგოვი თბილისში, აზერბაიჯანის მოთხოვნით, 2024 წელს დააკავეს. ის საექსტრადიციო პატიმრობაში თითქმის 9 თვე იმყოფებოდა. სადიგოვმა პროტესტის ნიშნად 161 დღე იშიმშილა. ის 2025 წელს, „გზის ხელოვნურად გადაკეტვის“ საბაბით ორჯერ იყო დაკავებული.

