ჟურნალისტები ადასტურებენ, 13 სექტემბერს გაჟონილ ჩანაწერებში მათი საუბარიცაა
14.09.2021
ჟურნალისტების ნაწილი ადასტურებს, რომ 13 სექტემბერს, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან, გამოჟონილ ჩანაწერებში მათი საუბრებიცაა. ისინი აპირებენ, საგამოძიებო ორგანოებს მიმართონ.

რა მოხდა?

ტელეკომპანია „მთავარის“ წამყვანი ეკა კვესიტაძე ერთ-ერთია მათ შორის, ვინც ამბობს, რომ 13 სექტემბერს გავრცელებულ მასალებში მისი მიმოწერაც იძებნება.

„ფეისბუქის მიმოწერიდან არის ძალიან ბევრი რამე. მათ შორის ისიც - როგორ მომილოცა დაბადების დღე მელქისედეკმა. ასევე ჩემი ნინია კაკაბაძის მიმოწერა - სადაც ნინიას ვეუბნები, რომ არ ვიცნობ პეტრე ცაავას და მასთან შეხვედრა მაინტერესებს მეთქი. ანუ, რასაც ფეისბუკ ინბოქსში ვწერთ მეგობრებო, ყველაფერი სუსმა იცის.“, - ამბობს ჟურნალისტი. ის იურიდიულ კონსულტაციებს გადის და აპირებს საქმესთან დაკავშირებით საგამოძიებო ორგანოებს მიმართოს.

ჟურნალისტებს გამოძიების დაწყების მოთხოვნით საგამოძიებო ორგანოებისთვის წერილობითი მიმართვისკენ მოუწოდებს იურისტი სულხან სალაძე.

„ კარგად ვიცი, რომ არავინ გამოიძიებს და ისიც კარგად ვიცი, რომ გამოძიების დაწყების ვალდებულება ინფორმაციის გავრცელების მომენტიდან ისედაც არსებობობდა, მაგრამ ამ მარაზმის დასრულება თუ გვინდა ეს მოჯადოებული წრე უნდა დაირღვეს. ჯერ ქვეყნის შიდა მართლმსაჯულების ინსტიტუტების გამოყენების ცდა და მერე საერთაშორისო მექანიზმები”, - წერს სულხან სალაძე "ფეისბუქზე".

ეკა კვესიტაძე ამბობს, რომ არც მას აქვს ამ საქმის გამოძიების მოლოდინი, თუმცა პრეცედენტები უნდა შეიქმნასო. „ყველამ უნდა მივმართოთ და რაღაც დროს შეიძლება სტრასბურგშიც წავიდეს ეს საქმეო“,-გვეუბნება კვესიტაძე.

კონტექსტი

13 სექტემბერს სხვადასხვა მედიასაშუალებას ელექტრონულ ფოსტაზე „ჰაკიმ ფაშას“ სახელით მიუვიდა ბმული სახელწოდებით, “სუსის კომპრომატი საპატრიარქოს წინააღმდეგ“.

ღია წყაროზე ატვირთულ ფაილებში, სავარაუდოდ, სასულიერო პირების პირადი ცხოვრების შესახებ წერილობითი დეტალებია ასახული. მასალების ავთენტურობა დადასტურებული არ არის.

მედიასაშუალებების მიერ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე საქართველოს პროკურატურამ გამოძიება კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე დაიწყო.

"იმ მედიასაშუალებებს, რომლებსაც გააჩნიათ აღნიშნული მასალა, მოვუწოდებთ ამჯერად მაინც ითანამშრომლონ გამოძიებასთან და მოგვაწოდონ მათ ხელთ არსებული მტკიცებულებები", - წერია პროკურატურის გავრცელებულ განცხადებაში.

ჟურნალისტები გაჟონილ ფაილებში

ტელეკომპანია „მთავარის“ დირექტორი ნიკა გვარამია ამბობს, რომ გაჟონილ ფაილებში მისი და მისი ჟურნალისტების „ვოტსაპში“ საუბარი ამოიცნო.

„ჩემს ნაწილში, ყველაზე ამაზრზენი ჩემი და დეკანოზ მამალაძის სატელეფონო საუბრის კრებსია - ანუ, ადვოკატის და კლიენტის ურთიერთობა, რომელიც ფარულობის სრული პრივილეგიითაა კანონმდებლობით დაცული.“, - წერს გვარამია.

ამავე აპლიკაციაში მისი რესპონდენტთან საუბარი ამოიცნო „ტვ პირველის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ნოდარ მელაძემაც. მელაძე წერს, რომ გაჟონილ მასალებში მისი შვილების შესახებ ნათლობის დეტალებიც იძებნება.



2014 და 2020 წლით დათარიღებულ ფაილებში საკუთარი სახელი ნახა „ფორმულას“ ჟურნალისტმა ვახო სანაიამ.

„მე, ჟიჟი [ნინო ჟიჟილაშვილი], ჩვენი პროდიუსერები და ჟურნალისტები სრული შემადგენლობის სუსის ანგარიშებში. ვინ დავპატიჟეთ გადაცემებში, ვის რა უთხრეს პროდიუსერებმა და ვის რა უპასუხეს“, - წერს სანაია.

13 სექტემბერს გაჟონილ მასალებში თავიანთი საუბრების ამოცნობა დაადასტურეს „ტაბულას“ რედაქტორმა ლევან სუთიძემ და On.ge-ს ყოფილმა რედაქტორმა და „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტმა გელა ბოჩიკაშვილმაც.

ავტორი : მედიაჩეკერი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ