12 იანვარს, თბილისში, „ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის პატიმრობიდან ერთი წლის თავზე მისი გათავისუფლების მოთხოვნით მარში გაიმართა. ამაღლობელის კოლეგები, ოჯახის წევრები და გულშემატკივრები მარჯანიშვილის მოედანზე შეიკრიბნენ და მსვლელობით რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლეს.
„ერთი წელი გავიდა, სამწუხაროდ, მას შემდეგ, რაც საქართველოში ჟურნალისტი დაატყვევეს უკანონოდ, უსაფუძვლოდ, შეთითხნილი ბრალებით. ერთი წლის თავზე გავიგეთ, რომ პოლიციელი, რომელმაც მზია ამაღლობელზე იძალადა, დააწინაურეს. როგორც ჩანს, ეს არის რეჟიმის ბუნება, მაგრამ მე მაინც იმედს ვიტოვებ, რომ რეჟიმს ეყოფა გონიერება და გაათავისუფლებს ადამიანებს, რომლებიც ტყუილად ჰყავს გამოკეტილი“, - თქვა მარშზე მყოფმა „ბათუმელების“ მთავარმა რედაქტორმა, ეთერ თურაძემ.
მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად მარშზე მივიდნენ სინდისის პატიმრების მშობლები და სასულიერო პირებიც. დოროთე ყურაშვილის განცხადებით:
„მზიას პატიმრობა საქართველოს ტკივილიც არის და ამავდროულად, საქართველოს სირცხვილიც არის, მზია ციხეში იყოს და დგებუაძე - დაწინაურებული პოლიციელი. სამწუხაროდ, ჩვენ ვერ მოვახერხეთ, ხალხმა ვერ დავიხსენით მზია, მაგრამ მადლობა ყველას, ვინც იბრძვის და მინდა, ჩვენმა ბრძოლამ შედეგი გამოიღოს და მზია თავისუფლებაზე იყოს, ამას რომ მივაღწიოთ“.
წინა დღეს, 11 იანვრის საღამოს, მზია ამაღლობელის კოლეგები და მხარდამჭერები შეიკრიბნენ რუსთავის მე-5 ქალთა პენიტენციურ დაწესებულებასთანაც.
„მთის ამბები“/„საქართველოს ამბების“ დამფუძნებლისა და რედაქტორის, გელა მთივლიშვილის თქმით: „მზია რეჟიმის ტყვეებს შორის იქცა სიმბოლოდ თავისუფლებისთვის ბრძოლაში, მათ შორის ჩვენთვის. თავისი მტკიცე ხასიათით, თავისი უტეხობით გარეთ მყოფ კოლეგებს მოგვცა მაგალითი იმისა, რომ არ უნდა გავტყდეთ დრაკონული და რეპრესიული კანონების პირობებშიც კი“.
„ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დირექტორის მოადგილემ, თამარ რუხაძემ კი აღნიშნა, რომ მზია ამაღლობელის პატიმრობით საქართველო ისეთი სახელმწიფოების რიცხვში შეიყვანეს, რომელთა დიქტატორული რეჟიმების შესახებ მსოფლიოში ეჭვი, სამწუხაროდ, აღარავის ეპარება:
„შევიკრიბეთ იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ მივაწვდინოთ ხმა, კიდევ ერთხელ გავაგონოთ ხმა იმას, ვინც უნდა გაიგონოს, პირველ რიგში, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას და გავახსენოთ, რომ ერთი წელია უკვე, რაც უკანონო ტყვეობაში ჰყავს „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი - ევროკავშირის უმაღლესი ჯილდოს, სახაროვის პრემიის და კიდევ არაერთი პროფესიული ჯილდოს მფლობელი. ძალიან უნდა სრცხვენოდეს, ალბათ, საქართველოს ხელისუფლებას, რომ მზიას პატიმრობით ეს ქვეყანა შეიყვანეს ისეთი სახელმწიფოების რიცხვში, რომელთა დიქტატორული რეჟიმების შესახებ მსოფლიოში ეჭვი აღარავის ეპარება, სამწუხაროდ“.
„ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის დაკავებიდან ერთი წლის თავზე ერთობლივი განცხადება გააკეთეს პრესის თავისუფლების დამცველმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა და საქართველოს ხელისუფლებას მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდეს.
როგორც „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“ (IPI), „ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი“ (CPJ) და „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ (RSF) აღნიშნავენ, მზია ამაღლობელის დაპატიმრება „ქართული ოცნების“ მიერ ავტორიტარული პოლიტიკისკენ მკვეთრი შემობრუნებისა და პრესის თავისუფლების შეზღუდვის ფონზე მოხდა, ამაღლობელი კი როგორც სასამართლო პროცესზე, ისე ციხის საკნიდან აგრძელებს დემოკრატიისა და თავისუფალი პრესისთვის პრინციპულ ბრძოლას.
მზია ამაღლობელის ერთწლიან პატიმრობას გამოეხმაურნენ ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებიც. „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განცხადებით, „ქართული მართლმსაჯულება აშკარად უგულვებელყოფს მზია ამაღლობელის მიმართ პოლიტიკურად მოტივირებულ ბრალდებასა და საქმესთან დაკავშირებულ სხვა დარღვევებს. მზიას საქმეში სხვადასხვა დარღვევაზე სამართლებრივი ბრძოლა გრძელდება საერთაშორისო დონეზე, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. რეალური მართლმსაჯულების აღსრულება მზიას გამარჯვებით უნდა დასრულეს“.
„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ შეფასებით კი, მზია ამაღლობელის პატიმრობაში დატოვება განგრძობითი სირცხვილია ქართული სახელმწიფოსთვის და იმ პოლიტიკური ძალისთვის, რომელიც მას მართავს.
------------------------------------
მზია ამაღლობელი 1 წელია უკანონო პატიმარია. 2025 წლის 6 აგვისტოს, მას ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. „ბათუმელები“/„ნეტგაზეთის” დამფუძნებელსა და დირექტორს ბათუმის პოლიციის უფროსისთვის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმას ედავებოდნენ, თუმცა მოსამართლემ ამაღლობელს ბრალი გადაუკვალიფიცირა და ის დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით ცნო. მზია ამაღლობელისთვის გამოტანილი განაჩენი ძალაში დატოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლომაც.
„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი 11-12 იანვრის ღამით, ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან ორჯერ დააკავეს. პირველად მზია ამაღლობელი პოლიციამ კედელზე იმ სტიკერის გაკვრის გამო დააკავა, რომელზეც „გაიფიცე“ ეწერა, ის მოგვიანებით ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, თუმცა მალევე მეორედ, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო დააკავეს. დაკავებისას მზია ამაღლობელს ღირსების შემლახავად მოექცნენ, თუმცა პროკურატურას საქმის გამოძიება არ დაუწყია.
სასამართლომ მზია ამაღლობელი დააჯარიმა ორ ადმინისტრაციულ საქმეზეც. მოსამართლე სალიხ შაინიძემ ამაღლობელი პირველ ადმინისტრაციულ საქმეზე სამართალდამრღვევად 18 მარტს ცნო და 2 000 ლარით დააჯარიმა. 18 ივნისს კი, ის სამართალდამრღვევად მოსამართლე მარიანა ფამოევამ ცნო და 1000 ლარით დააჯარიმა. შსს ამაღლობელს პოლიციელების სიტყვიერ შეურაცხყოფასა და აჭარის პოლიციის დეპარტამენტის წინ, დამხმარე ნაგებობაზე სტიკერის გაკვრის გამო იერსახის დამახინჯებას ედავებოდა.
„ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი დაკავების დღიდან, 38 დღე შიმშილობდა. მზია ამაღლობელი ბოლო თვეების განმავლობაში არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი გახდა. მათ შორის, ამაღლობელმა მიიღო სახაროვის პრემია - ევროკავშირის ადამიანის უფლებათა უმაღლესი ჯილდო.

