სამმა არასამთავრობო ორგანიზაციამ წინასაარჩევნო მედიაგარემო შეაფასა
01.10.2021
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, სამართლიანი არჩევნებმა და საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ წინასაარჩევნო გარემო შეაფასეს. ორგანიზაციების განცხადებით, მედიაზე ზეწოლა გაძლიერებულია და ჟურნალისტებისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს არსებობა კვლავ გამოწვევად რჩება.

გამოქვეყნებულ ანგარიშში წერია, რომ 5 ივლისის მოვლენების შემდეგ, როდესაც ძალადობრივი ჯგუფები მედიის 50-ზე მეტ წარმომადგენელს ფიზიკურად გაუსწორდნენ და უკანონოდ ხელი შეუშალეს პროფესიულ საქმიანობაში, „ტვ პირველის” ოპერატორი - ლექსო ლაშქარავა კი, გარდაიცვალა, კიდევ უფრო გახშირდა ჟურნალისტების მიმართ ძალადობისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტები.

“ერთის მხრივ, სამართალდამცავი ორგანოების უმოქმედობა - უზრუნველყონ უსაფრთხო სამუშაო გარემო მედიის წარმომადგენლებისთვის და, მეორე მხრივ, აგრესიული რიტორიკისა და სიძულვილის ენის შემცველი განცხადებები, კიდევ უფრო მეტად ახალისებს მედიის წარმომადგენლების მიმართ ძალადობას და უარყოფითად აისახება მედიაგარემოზე”, - ნათქვამია ანგარიშში.

ორგანიზაციების შეფასებით, წელს ეროვნული სამაუწყებლო მედია წინა წლებზე მეტად პოლარიზებულია და ეს საკითხი კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება იმ ფონზე, რომ მოსახლეობის უმრავლესობა ინფორმაციის მიღების პირველწყაროდ სწორედ ტელევიზიას ასახელებს.

ანგარიშში წერია, რომ სისხლიანი ბანერების გამოფენა, რომლებზეც, ოპოზიციონერ პოლიტიკოსებთან ერთად, გამოსახულნი იყვნენ კრიტიკული მედიასაშუალებების წარმომადგენლები, ხელს უწყობს პოლარიზაციას და ახალისებს მედიასაშუალებებისა და ჟურნალისტების მიმართ ძალადობას.

დაკვირვებით, წინასაარჩევნო პერიოდში მოვლენების გაშუქებისას, ტელეკომპანია „იმედის“ ნარატივები ემთხვეოდა „ქართული ოცნების“ გზავნილებს. „TV პირველსა“ და „მთავარ არხზე“ კი, იკვეთებოდა სუბიექტური დამოკიდებულება ოპოზიციური საარჩევნო სუბიექტების ნაწილის მიმართ.

“წინა წელთან შედარებით, აღსანიშნავია „რუსთავი 2-ის“ ტრანსფორმაცია. თუ წინა წელს მაუწყებელი მეტ-ნაკლებად კრიტიკული იყო ხელისუფლების მიმართ, წინასაარჩევნო პერიოდში, მაქსიმალურ კომფორტს უქმნიდა მმართველ პარტიას. წინა წლის მსგავსად, ხელისუფლების მიმართ ლოიალურ სარედაქციო პოლიტიკას ინარჩუნებს საზო­გადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი”.

ანგარიშში საუბარია ცესკოს მიერ ჩატარებულ მედიამონიტორინგზეც. ორგანიზაციები ამბობენ, რომ არსებობს რისკი, რომ მონიტორინგის შედეგები გამოყენებული იყოს მედიის რეგულირების მიზნით.

კომუნიკაციების კომისიის მიერ ჩატარებულ მაუწყებლების თვისობრივ მონიტორინგზე კი ნათქვამია, რომ მარეგულირებელს ამის ვალდებულება კანონით არ გააჩნია და შესაძლოა, ეს იყოს კომისიის კიდევ ერთი მცდელობა ჩაერიოს მედიის შინაარსში.

ავტორი : მედიაჩეკერი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ