„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ - დღეს, 13 აგვისტოს, 22-მა დამოუკიდებელმა
ონლაინ გამოცემამ, მათ შორის „მედიაჩეკერმა“, ერთობლივი კამპანია
დაიწყო, რომლის მიზანიც დამოუკიდებელი მედიის დასაცავად
მხარდამჭერების გაერთიანებაა.
იმ რეალური საფრთხის საჩვენებლად, რომ დამოუკიდებელ ონლაინმედიას გაქრობა ემუქრება, კამპანიის დასაწყისში, 22 მედიის ვებგვერდი დროებით, სიმბოლურად გაითიშა.
დამოუკიდებელი მედიის დასაცავად გაერთიანების მიზნით შეიქმნა ერთიანი პლატფორმაც - sinatle.media, საიდანაც 22 მედიის მხარდაჭერა ერთ ანგარიშზე ჩარიცხვით არის შესაძლებელი.
ერთობლივი კამპანიის ფარგლებში დამოუკიდებელი ონლაინ გამოცემები სვამენ კითხვას: რა ხდება, როცა სინათლე ქრება? როცა თავისუფალი ხმა წყდება და საზოგადოება მიუკერძოებელ ინფორმაციას ვეღარ იღებს? - სინათლის ჩაქრობასთან ერთად, ქრება სიმართლეც.
კამპანიაში მონაწილეობენ:
- ბათუმელები
- ნეტგაზეთი
- პუბლიკა
- ინდიგო
- ქართლის ამბები
- გურია ნიუსი
- სამხრეთის კარიბჭე
- Chai Khana
- Info imereti
- სტუდია მონიტორი
- ქუთაისიპოსტი
- OC Media
- რადიო მარნეული
- აჭარა თაიმსი
- აი ფაქტი
- პროექტი 64
- მედიაჩეკერი
- ჩემი ხარაგაული
- აპრილი
- გურიის მოამბე
- TOK2Region
- Jnews
საქართველოში დამოუკიდებელ და კრიტიკულ მედიას მუშაობა რთულ გარემოში უწევს. 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს „ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებელსა და დირექტორს, მზია ამაღლობელს. ის 7 თვეზე მეტია უკანონო პატიმარია.
„ქართულმა ოცნებამ“ ერთიმეორის მიყოლებით მიიღო მედიის შემზღუდავი საკანონმდებლო ცვლილებები. მნიშვნელოვნად შეიზღუდა მედიისთვის სასამართლოში მუშაობაც.
31 მაისიდან ამოქმედდა „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტიც“, რომელსაც „ქართული ოცნება“ ამერიკული FARA-ს სიტყვასიტყვით ნათარგმნს უწოდებს, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები კი მიიჩნევენ, რომ ის მიზნად ისახავს დამოუკიდებელი ორგანიზაციებისა და მედიების გაჩუმებას, დისკრედიტაციასა და დევნას.
სატელევიზიო მაუწყებლობა შეწყვიტა ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილმა ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“.
საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სამსახურიდან გაათავისუფლა ნინო ზაუტაშვილი, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი; დახურა გადაცემები „რეალური სივრცე“, „ამ შაბათ-კვირას“ და მათი გუნდის წევრებს, რომლებმაც ახალ შეთავაზებაზე უარი თქვეს, ხელშეკრულებები შეუწყვიტა. ისინი რამდენიმე თვეა „პირველი არხის“ სარედაქციო პოლიტიკას ღიად აკრიტიკებენ და პოლიტიკურ გავლენებზე საუბრობენ.
კრიტიკული ტელევიზიების წინააღმდეგ საჩივრებით „ქართულმა ოცნებამ“ მიმართა კომუნიკაციების კომისიასაც. მიმართვის საფუძველი „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შეტანილი ის ცვლილებები გახდა, რომლითაც კომისიას აქამდე თვითრეგულირების სფეროში მოქცეული საკითხების განხილვისა და მაუწყებლების დასანქცირების შესაძლებლობა მიეცა. ComCom-მა ისინი სამართალდამრღვევებად „მიუკერძოებლობის პრინციპის დარღვევისთვის“ ცნო.
ამასთან, დღემდე არ დასჯილან გასულ წელს, პროევროპული აქციების გაშუქებისას ჟურნალისტებზე (გურამ როგავა, ალექსანდრე ქეშელაშვილი, მაკა ჩიხლაძე, გიორგი შეწირული და სხვები) თავდამსხმელები.