კომუნიკაციების კომისიამ პროსამთავრობო „პოსტვ“-ი მის მიერ ჩატარებული
მედიამონიტორინგის საფუძველზე, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის იმ
მუხლების დარღვევისთვის, რომელიც შინაარსობრივ რეგულირებას შეეხება, 2
500 ლარით
დააჯარიმა.
კომისიამ „პოსტვ“-ის მიერ „მაუწყებლობის შესახებ“
კანონის შესაძლო დარღვევის საკითხზე 30 ივლისის სხდომაზე
იმსჯელა,
გადაწყვეტილება კი დღეს, 6 აგვისტოს გამოაცხადა.
ამ სხდომის მიმდინარეობისას ცნობილი გახდა, რომ მედიამომსახურებების
რეგულირების დეპარტამენტმა, პერიოდული მონიტორინგის ფარგლებში,
პროსამთავრობო „პოსტვ“-ის ეთერში 22-23 ივნისს ახალი ამბების
პროგრამებში კანონით დადგენილი მოთხოვნების დაცვის საკითხი შეამოწმა
და 2 შესაძლო სამართალდარღევა გამოავლინა.
საკითხის მოხსენებისას თამარ გოშუამ თქვა, რომ 22 ივნისის საინფორმაციო გამოშვების სიუჟეტში, სახელწოდებით „ოპოზიციის კრიზისი“, გაჟღერდა, თითქოს, „ნაციონალური მოძრაობა“ ოპოზიციური ალიანსიდან გარიცხეს. მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის შეფასებით, ინფორმაცია არაჯეროვანი სიზუსტით გადაიცა, „ვინაიდან მაყურებელს შესაძლოა შეუქმნას მცდარი წარმოდგენა მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ“ და დაირღვა 52-ე მუხლის - „ფაქტის ჯეროვანი სიზუსტე და პასუხის უფლება“ პირველი და მეორე პუნქტები.
23 ივნისის საინფორმაციო გამოშვების სიუჟეტში - „ნანუკა ჟორჟოლიანი სუვერენიტეტის წინააღმდეგ“ კი, მომხსენებლის თქმით, წამყვანი/ჟურნალისტის მიერ გაჟღერებული ინფორმაცია წარმოადგენს მათ შეფასებას და ინტერპრეტაციას, რომელიც ნანუკა ჟორჟოლიანის განცხადებიდან არ გამომდინარეობს:
„მოცემულ შემთხვევაში მაუწყებლის წამყვანი/ჟურნალისტის მიერ წარმოთქმული ფრაზები, მაგალითად: „წუხს“, „არ მოსწონს“, „გაუგებარია“ და ა.შ. მათი კონტექსტის, გავრცელების ფორმის, შინაარსის და ინტენსივობის გათვალისწინებით წარმოადგენს სწორედ მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე ახალი ამბების გაშუქებას. გასათვალისწინებელია, რომ მაუწყებლის წამყვანი/ჟურნალისტის მიერ წარმოთქმული სადაო ფრაზები გამოხატულია, როგორც მათი საკუთარი მოსაზრებები და არა მესამე პირების შეფასება“.
შესაბამისად, დეპარტამენტმა მიიჩნია, რომ „პოსტვ“-მა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის 54-ე მუხლის - „სამართლიანობა და მიუკერძოებლობა“ მე-5 პუნქტი დაარღვია.
30 ივლისის სხდომას ესწრებოდა „პოსტვ“-ის წარმომადგენელიც, მისი განმარტებით, „პირველ სიუჟეტთან დაკავშირებით ადგილი ჰქონდა ტექნიკურ შეცდომას“, რადგან ჟურნალისტს სიტყვა „საუბრების“ შესახებ გამორჩა. მეორე სიუჟეტთან დაკავშირებით კი, ნინო ელოშვილმა თქვა, რომ „გააკეთა რეალურად პერიფრაზირება ჟურნალისტმა და ამ შემთხვევაშიც მიგვაჩნია, რომ ჟურნალისტის მხრიდან არ ყოფილა მოსაზრების დაფიქსირება, არამედ ეს იყო საჯაროდ, ასე ვთქვათ, დაფიქსირებული გარემოების შეჯამებასავით პერიფრაზირება…“
საკითხის განხილვის დასასრულს თქვეს, რომ წარდგენილი იყო მტკიცებულებები, მედიამასალებს კომისია გაეცნობოდა და გადაწყვეტილებას ერთ კვირაში გამოაცხადებდა.
კომუნიკაციების კომისიამ მედიამომსახურებების
რეგულირების დეპარტამენტის მიერ ჩატარებული მედიამონიტორინგის
საფუძველზე, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის იმ მუხლების
დარღვევისთვის, რომელიც შინაარსობრივ რეგულირებას შეეხება, აპრილში
„პოსტვ“-ი, „იმედი“, „TV პირველი“ და „ფორმულა“ წერილობით გააფრთხილა.
მას შემდეგ კი ერთხელ - 2 500 ლარით დააჯარიმა „TV პირველი“, ხოლო
ორჯერ: 2 500 და 5 000 ლარით - ტელეკომპანია „ფორმულა“.
მაგალითად, „ფორმულა“ 5 000 ლარით დააჯარიმეს,
რადგან ახალი ამბების პროგრამაში საკითხის მაუწყებლის პირადი
დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე გაშუქებად
ჩაუთვალეს სადავო სიუჟეტებში ისეთი ფრაზების
სისტემატურად გამოყენება, როგორიცაა, მაგალითად: „ოცნების
ხელისუფლება“, „ქართული ოცნების პრეზიდენტი“, „ოცნების პროკურატურა“,
„ოცნების პრემიერი“, „ოცნების საგარეო საქმეთა სამინისტრო“,
„რეპრესიული კანონონები“, „ოცნების რეჟიმის რეპრესიები“.
ისეთი ტერმინების გამოყენებისთვის, როგორებიცაა:
„სინდისის პატიმრები“, „ოცნების გამოძიების“, „ოლიგარქი“, „სინდისისა
და პოლიტპატიმრების“, „არარსებული დანაშაული“ და სხვ. 2500 ლარით
დააჯარიმეს „TV პირველიც“.
გაფრთხილების შემდეგ, კომისიას არ განუხილავს პროსამთავრობო ტელეკომპანია „იმედის“ მიერ კანონმდებლობის ამავე საფუძვლით შესაძლო დარღვევის საკითხი.
როგორ არჩევს მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტი პერიოდული მონიტორინგის ფარგლებში დასამონიტორინგებელ მაუწყებლებს და ჩატარდა თუ არა, „ფორმულასა“ და „TV პირველის“ გარდა, სხვა ტელეკომპანიების მონიტორინგი? - „მედიაჩეკერის“ ამ კითხვებს კომისიიდან 17 ივლისს წერილობით უპასუხეს, რომ „კომუნიკაციების კომისია სისტემატურად მონიტორინგს ახორციელებს 6 ყველაზე ყურებად არხზე, მათ შორის მონიტორინგდება „იმედი“, „რუსთავი 2“, „პოსტვ“, „ტვ პირველი“, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი და „ფორმულა“. გარდა ამისა, კომისია პერიოდულად ამოწმებს ასევე სხვა მაუწყებლებსაც, მაგალითად „პალიტრა“, BMG, კავკასია.
აპრილის შემდეგ, კომისიის სისტემატური მონიტორინგის ფარგლებში, „ფორმულას“ და „ტვ პირველის“ გარდა განხორციელდა სხვა არხების მონიტორინგიც, ბოლო მონიტორინგის შედეგად „პოსტვ“-ის შესაძლო დარღვევის საკითხი კომისიაში ჩანიშნულია 23 ივლისს. ხაზგასასმელია, რომ კომუნიკაციების კომისია თანამშრომლობს მაუწყებლებთან საკანონმდებლო მოთხოვნების განმარტების მიმართულებით, მათ შორის აღნიშნულ რეგულაციებთან დაკავშირებით შედგა სამუშაო შეხვედრები „ტვ პირველის“ წარმომადგენლებთან. აღსანიშნავია, რომ რეგულაციების ამოქმედების შემდეგ, ყველა მაუწყებლის შემთხვევაში, რომელიც სისტემატურად მონიტორინგდება, დარღვევების რაოდენობა შემცირებულია. გამონაკლისი არის მხოლოდ ტელეკომპანია „ფორმულა“, რომლის შემთხვევაშიც დარღვევები არ შემცირებულა. აქვე აღვნიშნავთ, რომ „ფორმულამ“ გამოთქვა კომისიასთან სამუშაო შეხვედრის სურვილი, რაზეც თანხმობა განვაცხადეთ, თუმცა შეხვედრა ამ დრომდე არ შემდგარა“.
კომუნიკაციების კომისიამ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონითა და „მაუწყებელთა ქცევის კოდექსით“ დადგენილი ნორმების პრაქტიკაში ამოქმედება, „რათა მაუწყებელთა ობიექტურობა სათანადო პროცედურის საფუძველზე და მაღალი სამართლებრივი სტანდარტით შეფასდეს“, 6 მარტს, ბრიტანეთის მიერ სამთავრობო ტელეკომპანიების: „იმედისა“ და „პოსტვ“-ის დასანქცირების შემდეგ, დააანონსა. აპრილში კი, ComCom-მა მის მიერ ჩატარებული მედიამონიტორინგის საფუძველზე, შინაარსობრივი რეგულირების საკითხების: მიუკერძოებლობა, ბალანსი, პირადი დამოკიდებულების/მოსაზრების საფუძველზე გაშუქება, ფაქტის ჯეროვანი სიზუსტე, დარღვევაზე პირველად იმსჯელა.
ComCom-ს თვითრეგულირების სფეროში მოქცეული საკითხების
განხილვისა და მაუწყებლების დასანქცირების შესაძლებლობა გასული წლის
გაზაფხულზე, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესული ცვლილებებით
მიეცა.
კომუნიკაციების კომისიას 29 იანვრიდან ახალი თავმჯდომარე - გოგა
გულორდავა ჰყავს. მან 2025 წელს, სამთავრობო ტელეკომპანია „იმედიდან“
ხელფასის სახით (ხელზე ასაღები) 166 428 ლარი
აიღო. გულორდავა „იმედში“ 2023 წლიდან მუშაობდა, ის
მონიტორიგის და აუდიტის ხელმძღვანელი იყო.
კომისიამდე, 2020 წლიდან გოგა გულორდავა მუშაობდა სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაშიც“. ის 2016-2020 წლებში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატი იყო, 2013-2016 წლებში კი - წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებელი.
აპრილში კომუნიკაციების კომისიის წევრი გახდა „იმედის“ იურიდიული დეპარტამენტის უფროსიც, ანი ვაზაგაშვილი. ის ტელეკომპანია „მაესტროს“ იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელიც იყო. 2024 წლამდე, ამ ტელევიზიებში მუშაობის დაწყებამდე, ვაზაგაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ადმინისტრაციული საქმისწარმოების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი/იურისტი იყო.
გოგა გულორდავასა და ანი ვაზაგაშვილის გარდა, კომუნიკაციების კომისიის წევრები არიან: ნათია კუკულაძე, ეკატერინე იმედაძე და ივანე მახარაძე.

