01.12.2021
კატეგორია - ფილოლოგის სვეტი
სიტყვებში ვ ბგერის ჩართვა-არჩართვა საჩოთირო და
მუდმივად ორთოგრაფიულ ლექსიკონში გადასამოწმებელი საქმეა. ეს თავნება
და მზაკვარი „ვინი“ ხან იქ იჩენს თავს, სადაც არავინ ელის და ხანაც
იქიდან „იკარგება“, სადაც, ყველა წესის თანახმად, მისი კანონიერი და
კუთვნილი ადგილია. ეს საკითხი მეტ-ნაკლებად მოწესრიგებულია ზმნებში,
მაგრამ სახელებსა და სახელზმნებში რთულია ლექსიკონის გარეშე ფონს
გასვლა.ბლოგში „თანამედროვე ქართული სალიტერატურო ნორმების“ კრებულზე დაყრდნობით შემოგთავაზებთ ვ ბგერის შემონახვის, ჩართვისა და დაკარგვის წესებს, თუმცა ყველა შემთხვევის აღნუსხვა არათუ ბლოგის, არამედ საკუთრივ სრული გამოცემის ფარგლებშიც შეუძლებელია, ამიტომ - თუ თქვენს კითხვაზე პასუხი ამ აქ ვერ მოიძიეთ, შეამოწმეთ ორთოგრაფიული ლექსიკონი.
ვ ბგერა აუცილებლად უნდა იყოს:
თუ სიტყვა ბოლოთანხმოვნიანია და ფუძე ვ ბგერით ბოლოვდება:
- თავი - თავო
- ხევი - ხევო
- ერისთავი - ერისთავო
- ნიავი - ნიავო
- ბავშვი - ბავშვო
- ვეფხვი - ვეფხვო
- საცოდავი - საცოდავო
ფუძისეული ვ იკარგება მაშინ, როცა ის ექცევა ხმოვნებს შორის და მომდევნო ხმოვანი არის ო ან უ.
- თავი – თაობა;
- ხევი – ხეობა;
- ბუნებრივი – ბუნებრიობა;
- ნათესავი – ნათესაობა;
- სანახავი – სანახაობა;
- საცოდავი – საცოდაობა.
გამონაკლისებად მიჩნეულია ერისთავი – ერისთავობა და მოურავი – მოურავობა; აგრეთვე უცხო წარმოშობის სიტყვები: აქტივობა, უპერსპექტივობა);
ვ ფუძესა და დაბოლოებას შორის ჩნდება მაშინ, თუ ფუძეს ამთავრებს ხმოვნები ა, ე, ო და მოსდევს ა და ე ხმოვნები. ეს, ხშირ შემთხვევაში, ხდება მე-ე, სა-ე და სი-ე თავსართ-ბოლოსართების დართვის დროს. მაგალითად, ავიღოთ ო-ზე დაბოლოებული სიტყვა:
ახლო
დავუმატოთ თავსართი სი და ბოლოსართი ე:
სი-ახლოვ-ე
წესის თანახმად, ვ-ს ჩართვა ამ შემთხვევაში სავალდებულოა.
იგივე წესი მოქმედებს აქ:
ვიწრო - სივიწრო-ვ-ე
საგანგებოდ უნდა გამოიყოს ო ხმოვნით დაბოლოებული სახელებიდან წარმოქმნილი სიტყვების მართლწერა:
ო ხმოვნით დაბოლოებული სახელებიდან წარმოქმნილი სიტყვები ვ-ს გაიჩენენ მაშინ, თუ ისინი დასრულებულ მოქმედებას გამოხატავენ (დაესმის კითხვა რა ვქენი/რა ქენი/რა ქნა?..).
ჯილდო – დააჯილდოვა (რა ქნა?)
მაგრამ
აჯილდოებს (ვ-ს გარეშე)
უთო – დააუთოვა
მაგრამ
აუთოებს (ისევ ვ-ს გარეშე)
რადგან ზმნებს მივადექით, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ გავრცელებული შეცდომები „დავაცხე“ და „შევატყე“ ზმნების გამოყენებისას.
ამ ზმნებში ვ-ს ჩართვა აუცილებელია.
სწორია:
ვაცხობ - გამოვაცხვე - გამომიცხვია
ვატყობ - შევატყვე - შემიტყვია
ვ იკარგება – ურ და – ოდ დაბოლოებების დართვისას მათი მეშვეობით წარმოებულ სიტყვებში:
- თავი – მეთაური;
- ფშავი – ფშაური;
- აქტივი – აქტიური;
- ყვავის-ყვაოდა;
- ჩივის – ჩიოდა;
- ირხევა-ირხეოდა.
- საფლავი – სასაფლაო;
- რეცხვა/მრეცხავი-სამრეცხაო
- უთავო;
- უდავო;
- სადავო;
- საზავო;
- მოშავო;
- მომჟავო და ა.შ.
ამ შემთხვევაში ცოცხალ მეტყველებაში ერთი კანონზომიერება იკვეთება – ბაგისმიერი ო ბგერის გვერდით კბილბაგისმიერ ვ-ს ხშირად უგულებელყოფენ ხოლმე.
სოციალურ ქსელებსა და ცოცხალ მეტყველებაში ბოლო დროს შეინიშნება პირველი სუბიექტური პირის უგულებელყოფის ტენდენციაც. განსაკუთრებით იმ ზმნებში, რომლებიც უ, ო და ვ ბგერებით იწყება.
პირველი სუბიექტური პირის ნიშანი რთული ვ აუცილებლად უნდა დავურთოთ ზმნებს, თუ ისინი პირველი პირის მოქმედებას აღნიშნავენ.
- მე ვუთხარი (და არა, მე უთხარი);
- მე მოვუტანე (და არა, მე მოუტანე);
- მე გავუგზავნე (და არა, მე გაუზიარე);
- მე გავოცდი (და არა, მე გაოცდი);
- მე ვვარჯიშობ (და არა, მე ვარჯიშობ);
- მე ვვარცხნი (და არა, მე ვარცხნი);
- მე ვვარდები (და არა, მე ვარდები);
- მე ვვითარდები (და არა, მე ვითარდები);
- მე ვვარგივარ (და არა, მე ვარგივარ);