„ბათუმელებმა“ მკითხველის მხარდაჭერით დავალიანების ძირი თანხა დაფარა
22.07.2025


„ბათუმელები/ნეტგაზეთმა“ დღეს, 22 ივლისს, მკითხველის მხარდაჭერით, დავალიანების ძირი თანხა - 47 ათასი ლარი დაფარა. სწორედ ამ ოდენობის დავალიანება - ძირი თანხა ჰქონდა ორგანიზაციას ბიუჯეტის წინაშე. „ბათუმელების“ ინფორმაციით, გამოცემას ამ ეტაპზე გადასახდელი რჩება ძირ თანხაზე დარიცხული საურავი - 126 ათასი ლარი და ჯარიმა – 109 ათასი ლარი.

„ინკასო, როგორც ინსტრუმენტი ხელისუფლებამ გამოიყენა მზია ამაღლობელის განაჩენის ეტაპზე. შესაბამისად, მივიჩნევთ, რომ ინკასო და უახლეს მომავალში დაგეგმილი ყველა სხვა ოპერაცია მიმართულია მზია ამაღლობელის წინააღმდეგ, პერსპექტივაში კი მის მიერ შექმნილი მედიაორგანიზაციის გასანადგურებლად.

ამის მარტივი დადასტურებაა ერთი მაგალითი: შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 21 მაისის ოფიციალური ინფორმაციით, ტელეკომპანია „იმედის“ დავალიანება ბიუჯეტის წინაშე არის 17 მილიონი ლარი. „რუსთავი 2-ს“ კი 25 მილიონი ლარი აქვს ბიუჯეტისთვის გადასახდელი“, - წერს გამოცემა. 

„ბათუმელებს“ სახელმწიფოს წინაშე არსებული დავალიანება აღიარებული ჰქონდა და მის დასაფარად თანხას ყოველთვიურად იხდიდა.

-------------------------------------------

გუშინ, 21 ივლისს, გამოცემამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ შემოსავლების სამსახურმა „ბათუმელების“ ანგარიშებს ინკასო დაადო. „ბათუმელების“ ინფორმაციით, 1 ივლისს შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს, რომ ვალი ჰქონდათ, რომელიც 5 დღეში უნდა გადაეხადათ, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოცემის ანგარიშებს ინკასოს დაადებდნენ, შემდეგ კი ქონებას დააყადაღებდნენ და აღსრულება დაიწყებოდა. 

მოსალოდნელი ინკასოს შესახებ მიღებული ინფორმაციის შემდეგ, „ბათუმელებმა“ შემოსავლების სამსახურს ოფიციალურად მიმართა და საგადასახადო კოდექსის გათვალისწინებით, ვალის გადასახდელად გრაფიკის შეთავაზება ითხოვა, რაზეც უარი უთხრეს, 17 ივლისს კი მათ ანგარიშებს ინკასო დაადეს.

-------------------------------------------

დღესვე, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა გაავრცელა განცხადება და გამოთქვა მზადყოფნა, რომ საგადასახადო შეთანხმების შემთხვევაში, „ბათუმელების“ ანგარიშებს ყადაღას მოუხსნის და შესაბამისი გრაფიკის მიხედვით, სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე არსებული დავალიანების დაფარვის საშუალებას მისცემს.

შემოსავლების სამსახურის განმარტებით, „საგადასახადო დავალიანების ანაზღაურების უზრუნველყოფის ღონისძიება (ანგარიშებზე ყადაღის დადება) ხდება ავტომატურ რეჟიმში, ელექტრონულ სისტემაში ინტეგრირებული რისკების შეფასების ინდიკატორებზე დაყრდნობით“.

შემოსავლებმის სამსახურმა ივნისის ბოლოს ინკასო დაადო რეგიონულ ტელეკომპანიის „თრიალეთისა“ და რადიოჰოლდინგ „ჰერეთის“ [აერთიანებს სამ რადიოს: თბილისში - „თბილისი“, კახეთში - „ჰერეთი“ და ბათუმში - „ციტრუსი“] ანგარიშებსაც.

კონტექსტი: საქართველოში დამოუკიდებელ და კრიტიკულ მედიას მუშაობა რთულ გარემოში უწევს. „ქართულმა ოცნებამ“ ერთიმეორის მიყოლებით მიიღო მედიის შემზღუდავი საკანონმდებლო ცვლილებები. მნიშვნელოვნად შეიზღუდა მედიისთვის სასამართლოში მუშაობაც.
31 მაისიდან ამოქმედდა „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტიც“, რომელსაც „ქართული ოცნება“ ამერიკული FARA-ს სიტყვასიტყვით ნათარგმნს უწოდებს, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები კი მიიჩნევენ, რომ ის მიზნად ისახავს დამოუკიდებელი ორგანიზაციებისა და მედიების გაჩუმებას, დისკრედიტაციასა და დევნას. 
კრიტიკული ტელევიზიების წინააღმდეგ საჩივრებით „ქართულმა ოცნებამ“ მიმართა კომუნიკაციების კომისიასაც. მიმართვის საფუძველი „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შეტანილი ის ცვლილებები გახდა, რომლითაც კომისიას აქამდე თვითრეგულირების სფეროში მოქცეული საკითხების განხილვისა და მაუწყებლების დასანქცირების შესაძლებლობა მიეცა. ComCom-მა ისინი სამართალდამრღვევებად „მიუკერძოებლობის პრინციპის დარღვევისთვის“ ცნო. 
ექვს თვეზე მეტია უკანონო პატიმარია „ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი; სატელევიზიო მაუწყებლობა შეწყვიტა ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილმა ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სამსახურიდან გაათავისუფლა ნინო ზაუტაშვილი, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი და დახურა გადაცემა „რეალური სივრცე“. ისინი „პირველი არხის“ სარედაქციო პოლიტიკას ღიად აკრიტიკებენ და პოლიტიკურ გავლენებზე საუბრობენ. 
ჟურნალისტებს ხელს უშლიან პროფესიული მოვალეობის შესრულებისას, მათ აქციების გაშუქებისას აჯარიმებენ „გზის ხელოვნურად გადაკეტვისთვისაც“. ამასთან, დღემდე არ დასჯილან პროევროპული აქციების გაშუქებისას ჟურნალისტებზე (გურამ როგავა, ალექსანდრე ქეშელაშვილი, მაკა ჩიხლაძე, გიორგი შეწირული და სხვები) თავდამსხმელები. 
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ