პრესის თავისუფლების დამცველი ორგანიზაციები მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას კვლავ მოითხოვენ
12.01.2026

„ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის დაკავებიდან ერთი წლის თავზე, პრესის თავისუფლების დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციები საქართველოს ხელისუფლებას ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისა და მისი უფლებების სავარაუდო დარღვევის ფაქტების ობიექტურად გამოძიებისკენ კვლავ  მოუწოდებენ

„პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“ (IPI), „ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი“ (CPJ) და „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ (RSF) აღნიშნავენ, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, მზია ამაღლობელი პირველი ქალი ჟურნალისტია, რომელიც დააპატიმრეს, მის მიერ დაფუძნებული გამოცემები კი საერთაშორისოდ აღიარებულია, როგორც საქართველოში ჟურნალისტიკის ხარისხის სტანდარტების დამდგენნი. 

პრესის თავისუფლების დამცველი ორგანიზაციების განცხადებით, მზია ამაღლობელის დაპატიმრება „ქართული ოცნების“ მიერ ავტორიტარული პოლიტიკისკენ მკვეთრი შემობრუნებისა და პრესის თავისუფლების შეზღუდვის ფონზე მოხდა, ამაღლობელი კი როგორც სასამართლო პროცესზე, ისე ციხის საკნიდან აგრძელებს დემოკრატიისა და თავისუფალი პრესისთვის პრინციპულ ბრძოლას:

„მისი გამბედაობის აღიარების ნიშნად, 2025 წლის დეკემბერში ევროპარლამენტმა მას სახაროვის პრემია მიანიჭა აზრის თავისუფლებისთვის“.

საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებით, საქართველოს ხელისუფლებამ სათანადოდ ვერ გამოიძია ბრალდებები, რომ მზია ამაღლობელი ადმინისტრაციული წესით უკანონოდ დააკავეს დაკავებამდე ცოტახნით ადრე და პოლიციის უფროსმა დაკავების შემდეგ შეაფურთხა და ტუალეტსა და სასმელ წყალზე წვდომა აუკრძალა. მთავრობის მაღალი თანამდებობის პირებმა, მათ შორის პრემიერ მინისტრმა, გაავრცელეს შეთქმულების თეორიები, რომ ამაღლობელი პოლიტიკური ოპოზიციის ან უცხო ქვეყნების დავალებით მოქმედებდა, ხელისუფლებამ კი საეჭვო საგადასახადო მოთხოვნების საფუძველზე მისი გამოცემების საბანკო ანგარიშები დააყადაღა.

პრესის თავისუფლების დამცველი ორგანიზაციები აღნიშნავენ, მზია ამაღლობელის მხედველობა პატიმრობაში მკვეთრად გაუარესდა, ერთ თვალში მხედველობის 10% დარჩა, მეორეთი კი მხოლოდ სინათლის აღქმა შეუძლია.

„მზია ამაღლობელი სწრაფად მზარდი ავტორიტარიზმის წინააღმდეგ ქართველი ხალხის ბრძოლის სიმბოლოდ იქცა“, - განაცხადეს პრესის თავისუფლების დამცველმა ორგანიზაციებმა. ისინი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, საბოლოოდ გამოასწოროს ეს უსამართლობა და უზრუნველყოს, რომ ამაღლობელმა გისოსებს მიღმა ერთი დღეს აღარ გაატაროს. 

-------------------------------------------------------------------------------

მზია ამაღლობელი 1 წელია უკანონო პატიმარია. 2025 წლის 6 აგვისტოს, მას ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. „ბათუმელები“/„ნეტგაზეთის” დამფუძნებელსა და დირექტორს ბათუმის პოლიციის უფროსისთვის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმას ედავებოდნენ, თუმცა მოსამართლემ ამაღლობელს ბრალი გადაუკვალიფიცირა და ის დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით ცნო. მზია ამაღლობელისთვის გამოტანილი განაჩენი ძალაში დატოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლომაც.

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი 11-12 იანვრის ღამით, ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან ორჯერ დააკავეს. პირველად მზია ამაღლობელი პოლიციამ კედელზე იმ სტიკერის გაკვრის გამო დააკავა, რომელზეც „გაიფიცე“ ეწერა, ის მოგვიანებით ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, თუმცა მალევე მეორედ, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო დააკავეს. დაკავებისას მზია ამაღლობელს ღირსების შემლახავად მოექცნენ, თუმცა პროკურატურას საქმის გამოძიება არ დაუწყია.

სასამართლომ მზია ამაღლობელი დააჯარიმა ორ ადმინისტრაციულ საქმეზეც. მოსამართლე სალიხ შაინიძემ ამაღლობელი პირველ ადმინისტრაციულ საქმეზე სამართალდამრღვევად 18 მარტს ცნო და 2 000 ლარით დააჯარიმა. 18 ივნისს კი, ის სამართალდამრღვევად მოსამართლე მარიანა ფამოევამ ცნო და 1000 ლარით დააჯარიმა. შსს ამაღლობელს პოლიციელების სიტყვიერ შეურაცხყოფასა და  აჭარის პოლიციის დეპარტამენტის წინ, დამხმარე ნაგებობაზე სტიკერის გაკვრის გამო იერსახის დამახინჯებას ედავებოდა. 

„ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი დაკავების დღიდან, 38 დღე შიმშილობდა. მზია ამაღლობელი ბოლო თვეების განმავლობაში არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი გახდა. მათ შორის, ამაღლობელმა მიიღო სახაროვის პრემია - ევროკავშირის ადამიანის უფლებათა უმაღლესი ჯილდო.

 
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ