(ფოტო: ლევან ზაზაძე)
საზოგადოებრივმა მაუწყებელმა დამოუკიდებელი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი,
თეონა ჭალიძე „საქართველოს რადიოს“ დღევანდელი, წინასწარ შეთანხმებული
გადაცემიდან ჩახსნა და „ღია სტუდია“ ეთერში არ გასულა. მისი თქმით,
თითქმის სტუდიასთან მისული, შენობიდან უკან გამოუშვეს. ჭალიძე მანამდე
„პირველ არხთან“ მიმდინარე პატიმარ გიორგი დავითაძის მხარდამჭერ
აქციაზე იმყოფებოდა და საპროტესტო ბანერი ტელევიზიის ეზოშიც
გაშალა.
როგორც ის ჰყვება, საზოგადოებრივი მაუწყებლის რადიოს გადაცემაში დავით პაიჭაძესთან სტუმრობა ჯერ კიდევ გუშინ შეთანხმდა და მასში საუბარი პენიტენციურ სისტემაში მიმდინარე და არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით უნდა ყოფილიყო. ჭალიძის თქმით, დღეს ის გიორგი დავითაძის მხარდამჭერ აქციაზე სპეციალურ პენიტენციურ სამსახურთანაც იმყოფებოდა, სადაც სპონტანურად საზოგადოებრივ მაუწყებელთან მისვლა და პირდაპირი ეთერის მოთხოვნა გადაწყდა.
„გამოვყევი ამ მსვლელობას. დათქმულ დროს შევედი შენობაში, რადგან საზოგადოებრივი მაუწყებლის რადიოგადაცემის ეთერში უნდა ვყოფილიყავი სტუმრად. შესასვლელთან, ეზოში, დაუგეგმავად და სპონტანურად გამოვიყენე ჩემი უფლება და საზოგადოებრივი მაუწყებლის ლოგოსთან გავშალე პლაკატები - „არა წამებას!“ და „დაუთმეთ ეთერი პატიმრების მშობლებს“.
შიგნით შესულს, ფოიეში შემომხვდა ვასილ მაღლაფერიძე, რომელთანაც 5-7-წუთიანი საუბარი მქონდა. დეტალურად მოვახსენე, თუ რა ხდება გარეთ, რა მოთხოვნები აქვთ არამარტო გიორგი დავითაძის მშობლებს, არამედ ზოგადად პოლიტპატიმრების მშობლებს. რატომ ითხოვენ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერს და მას ვთხოვე, იქნებ, მინიმუმ რამედ ჩააგდოთ ეს ადამიანები, გახვიდეთ, შემოიყვანოთ, მოუსმინოთ და თუნდაც გაესაუბროთ-მეთქი. რა თქმა უნდა, მაღლაფერიძეს თავის მოსაზრებები ჰქონდა და მითხრა, რომ არ აპირებს აქციების ორგანიზატორებთან რაიმე კომუნიკაციას, ან აქციებით დაყენებული მოთხოვნების შესრულებას. ბოლოს, რომ დავასრულეთ საუბარი, რამდენიმე ნაბიჯი გადადგა და გადაცემის პროდიუსერს უთხრა: „აქციას გიწყობს და ეთერში იწვევ?“
ამის შემდეგ დამიბრუნეს პირადობის მოწმობა, რომელიც საშვისთვის გამომართვეს, გამომიცხადეს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის რადიოგადაცემაში სტუმრად დაბლოკილი ვარ და გამომიშვეს უკან. დაგეგმილი გადაცემა რამდენიმე წუთით ადრე ჩახსნეს - ასე იცავენ ისინი თავისუფალი მედიისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის პრინციპებს“, - ამბობს თეონა ჭალიძე ჩვენთან საუბრისას.
„მედიაჩეკერი“ საზოგადოებრივი მაუწყებლის რადიოს იმ გადაცემის წამყვანსაც დაუკავშირდა, ვისი სტუმარიც თეონა ჭალიძე უნდა ყოფილიყო. დავით პაიჭაძეს ვკითხეთ, რა დაუსახელეს დღევანდელი ეთერის გაუქმების მიზეზად და როგორია მისი დამოკიდებულება მომხდარის მიმართ.
პაიჭაძის თქმით, ის ჯერ ტელევიზიაში მისულიც არ იყო, როდესაც დაურეკეს და უთხრეს, რომ გადაცემა ჩაიხსნა და უკან დაბრუნებულიყო.
„მიზეზად აქცია დაასახელეს. მეც აღარ მივედი ტელევიზიაში და დავბრუნდი სახლში. აქამდე ასეთი რამე არ მომხდარა.
ჩემთან შეუთანხმებლად რომ ჩახსნეს გადაცემა, ამასთან დაკავშირებით გეტყვით, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი არ უყურებს საკითხს ასე, რომ ჟურნალისტებს საკუთარი გადაცემა აქვთ. ასეთი მიდგომაა, რომ ეს არის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა და შენ ხარ ამ არხის ჟურნალისტი. ამ გადაცემას რამდენიმე წამყვანი ჰყავს და მე ერთ-ერთი ვარ. ეს არ არის ჩემი საავტორო გადაცემა.
დღეს გადაცემის გაუქმების გადაწყვეტილება, ალბათ, ხელმძღვანელობამ მიიღო. მე რომ არ მიმიღია, ეგ ზუსტად ვიცი და ისიც ზუსტად ვიცი, რომ ამ თემატიკას მე არ დავეხსნები, არ გაკეთდა დღეს, გაკეთდება მერე.
ჩემთვის, როგორც ჟურნალისტისთვის, არ წარმოადგენს პრობლემას, რომ გადაცემის სტუმარი მანამდე საზოგადოებრივ მაუწყებელთან გამართულ აქციაზე იყო.
მე მგონია, საზოგადოებრივი მაუწყებლის დანიშნულება სწორედ ის არის, რომ ყველა ფენამ და ინტერესთა ჯგუფმა შეძლოს მაუწყებლის ეთერში საკუთარი შეხედულებების გამოთქმა. ეს ხალხი მოვიდა ლეგიტიმური პროტესტით. საზოგადოებრივ მაუწყებელში არ უწამებიათ ის ადამიანი, მაგრამ თუ ვინმემ ხმა უნდა გაიღოს ამაზე, არამარტო ოპოზიციურმა მედიებმა… დღევანდელ გადაცემაში მე ვაპირებდი, რომ თეონა ჭალიძესთან მესაუბრა პენიტენციურ სისტემაში არსებულ პრობლემებზე, ადამიანის უფლებათა სხვა დარღვევებსა და ცხადია, ამ უკანასკნელ გახმაურებულ შემთხვევაზე“, - თქვა დავით პაიჭაძემ.
„მედიაჩეკერმა“ სცადა საზოგადოებრივი მაუწყებლის პრესსამსახურთან და ვასილ მაღლაფერიძესთან დაკავშირებაც. მათგან პასუხის მიღების შემთხვევაში, მასალა შესაბამისად განახლდება. ვასილ მაღლაფერიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარეა.
მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის ოჯახის წევრებმა და მხარდამჭერებმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან აქცია პირდაპირი ეთერის დათმობის მოთხოვნით გამართეს. დავითაძის მამამ, ავთანდილ დავითაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორს, თინათინ ბერძენიშვილს შესაბამისი განცხადებითაც მიმართა. გიორგი დავითაძე ამბობს, რომ რუსთავის N6 პენიტენციური დაწესებულების დეესკალაციის ოთახში მასზე სექსუალურად იძალადეს.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საზოგადოებრივ მაუწყებელთან აქცია მსგავსი მოთხოვნით გაიმართა. „პირველი არხისგან“ პირდაპირი ეთერის დათმობას თვეებია ითხოვენ სინდისის პატიმრების ოჯახის წევრებიც.

