ქარტია აცხდებს, რომ გმობს სანაიას მიმართ გამოტანილ უსამართლო განაჩენს
19.10.2026


„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ აცხადებს, რომ გმობს ჟურნალისტ ვახო სანაიას მიმართ გამოტანილ უსამართლო განაჩენს და მის შემთხვევას სადამსჯელო მიზნებისთვის კანონმდებლობისა და მართლმსაჯულების ინსტრუმენტალიზაციის გამოვლინებად მიიჩნევს, „მოქალაქისა და ჟურნალისტის კრიტიკული ხმის ჩასახშობად და კრიტიკული მედიის საქმიანობის შესაზღუდად“. 

დღეს, 19 ოქტომბერს, ტელეკომპანია „ფორმულას“ წამყვანს, ვახო სანაიას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული 2 პოსტისა და ვიდეოს გამო თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. სანაიას „ქართული ოცნების“ წევრების, შალვა პაპუაშვილისა და ლადო ბოჟაძის შეურაცხყოფის საბაბით 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა ივლისში ერთხელ უკვე ჰქონდა შეფარდებული, მანამდე ის სასამართლომ 6 000 ლარითაც დააჯარიმა. 

„კანონმდებლობაში შეტანილი რეპრესიული ხასიათის ცვლილებები „ქართულ ოცნებას“ საშუალებას აძლევს, არაპროპორციული ძალით იმოქმედოს კრიტიკულად განწყობილი მოქალაქეების, მათ შორის ჟურნალისტების, წინააღმდეგ. 

ქარტია ვახო სანაიას შემთხვევას სადამსჯელო მიზნებისთვის კანონმდებლობისა და მართლმსაჯულების ინსტრუმენტალიზაციის გამოვლინებად მიიჩნევს, მოქალაქისა და ჟურნალისტის კრიტიკული ხმის ჩასახშობად და კრიტიკული მედიის საქმიანობის შესაზღუდად. 

„ქართულმა ოცნებამ“ საკანონმდებლო ცვლილებებით და შემდგომ უკვე ამ ცვლილებების აღსრულების პრაქტიკით, უარი თქვა თმენის ვალდებულებაზე. დღევანდელი გადაწყვეტილებით „ქართულმა ოცნებამ“ კიდევ ერთხელ თვალსაჩინოდ წარმოაჩინა საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის სიღრმე. 

ქარტია სოლიდარობას უცხადებს ვახო სანაიას და  ყველა ჟურნალისტსა და მოქალაქეს, ვისი გამოხატვის თავისუფლებაც „ქართულმა ოცნებამ“ სამართლებრივი თუ ძალისმიერი ინსტრუმენტების გამოყენებით შეზღუდა“, - ვკითხულობთ „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ვახო სანაიას პოლიტიკური თანამდებობის პირების შეურაცხყოფას ამჯერად ამ პოსტების  გამო ედავებოდა:

  • „14 დღე *ლეები არ დაუძახოთ შალვას და ლადოს. რომ გამოვალ, მე მივხედავ მაგ ამბავს“.

  • „მე რომ დავწერე პაპუაშვილსა და ბოჟაძეზე, *ლეებს ნუ დაუძახებთ-მეთქი, დამაპატიმრეს. ახლა შეკითხვა, რომელიც ორი კვირაა არ მასვენებს: თავად შალვა პაპუაშვილმა და ბოჟაძემ რომ დაწერონ საკუთარ თავზე, *ლეებს ნუ დაგვიძახებთო, თვითონ მაგათაც საციხოდ გაუხდებათ საქმე ხო? შალვა, ლადო, გაბედეთ, ბიჭებო!“

  • ვიდეო სათაურით - „ვეხმაურებით შალვა პაპუაშვილის მე*ლენბურგობას“. 

სანაია ფეისბუქპოსტების გამო დაწყებული ადმინისტრაციული საქმეებს განხილვას არ ესწრება. ის შსს-ს წარმომადგენლებმა მოგვიანებით საცხოვრებელ სახლთან დააკავეს, სადაც სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას ოჯახის წევრებთან და კოლეგებთან ერთად ელოდებოდა. 

-------------------------------

2026 წლის 10 ივლისის სასამართლო პროცესზე, როდესაც ვახო სანაია მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა შალვა პაპუაშვილსა და ლადო ბოჟაძის შესახებ დაწერილი პოსტების გამო 6 000 ლარით დააჯარიმა, ცნობილი გახდა, რომ ის პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფის საბაბით, 4 000 ლარით იქამდეც, შსს-ს სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს შექმნამდეც, ყოფილა დაჯარიმებული. სანაიას გზის გადაკეტვის ბრალდებით  6-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული 2025 წლის ოქტომბერშიც. 

 

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ