„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ ფოტოგრაფ ლევან ზაზაძეზე
თავდასხმის ფაქტს ეხმაურება
და თავდამსხმელის კანონის შესაბამისად დასჯას მოითხოვს.
ქარტიის შეფასებით, პოლიციის გულგრილი დამოკიდებულება მსგავსი დანაშაულების მიმართ ახალისებს ძალადობას - აგრესიული პირები ჟურნალისტებს იოლ სამიზნედ მიიჩნევენ.
„ეს ხდება იმ ფონზე, როცა პოლიცია გამორჩეულად მკაცრია სამოქალაქო აქტივისტების მიმართ და ახალგაზრდებს, რომლებიც მშვიდობიანად გამოხატავენ პროტესტს, დაუფიქრებლად ადებენ ხელბორკილებს და აპატიმრებენ.
ქარტია მოუწოდებს შსს-ს კანონის შესაბამისად დასაჯოს ჟურნალისტზე თავდამსხმელი და გამოიჩინოს ძალისხმევა ჟურნალისტებისთვის უსაფრთო სამუშაო გარემოს უზრუნველსაყოფად“, - აღნიშნულია ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადებაში.
ფოტოგრაფ ლევან ზაზაძეს თავს 6 ივნისს, „შაბათის მარშის“ დაწყებამდე დაესხნენ.
„გამოკითხვაზე ჯერ არ ვყოფილვარ, მივყავდით და მოგვაბრუნეს. მე და თამუნა გიორგაძე მივდიოდით, ვინც არის ერთ-ერთი დაზარალებული. გვითხრეს, რომ ჯერ ეს ადამიანი დაიკითხება და თქვენ მერე დაგიბარებთო.
„შაბათის მარშის“ მსვლელობა სანამ დაიწყებოდა, ჩემს ნაცნობებთან ერთად ვიდექი გზის გამყოფზე, ე.წ. კუნძულზე. ჩამოიარა ადამიანმა, რომელიც გვლანძღავდა, გვაგინებდა, მერე აქედან შევეპასუხეთ და გააჩერა თავისი სკუტერი, გადმოვიდა და დამარტყა, რასაც ჩხუბი მოჰყვა. შემდეგ მოვიდა პოლიცია, განარიდეს ეს ადამიანი, მეც. ის წაიყვანეს დაკითხვაზე, ჩვენც მივყავდით და ჩამოგვსვეს, აღარ მიგვიყვანეს განყოფილებაში და გვითხრეს, რომ დაგირეკავთო.
წინა კვირასაც იყო ეს ადამიანი, დარწმუნებული არ ვარ, რომ ის იყო, მაგრამ მსგავსი აღნაგობა, ხმა, სკუტერი, კურიერის ჩანთა მახსოვს, ფოტოც მაქვს გადაღებული, ზურგითაა, ადვილია ამოცნობა. იგივენაირად წინა შაბათსაც ჩაგვიარა, ასე გვლანძღა, გვაგინა და წავიდა. იგივე დროს, იგივე ადგილას“, - განაცხადა ზაზაძემ „მედიაჩეკერთან“ საუბრისას თავდასხმის შემდეგ.
გამოცემას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის
126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

