ბრიტანეთის მიერ სანქცირებული, პროსამთავრობო ტელეკომპანია „იმედის“
მფლობელი კომპანიის - „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის“ წილები
ხელახლა გადანაწილდა. დღევანდელი ცვლილებებით, მას ახლა 4 მფლობელი:
მარიამ ლომიძე, ირაკლი ჩიხლაძე, მაია ჩიგოშვილი და მადგა ანიკაშვილი
ჰყავს. ოთხივე მათგანი „იმედის“ მფლობელი კომპანიის
თანაბარ, 25-25%-იან წილს ფლობს.
მარიამ ლომიძე - „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპისა“ და „იმედის“ გენერალური დირექტორი. აქამდე ტელევიზიის მფლობელი კომპანიის 10%-ს ფლობდა.
ირაკლი ჩიხლაძე - „იმედის კვირის“ წამყვანი და ტელევიზიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. 16 ოქტომბრის ცვლილებებამდე „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის“ 10%-იანი წილის მფლობელი იყო.
მაია ჩიგოშვილი - „იმედის“ პროგრამების ხელმძღვანელი, აქამდე ტელეკომპანიის მფლობელი კომპანიის 10%-იანი წილი ეკუთვნოდა. ჩიგოშვილი „ჯი-დი-ეს თი-ვის“ დირექტორიცაა.
მაგდა
ანიკაშვილი - „იმედი LIVE“-ისა და „ღია ეთერი -
დებატების“ წამყვანი, ტელევიზიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი.
„იმედის“ მფლობელი კომპანიის - „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის“
ახალი მეწილე.
„ჯორჯიან მედია
პროდაქშენ გრუპში“ წილები აღარ ეკუთვნით ილია მიქელაიშვილის კომპანიას
- „პრაიმ მედია გლობალს“, ვასილ კალანდარიშვილსა და ნათია
სონღულაშვილს.
16 ოქტომბრის ცვლილებებამდე ბიზნესმენ ილია მიქელაიშვილის კომპანია „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის“ 50%-იან წილს ფლობდა, ვასილ კალანდარიშვილი და ნათია სონღულაშვილი კი - 10-10%-იან წილებს. კალანდარიშვილი „იმედის“ ფინანსური დირექტორია, სონღულაშვილი - „იმედის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი და ტელეკომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის დღეს
წარდგენილი დოკუმენტებით, ვასილ კალანდარიშვილმა და ნათია
სონღულაშვილმა თავიანთ საკუთრებაში არსებული „იმედის“ მფლობელი
კომპანიის წილები მაგდა ანიკაშვილს სიმბოლურ ფასად, 100-100 ლარად
მიჰყიდეს, ანიკაშვილმა კომპანიის 5%-იანი წილი, 50 ლარად, იყიდა
„პრაიმ მედია გლობალისგანაც“. „პრაიმ მედია გლობალმა“ დარჩენილი
45%-იანი წილი თანაბრად, სიმბოლურად, 150-150 ლარად მიჰყიდა მარიამ
ლომიძეს, ირაკლი ჩიხლაძესა და მაია ჩიგოშვილს.
--------------------------------------
დიდი ბრიტანეთის მიერ „იმედის“ დასანქცირებიდან მეორე დღეს, 25 თებერვალს, „იმედის“ ყოფილმა მფლობელმა და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ირაკლი რუხაძემ და საბჭოს სამმა წევრმა: დავით შონიამ, გიორგი კალანდარიშვილმა და გიორგი ბახტაძე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს განცხადებებით მიმართეს, სამეთვალყურეო საბჭოს წევრის პოზიციების დატოვების შესახებ აცნობეს და არხის რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებების დაჩქარებული წესით ასახვა სთხოვეს. საჯარო რეესტრში წარდგენილი დოკუმენტების მიხედვით, გადადგომის შესახებ მათი იდენტური განცხადებები 6 თებერვლით თარიღდება. ისინი ამ განცხადებებში „იმედის“ გენერალურ დირექტორს სწერენ, რომ „კომპანიის მფლობელობის ცვლილებასთან დაკავშირებით“, პირადი განცხადების საფუძველზე სამეთვალყურეო საბჭოს წევრის პოზიციის დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს.
რეესტრმა სამთავრობო ტელეკომპანია „იმედის“
სამეთვალყურეო საბჭოდან თავმჯდომარის, ირაკლი რუხაძისა და საბჭოს სამი
წევრის: დავით შონიას, გიორგი კალანდარიშვილისა და გიორგი ბახტაძის
წასვლა რამდენიმე საათში დაარეგისტრირა.
რა მოხდა 6
თებერვალს?
„ჩემს პარტნიორებთან გრძელი და დაძაბული კონსულტაციების შემდეგ, გადავწყვიტეთ, რომ დღევანდელ სიტუაციაში, ყველაზე გონივრული გამოსავალი არის ჩვენი „იმედთან“ დამშვიდობება“, - ამ დღეს „იმედმა“ „ჰანიველ პარტნერსის“ ტელეკომპანიიდან გასვლის შესახებ ირაკლი რუხაძის განცხადება გაავრცელა. რუხაძე წერდა, რომ ახალი მფლობელის პოვნა, „რომელიც ერთი მხრივ ითავებდა „იმედის“ დაფინანსებას საბიუჯეტო დანაკლისის შემთხვევებში და ასევე დათანხმდებოდა, შეენერჩუნებინა არსებული მენეჯმენტის აქტიური როლი სარედაქციო პოლიტიკაში“ ადვილი არ იყო.
„იმედის“ მფლობელი კომპანია - „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპი“ სიმბოლურ ფასად, 1000 ლარად ილია მიქელაიშვილის კომპანიამ, „პრაიმ მედია გლობალმა“ 30 იანვარს იყიდა და იკისრა ვალდებულება, რომ მის 50%-იან წილს ტელეკომპანიის წარმომადგენლებს გადასცემდა. „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის“ 10-10%-იანი წილი ნათია სონღულაშვილმა, ირაკლი ჩიხლაძემ, მარიამ ლომიძემ, მაია ჩიგოშვილმა და ვასილ კალანდარიშვილმა სიმბოლურ ფასად, 100-100 ლარად 10 თებერვალს იყიდეს.
მარტში განახლდა დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებული „იმედის“ სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაც. მისი წევრები ირაკლი ჩიხლაძის, ნათია სონღულაშვილისა და მაგდა ანიკაშვილის გარდა, არიან: მარიამ ლომიძე, ვასილ კალანდარიშვილი, მაია ჩიგოშვილი და ილია მიქელაიშვილი.
„ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპი“ ფლობს კიდევ 8 სხვა
კომპანიას, მათ შორის, „რადიო იმედსა“ და GDS TV-ის.

