კომუნიკაციების კომისიამ „ფორმულა“ 10 000 ლარით დააჯარიმა
01.10.2026


კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანია „ფორმულა“ მის მიერ ჩატარებული მედიამონიტორინგის საფუძველზე, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის იმ მუხლის დარღვევისთვის, რომელიც შინაარსობრივ რეგულირებას შეეხება, მესამედ, ამჯერად 10 000 ლარით დააჯარიმა.   



მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტმა „ფორმულას“ ეთერში, შერჩევითი წესით, 14-16 სექტემბერს გასული ახალი ამბების პროგრამები დაამონიტორინდა და მიიჩნია, რომ ტელეკომპანიამ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის 54-ე მუხლის - „სამართლიანობა და მიუკერძოებლობა“ მე-5 პუნქტი ისევ დაარღვია. 

„ფორმულას“ ახალი ამბების პროგრამაში საკითხის მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე გაშუქებად ჩაუთვალეს სადავო სიუჟეტებში ისეთი ფრაზების სისტემატურად გამოყენება, როგორებიცაა: „ოცნების პრემიერი“, „ქართული ოცნების სუსი“, „ოცნების პარლამენტი“, „ივანიშვილის პრემიერი“, „ოცნების ფინანსთა სამინისტრო“, „ქართული ოცნების პრეზიდენტი“. მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის დასაბუთებით, ეს ფრაზები „სახელმწიფო ორგანოების/ინსტიტუციების საქმიანობის მიმართ მაუწყებლის მოსაზრებისა და პირადი დამოკიდებულების გამოხატვას წარმოადგენს“. 

                                                             

„მაუწყებლობის შესახებ“ კანონით, „მედიამომსახურების ან ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის მეორედ დაჯარიმების შემდეგ მის მიერ დენადი ხასიათის დარღვევის გაგრძელების ან/და მეორედ დაჯარიმების შემდეგ, მაგრამ პირველი დაჯარიმებიდან 1 წლის განმავლობაში, ყოველი ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევს დააკისროს ჯარიმა არაუმეტეს მისი წლიური შემოსავლის 3%-ისა, მაგრამ არანაკლებ 10 000 ლარისა, ან დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ლიცენზიის მოქმედების შესაჩერებლად/ ავტორიზაციის შესაჩერებლად“. 

                                                             

კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანია „ფორმულა“ მსგავსი ფრაზებით ახალი ამბების პროგრამაში საკითხის მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე გაშუქებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა ივლისში, 2 500 ლარით - მაისში, აპრილში კი, „TV პირველთან“, Postv-ისა და „იმედთან“ ერთად, წერილობით გააფრთხილა. 

„მაუწყებლობის შესახებ“ კანონის იმ მუხლების დარღვევისთვის, რომელიც შინაარსობრივ რეგულირებას შეეხება, 2 500 და 5 000 ლარით დააჯარიმეს „TV პირველიც“, ერთხელ, 2 500 ლარით - „პოსტვ“-ი. ComCom-მა სექტემბერში, ახალი ამბების პირადი დამოკიდებულების/მოსაზრებების საფუძველზე გაშუქებისთვის წერილობით გააფრთხილა „რუსთავი 2“-იც. 

                                                             

კომუნიკაციების კომისიამ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონითა და „მაუწყებელთა ქცევის კოდექსით“ დადგენილი ნორმების პრაქტიკაში ამოქმედება, „რათა მაუწყებელთა ობიექტურობა სათანადო პროცედურის საფუძველზე და მაღალი სამართლებრივი სტანდარტით შეფასდეს“, 6 მარტს, ბრიტანეთის მიერ სამთავრობო ტელეკომპანიების: „იმედისა“ და „პოსტვ“-ის დასანქცირების შემდეგ, დააანონსა. ComCom-ს თვითრეგულირების სფეროში მოქცეული საკითხების განხილვისა და მაუწყებლების დასანქცირების შესაძლებლობა გასული წლის გაზაფხულზე, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესული ცვლილებებით მიეცა.
                                                                                         
კომუნიკაციების კომისიას 29 იანვრიდან ახალი თავმჯდომარე - გოგა გულორდავა ჰყავს. მან 2025 წელს, სამთავრობო ტელეკომპანია „იმედიდან“ ხელფასის სახით (ხელზე ასაღები) 166 428 ლარი აიღო. გულორდავა „იმედში“ 2023 წლიდან მუშაობდა, ის მონიტორიგის და აუდიტის ხელმძღვანელი იყო.

კომისიამდე, 2020 წლიდან გოგა გულორდავა მუშაობდა სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაშიც“. ის 2016-2020 წლებში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატი იყო, 2013-2016 წლებში კი - წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებელი. 

აპრილში კომუნიკაციების კომისიის წევრი გახდა „იმედის“ იურიდიული დეპარტამენტის უფროსიც, ანი ვაზაგაშვილი. ის ტელეკომპანია „მაესტროს“ იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელიც იყო. ვაზაგაშვილმა 2025 წელს სამთავრობო ტელეკომპანია „იმედიდან“ ხელფასის სახით (ხელზე ასაღები) 61 571.6 ლარი აიღო, „მაესტროდან“ კი - 6 030 ლარი. 2024 წლამდე, ამ ტელევიზიებში მუშაობის დაწყებამდე, ის შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ადმინისტრაციული საქმისწარმოების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი/იურისტი იყო. 

გოგა გულორდავასა და ანი ვაზაგაშვილის გარდა, კომუნიკაციების კომისიის წევრები არიან: ნათია კუკულაძე, ეკატერინე იმედაძე და ივანე მახარაძე. 



კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ