„აჭარის ტელევიზიის“ დირექტორობა ბათუმის თოჯინების თეატრის ხელმძღვანელს, ირაკლი კიკვაძეს სურს
23.01.2026


„საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ დირექტორობა ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრის ხელმძღვანელს, ირაკლი კიკვაძეს სურს. კიკვაძის თქმით, მისთვის ტელევიზია „ძალიან ახლო ორგანიზმია“. 

„ძალიან დიდი გამოცდილება მაქვს ტელევიზიებთან თანამშრომლობის და გადავწყვიტე, მიმეღო მონაწილეობა ამ კონკურსში იმიტომ, რომ დიდი ხანია უკვე რაღაცა გამოცდილებები მიგროვდება ცხოვრების მანძილზე და ვფიქრობ, რომ მზად ვარ მივიღო მონაწილეობა და გამოწვევები.

ჩემი სამომავლო გეგმა არის ის, რომ ტელევიზია იყოს მეტად გამჭვირვალე და მეტად საზოგადოების სამსახურში. ასევე, გვაქვს ტექნოლოგიური მიმართულებით რაღაცა სიახლეები, ინოვაციები, რომლებსაც წარმოვადგენ ჩემი კონცეფციის დროს და ძალიან ბევრი რაღაც ისეთი საინტერესო პროექტი, რომელიც ვფიქრობ, რომ საზოგადოებრივ არხს წაადგება“, - ამბობს ის „მედიაჩეკერთან“ საუბრისას. 

კიკვაძე „აჭარის ტელევიზიის“ დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად მესამედ გამოცხადებული კონკურსის ერთადერთი მონაწილეა. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო პირველ ტურს ორშაბათს, 26 იანვარს გამართავს. 

„საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსი ორჯერ ჩაიშალა. 

წინა ჯერზე „აჭარის ტელევიზიის“ დირექტორობის კანდიდატები იურისტი აკაკი ბერიძე და მომღერალი, საზოგადოებრივი მაუწყებლის დილის გადაცემის წამყვანი, ანი კეკუა იყვნენ. 2025 წლის 24 ნოემბრის სამეურვეო საბჭოს სხდომაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის იურისტმა, ელენე მიხაილოვამ განმარტა, რომ ანი კეკუას საბუთებმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა „განათლების და სამუშაო გამოცდილების ნაწილში“ და მის კანდიდატურას დისკვალიფიკაცია მიეცა. აკაკი ბერიძეს კი მეორე ტურში გადასასვლელად საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ მხარი არ დაუჭირა.

აკაკი ბერიძე ნიკოლოზ მეგრელიშვილთან ერთად, პირველად, გასული წლის აგვისტოში, გამოცხადებულ კონკურსშიც მონაწილეობდა. მაშინ კანდიდატები მეორე ტურშიც გადავიდნენ, თუმცა კენჭისყრის დროს სამეურვეო საბჭოს წევრების ვერცერთი ხმა ვერ მიიღეს.

„მაუწყებლობის შესახებ“ კანონით, „აჭარის ტელევიზიის“ დირექტორს თანამდებობაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო ღია კონკურსის წესით, 3 წლის ვადით ნიშნავს. 

„საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ დირექტორი ვლადიმერ ტატიშვილი იყო, რომელმაც თანამდებობა 2025 წლის 1 სექტემბერს, მის ადგილზე კონკურსის გამოცხადების შემდეგ, დატოვა. ტატიშვილს დირექტორობის ვადა გასული წლის ნოემბერში ეწურებოდა.

 
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ