სასაამართლომ ნიკა გვარამიას პატიმრობა მიუსაჯა - საქმის დეტალები და შეფასებები
16.05.2022
სასაამართლომ ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მედიის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების შეფასებით, გვარამიას საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია.


რა ხდება

16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ „მთავარი არხის” დირექტორ ნიკა გვარამიას „რუსთავი 2-ის“ საქმეზე 3 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

  • დარჩით "მთავარზე" და მოიპოვეთ ჩვენთან ერთად თავისუფლება! - დაწერა ნიკა გვარამიამ ფეისბუკის პირად გვერდზე სასამართლო დარბაზიდან, დაპატიმრებამდე რამდენიმე წუთით ადრე.

ნიკა გვარამიას რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში უკვე გადაიყვანეს.

განაჩენის გამოცხადების შემდეგ, ნიკა გვარამიას ადვოკატმა დიტო საძაგლიშვილმა თქვა, რომ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ, თუმცა, არც სააპელაციო სასამართლოსგან აქვთ მიუკერძოებელი განაჩენის გამოტანის იმედი:

  • „ესენი ხომ არ იღებენ გადაწყვეტილებას, არამედ - აჟღერებენ. როგორც ჩხიკვაძეს დღეს არ ეყო არანაირი ღირსება, დამოუკიდებლობა და გააჟღერა ბიძინა ივანიშვილის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, იგივე იქნება ზედა ინსტანციებშიც, მაგრამ ჩვენ, ცხადია, სამართლებრივად მაინც მოგვიწევს შესაბამისი ნაიჯების გადადგმა.”

რას ედავებოდა პროკურატურა გვარამიას

ნიკა გვარამიას წინააღმდეგ სადავო საქმე „რუსთავი 2-ის“ დირექტორობის პერიოდში მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს ეხება.

  • საქართველოს პროკურატურამ ნიკა გვარამიას ბრალი 2019 წლის 9 აგვისტოს, სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით წარუდგინა.
  • “რუსთავი 2-ის” ყოფილ დირექტორს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას, ტელევიზიის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისებას და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვას და ორგანიზაციის ინტერესის საწინააღმდეგოდ მოქმედებას ედავებოდა, რითაც მაუწყებელს 7 მილიონ ლარამდე ზარალი მიადგა.
  • საქმე ეხება 2015 წელს, სარეკლამო კომპანია „ინტერ მედია პლიუსთან“ გაფორმებულ ხელშეკრულებას.
  • ამავე საქმეზე გვარამიასთან ერთად ბრალი წარედგინათ მაუწყებლის ყოფილ ფინანსურ დირექტორს კახაბერ დამენიასა და “ინტერ მედია პლიუსის” დირექტორ ზურაბ იაშვილს.
  • ნიკა გვარამიას წინააღმდეგ გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც 2019 წლის 16 ივლისს „რუსთავი 2-ის“ 9%-იანი წილის ყოფილმა მფლობელმა, ნინო ნიჟარაძემ მის წინააღმდეგ პროკურატურაში საჩივარი შეიტანა.

საქმის დეტალები ვრცლად: “რუსთავი 2-ის” ყოფილ დირექტორს პროკურატურამ ბრალი წაუყენა


განაჩენი

  • თბილისის საქალაქო სასამართლომ გვარამია დამნაშავედ ცნო „რუსთავი 2-სთვის“ 7 მილიონი ლარის ზიანის მიყენების ფაქტზე.
  • ამ ნაწილში, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, თუმცა არ დაეთანხმა ბრალდების მხარის შეფასებას ჩადენილი დანაშაულის სამართლებრივ კვალიფიკაციაში, რის გამოც გვარამიას ქმედება დაკვალიფიცირდა სამეწარმეო ორგანიზაციაში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებად, სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით, ნაცვლად ამავე კოდექსის 182-ე მუხლისა.
  • ამ ნაწილში, გვარამიას სასჯელის ზომად დაეკისრა 50 000 ლარის ოდენობით ჯარიმა
  • სასამართლომ ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნო სამეწარმეო ორგანიზაციაში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.
  • სხვა ყველა წარდგენილ ბრალდებაში კი გვარამია გამართლდა
  • პროკურატურის განცხადებით, სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
  • განაჩენამდე, სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას, ნიკა გვარამიას აღკვეთის ზომად 40 000 ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული.
  • 2022 წლის 11 მაისს საქმის განხილვა კახაბერ დამენიასა და ზურაბ იაშვილის საქმეზე დასრულდა და მათ სასამართლომ 50 000 ლარის ოდენობით გირაოები შეუფარდათ.

ვინ გაასამართლა გვარამია

  • ნიკა გვარამიას პატიმრობა მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ მიუსაჯა
  • 2021 წლის 15 დეკემბერს გვარამიამ ლაშა ჩხიკვაძის აცილება მოითხოვა.
  • მისი თქმით, ჩხიკვაძე ამაბვე საქმეზე გამოკითხული ერთ-ერთი მოწმის, “რუსთავი 2-ის” მმართველი კომპანიის, სს "მედია ჰოლდინგის" დირექტორის ზაზა გველესიანის მეგობარია.
  • მოსამართლემ გვარამიას შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილის განცხადებით ნიკა გვარამიას განაჩენი გამოუტანა მოსამართლემ, რომელსაც ამ საქმის განხილვის უფლებაც კი არ ჰქონდა:

„დაუსაბუთებელი ბრალდება და წარმართული პროცესი მხოლოდ იმის თქმის საფუძველს გვაძლევს, რომ ეს პროცესი პოლიტიკურად მოტივირებულია, მიზანი კი კრიტიკულ მედიასთან ანგარიშსწორება", - წერს ნიკა სიმონიშვილი.

შეფასებები

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს შეფასებით, ნიკა გვარამიას დასჯით სასამართლომ პოლიტიკური დაკვეთა შეასრულა:

  • საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია და მისი მიზანი ნიკა გვარამიას დასჯა და კრიტიკული ტელეკომპანიის საქმიანობის შეფერხებაა.
  • მედიის ცენზურისა და დაშინებისათვის მართლმსაჯულების სისტემის გამოყენება სახიფათო გზავნილია სხვა კრიტიკული მედიასაშუალებებისთვისაც.
  • განაჩენი გაგრძელებაა იმ პოლიტიკური დევნისა, რომელსაც სახელმწიფო ოპონენტების წინააღმდეგ წლებია აწარმოებს. ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლენებით ცხადი ხდება, რომ კრიტიკული მედიასაშუალებების საქმიანობა საშიში გახდა.
  • ჩნდება განცდა, რომ მმართველი პარტიის და მთავრობის ბოლო პერიოდის რიტორიკა და კონკრეტული ქმედებები მიზანმიმართულია იმისაკენ, რომ საქართველომ ევროკავშირის მხრიდან დადებითი პასუხი არ მიიღოს.
განაჩენის გამოტანამდე, მედიის და გამოხატვის თავისუფლების საკითხებზე მომუშავე 16 არასამთავრობო ორგანიზაციისგან შემდგარ მედიაკოალიციას “ლეგიტიმური მოლოდინი” ჰქონდა, რომ სასამართლო სათანადო ყურადღებას დაუთმობდა ნიკა გვარამიას საქმესთან დაკავშირებით მომზადებულ დასკვნებს.

ნიკა გვარამიასათვის წარდგენილი ბრალდების შეფასებისას კი სახალხო დამცველმა განმარტა, რომ:

  • კომპანიის დირექტორის მიერ მიღებული გადაწყვეტილება არათუ სისხლის სამართლის, არამედ საკორპორაციო-სამართლებრივ პასუხისმგებლობასაც კი მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში ექვემდებარება.
  • ხოლო პროკურატურის მიერ ნიკა გვარამიასთვის წარდგენილი ბრალდება არ შეიცავს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებისთვის საკმარის მკაფიო ნიშნებს.

მთავარი ფოტო: ინტერპრესნიუსი

ავტორი : მედიაჩეკერი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ