თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე კობა ჩაგუნავამ „მედიაჩეკერის“ ჟურნალისტის, ნინია კაკაბაძის წინააღმდეგ „გზის ხელოვნურად გადაკეტვის“ საქმე შეწყვიტა. მოსამართლემ გადაწყვეტილება დღეს, 21 აპრილს გამოაცხადა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ნინია კაკაბაძეს „გზის ხელოვნურად გადაკეტვას“ რუსთაველის გამზირზე პროფესიული მოვალეობის შესრულებისას ედავებოდა. პოლიციამ ის 2025 წლის 3 ნოემბერს დააკავა და მოგვიანებით გაათავისუფლა.
ნინია კაკაბაძის ადვოკატის, „მედიაომბუდსმენის“ იურისტის, ილონა დიასამიძის განცხადებით, შსს-მ ძალიან კარგად იცოდა, რომ ოქმს უდგენდა ჟურნალისტს, რომელიც ჟურნალისტურ საქმიანობას ეწეოდა და ეს ფაქტი იდენტიფიცირებადი იყო.
როგორც დიასამიძე აღნიშნავს, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ჟურნალისტების წინააღმდეგ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების შედგენა ტენდენციად იქცა:
„შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები მიუხედავად იმისა რომ აიდენტიფიცირებენ, ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელების დროს ჟურნალისტებს უდგენენ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმებს ან უწერენ ჯარიმებს. ამის მიუხედავად ისინი უკან მაინც არ იხევენ.
მიუხედავად იმისა, რომ როგორც შსს-ში, ისე სასამართლოში უმეტესწილად ჟურნალისტების წინააღმდეგ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები წყდება, ეს მაინც არის ჟურნალისტების მიმართ დაწყებული წარმოება, რომელიც აფერხებს მათ საქმიანობას.
გზის გადაკეტვის საბაბით ჟურნალისტების სასამართლოში დაბარება მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამეზე მიუთითებს - შინაგან საქმეთა სამინისტრო ჟურნალისტების წინააღმდეგ, ჟურნალისტების მიზანმიმართული დევნისათვის იყენებს მის ხელთ არსებულ იმ მექანიზმებს, როგორიცაა: ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების შედგენა, საჯარიმო ქვითრების გამოწერა თუ ადმინისტრაციული დაკავებები“.
ადმინისტრაციული საქმის შეწყვეტას სამართლიანობასთან კავშირი არ აქვს ნინია კაკაბაძისთვის. ჟურნალისტი მიიჩნევს, რომ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა:
„დღეს მოსამართლე კობა ჩაგუნავამ გზის გადაკეტვის ბრალდებით, სრულიად უკანონოდ 3-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა ერთ-ერთ აქტივისტს, ზვიად მარიამიძეს. ასე რომ ჩემი საქმის შეწყვეტას არაფერი აქვს საერთო სამართლიანობასთან, ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. ამ ეტაპზე ჟურნალისტის ციხეში გამოკეტვა „ქართულ ოცნებას“ არ უნდა, მას ურჩევნია დაგვაჯარიმოს, დაგვაყადაღოს, შეგვაშინოს და ქვეყნიდან გაქცევა გვაიძულოს“.
27 მარტს გამართულ სასამართლო სხდომაზე კაკაბაძემ თქვა, რომ მისი დაკავების დღეს თბილისის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, გოგა მემანიშვილი პოლიციელებს მასზე მიუთითა. ეს ჟურნალისტს აფიქრებინებს, რომ სწორედ მემანიშვილის მითითებით დააკავეს.
„მე შეტანილი მქონდა საჩივარიც, რადგან სრულიად უკანონოდ შემეზღუდა თავისუფლება რამდენიმე საათის განმავლობაში. ეს საჩივარი არ მიიღეს წარმოებაში, რასაც აუცილებლად გავასაჩივრებთ. დარწმუნებული ვარ, ადრე თუ გვიან გოგა მემანიშვილი პასუხს აგებს იმ დანაშაულებზე, რაც ყველა უკანონო დაპატიმრებას უკავშირდება“, - ამბობს ნინია კაკაბაძე.
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ 2 აპრილს „გზის გადაკეტვის“ საქმე შეწყვიტა ონლაინგამოცემა „ტაბულას“ ჟურნალისტის, მარიამ კუპრავას წინააღმდეგაც. შსს კუპრავას პროფესიული მოვალეობის შესრულებისას, რუსთაველის გამზირზე „გზის ხელოვნურად გადაკეტვას“ 7 თებერვალს ედავებოდა.
მოსამართლე დავით მაკარაძემ 27 მარტს, „ტროტუარის საქმე“ შეწყვიტა ფოტოგრაფ გიორგი თარხნიშვილის წინააღმდეგ. შინაგან საქმეთა სამინისტრო თარხნიშვილს პროფესიული მოვალეობის შესრულებისას, ტროტუარზე დგომით ფეხით მოსიარულეთათვის დაბრკოლების შექმნას 2025 წლის 18 დეკემბერს ედავებოდა.
შსს პროფესიული მოვალეობის შესრულებისას, ტროტუარზე დგომით ფეხით მოსიარულეთათვის დაბრკოლების შექმნას ედავებოდა „რადიო თავისუფლების“ ოპერატორს, ზურაბ (ზუკა) ხიდაშელსაც. მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ ხიდაშელის წინააღმდეგ „ტროტუარის საქმე“ 19 მარტს შეწყვიტა.
სხდომის თარიღის განსაზღვრის გარეშეა გადადებული „ნეტგაზეთის“ ჟურნალისტის, მარიამ ძიძარიას საქმის განხილვა. შსს მასაც პროფესიული მოვალეობის შესრულებისას „გზის ხელოვნურად გადაკეტვას“ ედავება.

