I კვარტალში ტელევიზიების სარეკლამო შემოსავლის 73% „იმედმა“ და „რუსთავი 2“-მა მიიღო
15.05.2026


კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, 2026 წლის I კვარტალში ტელემაუწყებლებმა 25.6 მილიონი ლარის კომერციული სარეკლამო შემოსავალი მიიღეს. 

analytics.comcom.ge-ზე განთავსებული მონაცემების მიხედვით, სატელევიზიო კომერციული სარეკლამო შემოსავლების ყველაზე დიდი წილი - 10.8 მილიონი ლარი იანვარ-მარტშიც სამთავრობო ტელეკომპანია „იმედს“ ჰქონდა. ამ პერიოდში 7.9 მილიონი ლარის კომერციული შემოსავალი მიიღო „რუსთავი 2“-მა, „პოსტვ“-იმ კი - 1.9 მილიონის. 

მიმდინარე წლის I კვარტალში 1.26 მილიონი ლარის კომერციული სარეკლამო შემოსავალი მიიღო „ტელეკომპანია პირველმა“, 978 200 ლარი კი - „ფორმულამ“. 



ტელემაუწყებლების მიერ 2026 წლის I კვარტალში მიღებული შემოსავალი (25.6 მილიონი ლარი)  წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 72.7%-ით მეტია. 2025 წლის იანვარ-მარტში ტელევიზიებმა კომერციული სარეკლამო შემოსავლებიდან 14.8 მილიონი ლარი მიიღეს, ყველაზე დიდი წილი - 6.1 მილიონი ლარი მაშინაც „იმედს“ ჰქონდა. 

ბრიტანეთის მიერ სანქცირებულმა სამთავრობო ტელეკომპანია „იმედმა“ 2025 წელს ჯამში 45.04 მილიონი ლარის კომერციული სარეკლამო შემოსავალი მიიღო, რაც წინა წლის შემოსავალზე 20.2 მილიონი ლარით მეტია. გასული წლის მხოლოდ IV კვარტალში „იმედმა“ 19 მილიონი ლარი მიიღო. ამ პერიოდში ტელევიზიების მიერ მიღებული კომერციული შემოსავალი ჯამურად 39.2 მილიონ ლარი იყო.   

2025 წელს 8.3 მილიონით გაიზარდა და 18.5 მილიონ ლარს გაუტოლდა „რუსთავი 2“-ის („მედია ჰოლდინგის“) კომერციული სარეკლამო შემოსავალიც.  

ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილმა ტელეკომპანიებმა: „ფორმულამ“ და „TV პირველმა“ კი გასულ წელს ჯამში 10 585 573 ლარის კომერციული სარეკლამო შემოსავალი მიიღეს, რაც 4-ჯერ ნაკლები იყო ვიდრე სამთავრობო ტელეკომპანია „იმედის“. 

ქართული სამთავრობო ტელევიზიები: POSTV და „იმედი“ დიდმა ბრიტანეთმა  2026 წლის თებერვალში დაასანქცირა. ორივე ტელევიზიის შემთხვევაში სანქციის მიზეზად რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ განზრახ გავრცელებული შეცდომაში შემყვანი ინფორმაციებია დასახელებული

 
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ