„აჭარის ტელევიზიის“ დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად ხელმეორედ გამოცხადებული კონკურსიც ჩაიშალა
24.11.2025

„აჭარის ტელევიზიის“ დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად ხელმეორედ გამოცხადებული კონკურსის მეორე ტურში ვერცერთი კანდიდატი ვერ გადავიდა. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსს მესამედ გამოაცხადებს.

„აჭარის ტელევიზიის“ დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსზე განაცხადების შეტანის ბოლო ვადა 23 ნოემბერი იყო. დირექტორობის მსურველები იურისტი აკაკი ბერიძე და მომღერალი, საზოგადოებრივი მაუწყებლის დილის გადაცემის წამყვანი, ანი კეკუა იყვნენ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის იურისტის, ელენე მიხაილოვას განმარტებით, ანი კეკუას საბუთებმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა „განათლების და სამუშაო გამოცდილების ნაწილში“ და მის კანდიდატურას დისკვალიფიკაცია მიეცა.

აკაკი ბერიძეს კი მეორე ტურში გადასასვლელად საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ მხარი არ დაუჭირა.

აკაკი ბერიძე პირველად, აგვისტოში, გამოცხადებულ კონკურსშიც მონაწილეობდა, ის მაშინ მეორე ტურშიც გადავიდა, თუმცა კენჭისყრის დროს სამეურვეო საბჭოს წევრების ვერცერთი ხმა ვერ მიიღო. საბჭომ „აჭარის ტელევიზიის“ დირექტორი ვერ აირჩია და 17 სექტემბრის სხდომაზე კონკურსი ჩაშლილად გამოაცხადა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად ღია კონკურსი ხელმეორედ ოქტომბერში გამოაცხადა.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით, „აჭარის ტელევიზიის“ დირექტორს თანამდებობაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო ღია კონკურსის წესით, 3 წლის ვადით ნიშნავს. დირექტორობის კანდიდატი უნდა იყოს საზოგადოებრივი აღიარებისა და ნდობის მქონე პირი. მას უნდა ჰქონდეს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და მუშაობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილება, მათ შორის, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება და ჟურნალისტიკის, ადამიანის უფლებათა დაცვის ან/და სამეცნიერო-პედაგოგიურ სფეროში მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება. 

 
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ