საქართველო
კატეგორია - საქართველო
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატის შესარჩევმა კომისიამ ღია კონკურსში მონაწილე რვა კანდიდატიდან სამი შეარჩია, საიდანაც კენჭისყრის შემდეგ პარლამენტი ერთ მეურვეს აირჩევს. სამ კანდიდატს შორის მოხვდნენ:

  • ნინო მინდიაშვილი - ფილოლოგიის დოქტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;
  • მანანა ღოღობერიძე - „ეტალონი მედიის“ დირექტორი, უფროსი მენეჯერი "ეტალონი-მედია ჯგუფისა", რომელსაც ეკუთვნის ვებსაიტები etaloni.ge და izrune.ge;
  • მიხეილ ჩიკვილაძე - თბილისის N35-ე საჯარო სკოლის დირექტორი. სხვადასხვა დროს იყო ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი და დირექტორი სხვადასხვა სკოლაში. საკონკურსო კომისიასთან გასაუბრებისას მან აღნიშნა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ამჟამინდელი დირექტორი, ვასილ მაღლაფერიძე მისი მეგობარია. "ბატონ ვასილს მე ვიცნობ ჯერ კიდევ უნივერსიტეტიდან... ჩვენ ვმეგობრობდით და დღესაც გრძელდება ეს მეგობრობა", თქვა მან და დასძინა, რომ იშვიათად ხვდებიან ერთმანეთს.
 სამეურვეო საბჭოს წევრის ადგილი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც უმრავლესობის კვოტით გასულმა წევრმა, ზაზა შათირიშვილმა მეურვის პოზიცია ვადის ამოწურვამდე დატოვა. 

კონკურსში ასევე მონაწილეობდნენ მალხაზ ასლამაზაშვილი, დონარა შონავა, ზაალ ანჯაფარიძე, მიხეილ ჭიაურელი, ია მამალაძე, თუმცა მათ ვერ მოიპოვეს 5 და მეტი ხმა, რაც განსაზღვრული იყო საკონკურსო კომისიის დებულებით.
alt
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატის შესარჩევმა საპარლამენტო საკონკურსო კომისიამ პირველი სხდომა 25 თებერვალს გამართა. საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე - სოსო გალუმაშვილი, მდივანი კი ერმილე მესხია იყო.

სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატის შესარჩევი კომისიის წევრები იყვნენ

  • სოსო გალუმაშვილი(საზოგადოებასთან ურთიერთობის კონსულტანტი, პიარსააგენტო „ჯეპრას“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი; გოდერძი შარაშია – ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტი;
  • ბონდო მძინარაშვილი – ტელეკომპანია „ობიექტივის“ მთავარი რედაქტორი;
  • ეთერ (ბაია) გადაბაძე – მედიამენეჯერი;
  • ნინო ახვლედიანი – ჟურნალისტი, ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის პიარ ხელმძღვანელი;
  • სალომე უგულავა – ჟურნალისტი, ონლაინგამოცემა „ტაბულას“ მთავარი რედაქტორი;
  • ერმილე მესხია – ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი;
  • დავით ცხადაძე – კინოპერატორი, ხელოვნებათმცოდნე;
  • ნათია კუპრაშვილი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ჟურნალისტიკის რესურსცენტრის თავმჯდომარე.
კატეგორია - საქართველო

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ახალ წევრს, კანდიდატის შესარჩევი კომისია, 9 მსურველისგან შეარჩევს. ბორდის წევრის პოზიცია ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც იგი ზაზა შათირიშვილმა, ვადაზე ადრე დატოვა.

ვაკანტურ ადგილზე გამოცხადებულ ღია კონკურსში ცხრა კანდიდატი მონაწილეობს. 

  1. მალხაზ ასლამაზაშვილი
  2. დონარა შონავა 
  3. მიხეილ ჩიკვილაძე 
  4. ზაალ ანჯაფარიძე 
  5. მიხეილ ჭიაურელი 
  6. მანანა ღოღობერიძე 
  7. ნინო მინდიაშვილი 
  8. ია მამალაძე 
  9. იოსებ ჭუმბურიძე 

 წევრობის სამი კანდიდატი დასახელებულია სამი ოპოზიციური საპარლამენტო პარტიის მიერ, ერთი სუბიექტი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების მიერ, ერთი კანდიდატი - სახალხო დამცველის მიერ, დანარჩენები კი საპარლამენტო უმრავლესობის მიერ.

ბორდის წევრმა, ზაზა შათირიშვილმა, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში საპარლამენტო უმრავლესობის კვოტით იყო არჩეული, უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე განცხადებით პარლამენტს 2018 წლის 24 დეკემბერს მიმართა. როგორც მან გამოცემა „ლიბერალს“ განუცხადა, აფუძნებს ახალ ტელევიზიასა და ჟურნალს, ამიტომ ინტერესთა კონფლიქტის გამო ბორდიდან გადის. კითხვაზე ვისთან ერთად აფუძნებს ტელევიზიას, შათირიშვილმა გამოცემას უთხრა, რომ „ეს საიდუმლოა“.

სამეურვეო საბჭოს წევრობის − მეურვეობის ერთი კანდიდატის შესარჩევი ღია კონკურსი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ბრძანებით, 8 თებერვალს გამოცხადდა, ხოლო, ბორდის წევრის შესარჩევი კომისიის შემადგენლობა 21 თებერვალს დამკიცდა.

კომისიის წევრები არიან:

• სოსო გალუმაშვილი – საზოგადოებასთან ურთიერთობის კონსულტანტი, პიარსააგენტო „ჯეპრას“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი;
•  გოდერძი შარაშია – ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტი;
•  ბონდო მძინარაშვილი – ტელეკომპანია „ობიექტივის“ მთავარი რედაქტორი;
•  ეთერ (ბაია) გადაბაძე – მედიამენეჯერი;
•  ნინო ახვლედიანი – ჟურნალისტი, ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის პიარ ხელმძღვანელი;
•  სალომე უგულავა – ჟურნალისტი, ონლაინგამოცემა „ტაბულას“ მთავარი რედაქტორი;
•  ერმილე მესხია – ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი;
•  დავით ცხადაძე – კინოპერატორი, ხელოვნებათმცოდნე;
•  ნათია კუპრაშვილი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ჟურნალისტიკის რესურსცენტრის თავმჯდომარე.

საკონკურსო კომისიამ კომისიის თავმჯდომარედ PR-სააგენტოს „ჯეპრას“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, საზოგადოებასთან ურთიერთობის კონსულტანტი სოსო გალუმაშვილი, ხოლო კომისიის მდივნად ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი ერმილე მესხია აირჩია.

კომისიის წევრთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით, პარლამენტს წარედგინება სამეურვეო საბჭოს წევრობის-მეურვეობის ყველა ის კანდიდატი, ვინც კომისიის წევრთა არანაკლებ 5 ხმას მიიღებს. 

კატეგორია - საქართველო

დღეს მოქმედი კანონმდებლობა სასამართლო პროცესების გადაღების უფლებას მხოლოდ საერთო მაუწყებლებს აძლევს, ონლაინ მედიაგამოცემები, რეგიონული მედია და საგამოძიებო ჟურნალისტური სტუდიები კი ამ უფლების მიღმა რჩებიან.

სხვა ტელევიზიებთან შედარებით საზოგადოებრივი მაუწყებელი უპირატესობით სარგებლობს. “საერთო სასამართლოების შესახებ” კანონის თანახმად, მას ენიჭება უფლება შეუზღუდავად გადაიღოს ღია სასამართლო პროცესი და ვალდებულია, მოთხოვნის შეთხვევაში მასალა სხვა მედიასაც მიაწოდოს. იმ შემთხვევაში, თუკი საზოგადოებრივ მაუწყებელს არ სურს რომელიმე პროცესის გადაღება, ამ უფლებით სარგებლობა სხვა საეთერო საერთო მაუწყებელს შეუძლია. ჩანაწერის სხვა მედიასაშუალებისთვის გადაცემის ვალდებულება მასაც ეკისრება.

მიუხედავად ამისა, სხვა მედიასაშუალებებს პრაქტიკაში არაერთი პრობლემა მაინც ექმნებათ, ვინაიდან ხშირად მაუწყებლებს საერთოდ არ აინტერესებს ის სასამართლო პროცესი, რომელიც მაგალითად, ონლაინ მედიისთვის მნიშნელოვანია. ამის გამო ისინი ფოტო-ვიდეო მასალის გარეშე რჩებიან.

მედიაგამოცემებში მიაჩნიათ, რომ მიდგომა დისკრიმინაციულია, მათ არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს საერთო მაუწყებლებთან შედარებით და აუდიტორიის სრულყოფილ ინფორმირებაში უშლის ხელს.

სამცხე-ჯავახეთში მოქმედმა საინფორმაციო სააგენტომ “სამხრეთის კარიბჭემ” სასამართლო პროცესის შესახებ ბოლო მასალა რამდენიმე დღის წინ, 21 თებერვალს გამოაქვეყნა, ტექსტს ფოტოდ სასამართლოს შენობის გარე ხედის ფოტო ადევს. 

"სასამართლოს განყოფილებაში მასალებს თვალი რომ გადაავლოთ, ყველგან იდენტური ფოტო შეგხვდებათ - სასამართლოს შენობა. არასდროს გვაქვს ფოტო ან ვიდეო პროცესიდან, არადა ხშირად, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეებზე ფოტოს და ვიდეოს კიდევ სხცა ინფორმაციული დატვირთვა აქვს", - ამბობს “სამხრეთის კარიბჭის” რედაქტორი თამუნა უჩიძე.

იმავე პრობლემაზე საუბრობს “ტაბულას” რედაქტორი სალომე უგულავა: „ყველა სასამართლო პროცესი, რომელსაც ვესწრებით, მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი ინტერესის თვალსაზრისით, თუმცა, ფოტოებს ვერასდროს ვიღებთ. სასამართლო დარბაზში ფოტოებსაც ერთი კამერა იღებს. თუმცა, ავტორი ფოტოებს არ ავრცელებს. ჟურნალისტებს, ვინც ონლაინ მედიაში ვმუშაობთ, ფაქტობრივად, ხელი გვეშლება, ვინაიდან ამბებს მხოლოდ ვერბალურად გადმოვცემთ, ფოტოებით ილუსტრირების საშუალება კი არ გვეძლევა. არადა ფოტო ახალი ამბის ნაწილია.“

სასამართლო პროცესების ფოტო/ვიდეო/აუდიო ჩაწერის მარეგულირებელი კანონმდებლობა 1997 წლიდან დღემდე ოთხჯერ შეიცვალა. 2007 წლიდან სასამართლოს შენობაში ფოტო-კინო-ვიდეო გადაღება და ტრანსლაცია საერთოდ აკრძალული იყო, 2013 წელს კანონმდებლობაში მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა. მაუწყებლებისთვის გარკვეული შეზღუდვებით, მაგრამ სასამართლოს კარი გაიღო. ონლაინგამოცემებს, გაზეთებს და სხვა მედიასაშუალებებს, რომლებსაც საერთო მაუწყებლობაზე ავტორიზაცია არ აქვთ, საკანონმდებლო ცვლილება არ შეეხო და ისინი ვიზუალური მასალის გარეშე დარჩნენ.

„იყო შემთხვევა, როცა საზოგადოებრივი მაუწყებლისგან კადრები გვჭირდებოდა, თუმცა აღმოჩნდა, რომ ჩვენთვის საინტერესო ნაწილი ჩაწერილი არ ჰქონდა. გარდა ამისა, ონლაინ მედიისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სიჩქარე, ვიღაც გასწრებს ერთი წუთით და შენს მასალას აღარავინ კითხულობს. თუ საზოგადოებრივი მაუწყებელი იღებს ვიდეოს, ეს ნიშნავს, რომ მასალა მას პირველი აქვს და ამ შემთხვევაში ჟურნალისტის მოხერხებულობა მედიას ვერ ეხმარება”, - ამბობს On.ge-ს რედაქტორი გელა ბოჩიკაშვილი.

ამ პრობლემას უსვამს ხაზს “ლიბერალის” რედაქტორი ზურა ვარდიაშვილიც: “მაუწყებლები პროცესებს თავიდან ბოლომდე არ იღებენ და რამდენიმე კადრით კმაყოფილდებიან, რაც „ლიბერალს“ არაფერში ადგება”.

არის ისეთი შემთხვევებიც, როცა მაუწყებლები მათ შორის გახმაურებულ, მნიშვნელოვან სასამართლო პროცესებს საერთოდ არ იღებენ, ეგ განსაკუთრებით რეგიონებში ხდება და ადგილობრივ გამოცემებს უქმნის პრობლემებს.

„მქონდა ასეთი შემთხვევა გასული წლის გაზაფხულზე, როცა დემურ სტურუას საქმეზე განაჩენი უნდა გამოეცხადებინა სააპელაციო სასამართლოს. ვამზადებდი მულტიმედია მასალას და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო კადრები, მაგრამ ხანგრძლივი განსჯის შემდეგ, სასამართლოს პრესსამსახურმა მითხრა, რომ რადგან არ წარმოვადგენდი საეთერო მაუწყებელს, არ მქონდა არც ვიდეოს და არც ფოტოს გადაღების უფლება. საბოლოოდ, მხოლოდ აუდიოჩაწერა შევძელი. საზოგადოებრივი მაუწყებელი მაშინ ამ პროცესს არ აშუქებდა და კადრების გარეშე დავრჩი. ეს ნამდვილად იყო ის შემთხვევა, როცა კადრებს ვთხოვდი საზოგადოებრივ მაუწყებელს, მაგრამ ასეთი რეალურად არ ჰქონდა”, - გვეუბნება ქუთაისში მოქმედი საინფორმაციო სააგენტოს “ქუთაისიპოსტის” ჟურნალისტი მარიამ პატარაია.

„სტუდია მონიტორის“ რედაქტორი გიორგი მგელაძე მიიჩნევს, რომ სასამართლო პროცესების ფოტო/ვიდეო გადაღება ყველა მედიასაშუალებისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს და მედიის ნაწილისთვის ბარიერს არ უნდა წარმოადგენდეს: „მგონია, რომ მხოლოდ მაუწყებლისთვის სასამართლოში ვიდეოს გადაღების ნებართვის მიცემა ამ საუკუნეში გაუგებარია. დღეს ბევრი მედია ქმნის ვიდეო პროდუქტს და მათ ხელი არ უნდა ეშლებოდეთ კანონის დაცვით სასამართლოს გადაღებაში.“

სასამართლო პროცესის გაშუქება მოსამართლის ნებართვის საფუძველზე ხდება. დაინტერესებულმა ჟურნალისტმა წერილობითი განცხადება სასამართლო პროცესამდე ერთი საათით ადრე მაინც უნდა დაწეროს, რომ მოსამართლემ მისი განცხადება განიხილოს. ხარვეზები ამ ნაწილსაც ახლავს, მაგალითად, როცა პროცესი ისეთ დროსაა, რომ კანცელარია უკვე აღარ მუშაობს.

„არის შემთხვევები, როდესაც საქართველოს მთავარ პროკურატურას აღკვეთის ღონისძიების შეფარდების პროცესის ჩანიშვნაზე განაცხადი შეაქვს 18:00 საათის შემდეგ. ამ დროს სასამართლოს კანცელარია დახურულია და ვერ ხდება სხდომის ვიდეოგადაღებაზე განაცხადის დაწერა, შესაბამისად პროცესის გადაღება. არის გონივრული ეჭვი, რომ ასე პროკურატურია იქცევა მაშინ, როდესაც მის ინტერესებში არ შედის სასამართლო დარბაზში კამერის ყოფნა”, - ამბობს „რუსთავი 2-ის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში ფიქრობენ, რომ მიმართვის დროსთან დაკავშირებული ჩანაწერი უნდა გადაიხედოს.

„აღკვეთის ღონისძიების პროცესი შესაძლებელია ჩატარდეს არასამუშაო დროს. ეს პრობლემაა ჟურნალისტებისთვის. კარგი იქნება თუ ამ კუთხითაც დაიხვეწება კანონმდებლობა”, - ამბობს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) მედია მიმართულების იურისტი მარიამ გოგოსაშვილი.

“მედიაჩეკერი” დაინტერესდა, 2013 წლიდან დღემდე სასამართლოებში ფოტო/ვიდეო გადაღების ნებართვის მისაღებად რამდენი განაცხადი შევიდა. საჯარო ინფორმაცია თბილისის საქალაქო და სააპელაციო, ასევე საქართველოს უზენაესი და ათი რეგიონული სასამართლოდან გამოვითხოვეთ. იმ რეგიონებიდან, სადაც აქტიური ადგილობრივი მედიაა. აღმოჩნდა, რომ ამგვარ სტატისტიკას არ აწარმოებს თბილისის არცერთი სასამართლო და რეგიონული სასამართლოების ნაწილი. რუსთავის, ფოთის, ახალციხის (რომელიც მხოლოდ 2018 წლიდან აღრიცხავს), ახალქალაქისა და ზუგდიდის სასამართლოების მონაცემებით კი, ხუთივე სასამართლოში 2013 წლიდან დღემდე ჯამში 216 განაცხადია შესული. ამათგან, მედიას უარი ეთქვა სამ შემთხვევაში: ერთხელ იმ მიზეზით, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი იღებდა პროცესს, ორ შემთხვევაში კი დაგვიანებით მიმართვის გამო.

მსგავსი სტატისტიკა 2014 წელს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამაც (საია) გამოითხოვა. იმ პერიოდში ორგანიზაცია იკვლევდა როგორ მუშობდა პრაქტიკაში სასამართლო პროცესების ფოტო/ვიდეო/აუდიო ჩაწერის მარეგულირებელი კანონმდებლობა. სურათი მაშინაც იგივე იყო, აღმოჩნდა, რომ ყველა სასამართლო არ აწარმოებდა აღრიცხვას, მათ შორის, თბილისის სასამართლოები.

„აღნიშნული ცალსახად უარყოფით შეფასებას იმსახურებს, ვინაიდან საქმეთა დიდი და მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ ამ სასამართლოებში [იგულისხმება თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოები. რედ] განიხილება და მნიშვნელოვანია მათ მიერ ზუსტი სტატისტიკის წარმოება მედიის მიმართვიანობასთან დაკავშირებით. ამასთან, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის თანახმად, აღნიშნული არა მხოლოდ სასურველი, არამედ, სასამართლოებისათვის, როგორც საჯარო დაწესებულებებიისათვის, სავალდებულოცაა“, - აღნიშნულია საიას 2014 წლის ანგარიშში.

საინტერესოა, რომ ამ ანგარიშის მიხედვით, 2014 წლისთვის ბათუმისა და ქუთაისის საქალაქო და გორისა და თელავის რაიონული სასამართლოები მედიის მიმართვიანობასთან დაკავშირებით აღრიცხვას აწარმოებდნენ. მედიაჩეკერის მიერ გამოთხოვილ იდენტურ ინფორმაციაზე კი, ოთხივე სასამართლომ გვიპასუხა, რომ მსგავსი ტიპის სტატისტიკური მონაცემები არ აქვთ, რადგან აღრიცხვას არ აწარმოებენ.

საიას მიერ მომზადებული ანგარიშის რეკომენდაციებში ვკითხულობთ, რომ სასაურველია საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ პროცესის გადაღება ყველა სხვა დაინტერესებულ მედიასაშუალებას არ ართმევდეს პროცესის გადაღების უფლებას.

სიას იურისტი, მარიამ გოგოსაშვილი მიიჩნევს, რომ დღეს, როდესაც ონლაინმედია უფრო და უფრო ვითარდება და გარკვეულწილად, კონკურენციასაც კი უწევს მაუწყებლებს, მნიშვნელოვანია, რომ ვიდეო ჩაწერა შეძლონ და გააშუქონ პროცესები სრულყოფილად, ისე, როგორც მათ სურთ: “ვფიქრობ, რომ დღევანდელი კანონმდებლობა უნდა დაიხვეწოს და უნდა გავრცელდეს ონლაინ მედიაზეც, რათა მათაც ჰქონდეთ შესაძლებლობა გააშუქონ თუნდაც ისეთი პროცესები, რაც მაუწყებლებისთვის არ არის საინტერესო.”

კატეგორია - საქართველო

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მონაცემებით, 2018 წელს, 2017 წელთან შედარებით, ტელემაუწყებელთა შემოსავლები 7%-თ შემცირდა. თუკი მაუწყებლებმა 2017 წელს 146,628, 371 ლარი მიიღეს, 2018 წელს შემოსავლებმა 135, 961, 492 ლარი შეადგინა. 9.52%-ით კლება დაფიქსირდა რადიო მაუწყებლებშიც, სადაც შემოსავლები 11,001,040-დან 9,953,993 ლარამდე შემცირდა.

შემოსავლების ტიპების ანალიზი აჩვენებს, რომ 2018 წელს ტელემაუწყებლებში ძირითადად სარეკლამო და სასპონსორო შემოსავლები შემცირდა. თუკი ამგვარი კომერციული შემოსავლები 2017 წელს 69 მილიონზე მეტი იყო, 2018 წელს ამ მონაცემმა 66 მილიონს მცირედით გადააჭარბა.

არამხოლოდ სარეკლამო, არამედ ყველა ტიპის შემოსავლების მიხედვით, ყველაზე მნიშვნელოვანი კლება იმ კომპანიებმა განიცადეს, რომელთა შემოსავლებიც წელიწადში 50 ათასიდან 1 მილიონ ლარამდე მერყეობს. მაგალითად 40-დან 66%-მდე მერყეობს შემცირების მაჩვენებელი ისეთ არხებზე, როგორიცაა: ბორჯომი, ოდიში, ხარისხის არხი, ერთსულოვნება, არტარეა, პალიტრა TV, რიონი. 2017 წელთან შედარებით 35%-ით ნაკლები შემოსავალი მიიღო მაესტრომ, კავკასიას კი 23%-ით შეუმცირდა შემოსავალი.

2018 წელს შემოსავლების 25%-ით ზრდა მოახერხა ტვ პირველმა, რომლის შემოსავალი რეკლამიდან და სპონსორობიდან მიღებულ თანხას შეადგენს. 23%-ით გაიზარდა ობიექტივის შემოსავალი, თუმცა ამ კომპანიაში შესული თანხის 70% დამფუძნებლებისა და სხვა პირთა შემოწირულებაა.

თუ 2017 წელს მიღებულ შემოსავლებს კვარტლების მიხედვით შევადარებთ, ვნახავთ, რომ მკვეთრი ვარდნაა განსაკუთრებით მეოთხე კვარტალში, რომელიც მაუწყებლებში ყველაზე აქტიური პერიოდია, ემთხვევა არჩევნებს, განახლებულ სეზონს. თუკი 2017 წელს ბოლო კვარტალში ტელემაუწყებელთა შემოსავლებმა 57 მილიონს გადააჭარბა, 2018 წლის მეოთხე კვარტალში ამ მაჩვენებელმა 41 მილიონ 566 ათასს მიაღწია.

საქართველოში არსებობს მაუწყებლობაზე ავტორიზებული 15 პირი, რომელსაც ორი წელია შემოსავალი საერთოდ არ აქვს. მათ შორისაა, მაგალითად, ტელეკომპანია ”I სტერეო”, ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისათვის, ონლაინ მიუზიკ, მედ ეფემი, თბილისი 24, ევრიკა ტელერადიოკომპანია, რადიო-ტელევიზიის საზოგადოებრივი ორგანიზაცია კავშირი ევრიკა, საბავშვო ტელევიზია ცისარტყელა და ა.შ.

ამ ფონზე გამორჩეულად გამოიყურება საზოგადოებრივი მაუწყებელი. 2017 წელს მაუწყებლობის შესახებ კანონში განხორციელებული ცვლილებების შემდეგ მას საბიუჯეტოსთან ერთად კომერციული შემოსავლების ზრდის საშუალება მიეცა, რაც გამოიყენა კიდეც - 2018 წელს საერთო ჯამში საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სარეკლამო შემოსავლები 70%-ით გაზარდა. თბილისში ბაზირებულმა და აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა რეკლამიდან, სპონსორობიდან და პროდუქტის განთავსებიდან (Product Placement) 2,898,365 ლარი მიიღო, მაშინ, როდესაც 2018 წელს ეს მაჩვენებელი მხოლოდ 858,336.84 ლარი იყო.

alt

სარეკლამო შემოსავლების გარდა, 2018 წელს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა 2017 წელთან შედარებით დაახლოებით 7 მილიონი ლარით მეტი მიიღო ბიუჯეტიდან. საზოგადოებრივი მაუწყებლის ჯამური შემოსავალი მნიშვნელოვნად აჭარბებს სხვა მაუწყებლების შემოსავალს, უფრო მეტიც, ყველა ტელემაუწყებლის ჯამური შემოსავლის 36%-ს შეადგენს. 2017 წელს ეს მაჩვენებელი 26% იყო.

alt


საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსება 2019 წელსაც იზრდება, მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ის დაახლოებით 7 მილიონით მეტს, 58 მილიონს მიიღებს  (თბილისში ბაზირებული და აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებელი ერთად) , რასაც კომერციული შემოსავლებიც დაემატება. სხვა მსხვილი კომერიციული მაუწყებლები, რომლებიც რეიტინგის თუ საინფორმაციო დღის წესრიგის შექმნის თვალსაზრისით მნიშვნელოვნად უსწრებენ საზოგადოებრივ მაუწყებელს, დაფინანსების თვალსაზრისით სულ უფრო შორდებიან და მკვეთრად ჩამორჩებიან მას.


alt

კატეგორია - საქართველო

დღეს, 29 იანვარს, ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ (EUMM) “ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2018-ის" გამარჯვებულები გამოავლინა.

  • ნომინაციაში საუკეთესო სტატია ბეჭდურ ან ელექტრონულ მედიაში გამარჯვებულია ჟურნალი "ინდიგო", მარიამ აბესაძის და ნინო ლომაძის მასალისთვის „ანა, ელენე, ირინა და სხვები“.  

  • ნომინაციაში საუკეთესო სიუჟეტი სამაუწყებლო ან ელექტრონულ მედიაში გამარჯვება მოიპოვა რადიო თავისუფლებამ, ლელა კუნჭულიას სიუჟეტისთვის „პანკისის სტიგმა“.  

  • ნომინაციაში საუკეთესო საგამოძიებო სტატია ან სიუჟეტი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში პრიზი ერგო სოფო ზურაბიანს, ტელეკომპანია „რუსთავი 2“.   

  • ნომინაციაში ბლოგი/თვალსაზრისი /სვეტი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში გამარჯვებულია ნანა თაკვარელია, OC Media.  

  • ნომინაციაში ორიგინალური და ინოვაციური ნაშრომი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში გამარჯვებულია ჟურნალი „ინდიგო“, ნინო ლომაძის, ნინო ბაქრაძისა და ნინო ჯაფიაშვილის მულტიმედია პროექტისთვის როგორ გაქრა ცა ქალაქის თავზე“.  

  • ნომინაციაში დოკუმენტური ფოტო, რომელიც ევროკავშირის ფასეულობებს (ადამიანის უფლებები, მათ შორის უმცირესობათა უფლებები, სოციალური სამართლიანობა, ადამიანის ღირსების პატივისცემა, სიტყვის თავისუფლება, დემოკრატია, თანასწორობა და კანონის უზენაესობა) ასახავს და გამოქვეყნებულია ბეჭდურ ან ელექტრონულ მედიაში გამარჯვებულია - ნინო ბაიდაური, "მრავალფეროვნების სახეები", TDI

  • ნომინაციაში კონფლიქტების მიმართ სენსიტიური საუკეთესო ჟურნალისტური ნაშრომი, რომელიც ხელს უწყობს საქართველოში მომხდარი სამხედრო კონფლიქტების მხარეებს შორის ნდობისა და მშვიდობის აღდგენას, ეყრდნობა ჟურნალისტური ეთიკისა და პროფესიონალიზმის მაღალ სტანდარტებს (ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სპეციალური პრიზი სამშვიდობო ჟურნალისტიკაში) გამარჯვებულია ნიკოლოზ გაბლიშვილი, ტელეკომპანია "დია".

პპირველ ექვს კატეგორიაში თითოეულმა გამარჯვებულმა მიიღო ფულადი ჯილდო დაახლოებით 3800 ლარი, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პრიზის მფლობელი კი მიიღებს ლონდონში ,,ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტში“ ერთთვიან სტაჟირებას.

ნაშრომები განიხილა სამი წევრისგან შემდგარმა ჟიურიმ: ზვიად ქორიძე - ქართველ ჟურნალისტთა საზოგადოების თანათავმჯდომარე, მამუკა ანდღულაძე - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მედია პროგრამის მენეჯერი და სილვია შტობერი - სამხრეთ კავლასიის რეგიონში მოღვაწე საერთაშორისო ჟურნალისტი.

საკონკურსო განაცხადები უნდა ყოფილიყო გამოქვეყნებული ან გაშუქებული 2017 წლის 2 ნოემბრიდან 2018 წლის 15 ოქტომბრის ჩათვლით ქართულ, ინგლისურ ან რუსულ ენებზე. კონკურსისთვის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პრიზი მშვიდობის ჟურნალისტიკაში, განაცხადები ასევე მიღებულ იქნა აფხაზურ და ოსურ ენებზე.

ევროკავშირის პრიზი ჟურინალისტიკაში-საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინიციატივაა. ის მიზნად ისახავს ქართულ მედიაში იმ ნაშრომების წარმოჩენასა და აღიარებას, რომლებიც პროფესიონალურ ჟურნალისტურ ეთიკასა და პრინციპებს იზიარებენ. 

კატეგორია - საქართველო

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, გამოკითხული მოსახლეობის ნახევარზე მეტი იმედსა და რუსთავი 2-ს უყურებს; თუმცა, ასეთივე მაღალი არ არის ამ არხებისადმი ნდობის მაჩვენებელი. ასევე გამოკითხულთა ნახევარზე მეტი ფიქრობს, რომ ტელეარხები ხშირად დეზინფორმაციას ავრცელებენ.

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის 2018 წლის დეკემბრის  შედეგები დღეს, 28 იანვარს გამოქვეყნდა. კვლევის მიხედვით, ყველაზე მაღალი ყურებადობა ორ არხს აქვს - ტელეკომპანია “იმედსა” - 66% და “რუსთავი 2-ს” - 61%. 39%-ით მესამე ადგილზე „TV პირველია”. რაც შეეხება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხს, მას გამოკითხულთა 34% უყურებს.


alt


რაც შეეხება ტელეარხებისადმი ნდობას, კვლევის მიხედვით, მიმდინარე მოვლენებისა და ახალი ამბების გაშუქების კუთხით, „იმედს“ გამოკითხულთა 26% ენდობა, 20% კი - არა. „რუსთავი 2-ის” შემთხვევაში, 20% აცხადებს, რომ ენდობა და 27% ამბობს, რომ არ ენდობა. 12% ენდობა, 13% კი არა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხს. „TV პირველს“ კი ენდობა 15% და არ ენდობა 11%.


alt

ამავე კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 64% ფიქრობს, რომ ქართული ტელევიზიები ხშირად ავრცელებენ დეზინფორმაციებს. საზოგადოების 25% მიიჩნევს, რომ დეზინფორმაციას მეტწილად „რუსთავი 2“ ავრცელებს, 10%-ის აზრით კი - „იმედი“.

alt


NDI-ს კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 54% ინტერნეტს ყოველდღიურად იყენებს, 29% კი არასდროს.  ბოლო 5 წელიწადში 22%-ით გაიზარდა იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც ინტერნეტს კვირაში ერთხელ მაინც მოიხმარენ და დაახლოებით ამდენივეთი (23%) შემცირდა მათი რიცხვი, ვინც ინტერნეტს არასდროს იყენებს.

alt

NDI-ის 2018 წლის დეკემბრის კვლევის შედეგები 28 იანვარს გამოქვეყნდა. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა და CRRC - ს საზოგადოებრივი აზრის კვლევა 6 - 20 დეკემბრის პერიოდში ჩატარდა. საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე, 2,205 რესპონდენტი გამოიკითხა. კვლევაში მინიმალური ცდომილების ზღვარი 2.1%-ია.

კატეგორია - საქართველო

„ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში“ 2018 წლის გამარჯვებულები 29 იანვარს გამოვლინდებიან.  პრიზი შვიდ კატეგორიაში გაიცემა.

საპრიზო კატეგორიებია:

  1. სტატია ბეჭდურ ან ელექტრონულ მედიაში;

  2. სიუჟეტი სამაუწყებლო ან ელექტრონულ მედიაში;

  3. საგამოძიებო სტატია ან სიუჟეტი ბეჭდურ ან ელექტრონულ მედიაში;

  4. ბლოგი/თვალსაზრისი /სვეტი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში;

  5. ორიგინალური და ინოვაციური ნაშრომი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში;

  6. დოკუმენტური ფოტო, რომელიც ევროკავშირის ფასეულობებს (ადამიანის უფლებები, მათ შორის უმცირესობათა უფლებები, სოციალური სამართლიანობა, ადამიანის ღირსების პატივისცემა, სიტყვის თავისუფლება, დემოკრატია, თანასწორობა და კანონის უზენაესობა) ასახავს და გამოქვეყნებულია ბეჭდურ ან ელექტრონულ მედიაში;

  7. კონფლიქტების მიმართ სენსიტიური საუკეთესო ჟურნალისტური ნაშრომი, რომელიც ხელს უწყობს საქართველოში მომხდარი სამხედრო კონფლიქტების მხარეებს შორის ნდობისა და მშვიდობის აღდგენას, ეყრდნობა ჟურნალისტური ეთიკისა და პროფესიონალიზმის მაღალ სტანდარტებს (ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სპეციალური პრიზი სამშვიდობო ჟურნალისტიკაში).


    პირველ ექვს კატეგორიაში გამარჯვებულები 1,250 ევროს მიიღებენ. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პრიზი მშვიდობის ჟურნალისტიკაში კი ითვალისწინებს ლონდონში, “ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტში” ერთთვიან სტაჟირებას.
კატეგორია - საქართველო

2018 წლის ჯიპა-ფრიდმანის პრიზი რუსთავის 2-ის ჟურნალისტმა ლაშა კვესელაძემ მიიღო მასალისთვის - "აფგან მუხთარლის გაუჩინარების დღე - სათვალთვალო კამერის ჩანაწერები და ვიდეომასალის საეჭვო გარემოებები". გამოძიება გადაცემა "პოსტსკრიპტუმში" გავიდა.

ჯიპა - ფრიდმანის პრიზის მფლობელები 21 იანვარს გამოვლინდნენ. გამარჯვებულები ჟიურიმ 57 ნამუშევრიდან შეარჩია. საპრიზო ფონდი 1500 ევრო ხუთ კონკურსანტზე განაწილდა. გარდა ამისა, ჟიურიმ წამახალისებელი პრიზი გადასცა ორ ნამუშევარს.

  1. ჯიპა-ფრიდმანის ფულადი ჯილდო საუკეთესო სატელევიზიო ჟურნალისტური გამოძიებისთვის, ვერცხლის პრიზი და სიგელი ერგო ლაშა კვესელაძეს ნამუშევრისთვის , - "პოსტსკრიპტუმი", რუსთავი 2; 

  2. საუკეთესო ტელე-გამოძიებისთვის ფულადი პრიზითა და სიგელით დაჯილდოვდნენ ლია ტოკლიკიშვილი და მაია გოგოლაძე, ნამუშევრისთვის - "სისხლში მოსვრილი ბიჭები ხორავას ქუჩიდან", გამომძიებელი რეპორტიორი, საზოგადოებრივი მაუწყებელი; 

  3. საუკეთესო ტელე-გამოძიებისთვის ფულადი პრიზითა და სიგელით დაჯილდოვდა ათია ტრაპაიძე, ნამუშევრისთვის, - "როგორ გაანადგურეს მტკიცებულებები ორი მეთერთმეტეკლასელის მკვლელობის საქმეში - კურიერის ექსკლუზიური კადრები", რუსთავი 2

  4. ჯიპა-ფრიდმანის პრიზით საუკეთესო სიღრმისეული ნამუშევრისთვის დაჯილდოვდა მულტიმედიური პროექტი "საზიარო წყლები", ჩაიხანა. ფოტო: ანუშ ბაბაჯანიანი, დარო სულაკაური და ილქინ ჰუსეინოვი. ტექსტის ავტორი მონიკა ელენა; კურატორი კეროლაინ სატკლიფი;

  5. ჯიპა-ფრიდმანის პრიზით საუკეთესო სიღრმისეული ნამუშევრისთვის დაჯილდოვდა ხატია ღოღობერიძე ნაშრომისთვის - "სექსის თხოვნა დასაქმებისთვის, შევიწროება სამსახურში - რას ჰყვებიან ქალები ზვიად დევდარიანზე", ტაბულა. 

  6.  ჯიპა-ფრიდმანის წამახალისებელი სიგელით საუკეთესო სიღრმისეული ნამუშევრისთვის დაჯილდოვდა ზურაბ ბალანჩივაძე ნაშრომისთვის - "1992-1993 წლების აფხაზეთის ომის დაკარგული ისტორია", ჩაიხანა.

  7. ჯიპა-ფრიდმანის წამახალისებელი სიგელით საუკეთესო სიღრმისეული ნამუშევრისთვის დაჯილდოვდა გიორგი გირკელიძე ნამუშევრისთვის - "შავაძეების საქმე - რატომ არ დადის ოთხი და-ძმა სკოლაში", გურია ნიუსი.

ჯოშუა ფრიდმანისა და GIPA-ს სახელობის კონკურსი საუკეთესო ჟურნალისტური ნამუშევრების გამოსავლენად საქართველოში 2012 წელს დაარსდა.

ჯოშ ფრიდმანი არის Carey Institute for Global Good ვიცე თავდჯომარე, Protect Journalists - ის კომიტეტის წევრი, Dart Center on Journalism and Trauma - ის მრჩეველთა საბჭოს წევრი. ფრიდმანს მიღებული აქვს მრავალი ჯილდო ჟურნალისტიკაში, მათ შორის პულიცერის პრემია 1985 წელს ეთიოპიის შიმშილობის საერთაშორისო რეპორტინგისთვის. ჯოშ ფრიდმანი ასწავლიდა საერთაშორისო რეპორტინგს, იყო საერთაშორისო პროგრამების და კოლუმბიის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის სკოლის Cabot Prizes - ის ხელმძღვანელი. მთავარი რედაქტორი Soho Weekly News -ში, ნიუ იორკში, და Philadelphia Inquirer - ის რეპორტიორი.

კატეგორია - საქართველო

გავლენიანმა საერთაშორისო ორგანიზაცია Human Rights Watch-მა 2018 წელს მსოფლიოში ადამიანის უფლებების მხრივ არსებული მდგომარეობის შესახებ ყოველწლიური, ტრადიციული ანგარიში გამოაქვეყნა. 674 გვერდიან ანგარიშში, რომელიც 100-მდე ქვეყანას შეეხება, საუბარია, 2018 წელს, საქართველოში არსებულ უფლებრივ მდომარეობასა და გამოწვევებზეც. ანგარიში ყურადღებას ამახვილებს ისეთ თემებზე, როგორიცა საპრეზიდენტო არჩევნები, სამართალდამცავთა მხრიდან უფლებამოსილებების გადაჭარაბებისა და მათი დაუსჯელობის შემთხვევები, ნარკოპოლიტიკა, შრომითი უფლებები, სექსუალურ ორიენტაციასა და გენდერულ იდენტობასთან დაკავშირებული უფლებრივი მდგომარეობა ქვეყანაში.

ანგარიშის ერთ-ერთი თავი შეეხება საქართველოში მედიასა და სამოქალაქო სექტორში არსებულ მდგომარეობასაც.

„2017 წლის დეკემბერში, პარლამენტმა მიიღო მაუწყებლობის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის შედეგადაც, გაიზარდა საზოგადოებრივი მაუწყებლის უფლებამოსილება, მათ შორის, გაუჩნდა შესაძლებლობა, რომ მიიღოს დამატებითი შემოსავლები კომერციული რეკლამიდან. კერძო ტელეკომპანიებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა გააკრიტიკეს აღნიშნული ცვლილება და გამოხატეს წუხილი, რომ ისედაც შემცირებულ სარეკლამო ბაზარზე ბიუჯეტიდან დაფინანსებული ტელევიზიის შემოსვლა საფრთხეს შეუქმნის შედარებით პატარა, რეგიონულ მაუწყებლებს და დააზარალებს მედია პლურალიზმს. პრეზიდენტმა ვეტო დაადო კანონმდებლობას, თუმცა პარლამენტმა ვეტოს დაძლევა შესძლო.

მფლობელობასთან დაკავშირებული დავა საქართველოს ყველაზე ყურებადი მაუწყებლის, რუსთავი 2-ის შესახებ გრძელდებოდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებამდე. ყოფილი მფლობელი ამტკიცებდა, რომ მას იძულებით გააყიდინეს ტელეკომპანია საბაზრო ღირებულებაზე ნაკლებ ფასად და საკუთარი უფლებების აღდგენას ცდილობდა. რუსთავი 2-ის ამჟამინდელი მფლობელები კი ამტკიცებენ, რომ სარჩელი მთავრობის მხრიდან არის ორკესტირებული, ოპოზიციურად განწყობილი არხის ხელში ჩასაგდებად. აღნიშნულმა დავამ მედიაში მთავრობის ჩარევის მცდელობების შესახებ წუხილები გააჩინა.

ოქტომბერში, ტელეკომპანია იბერიამ შეწყვიტა მაუწყებლობა, რომლის მტკიცებითაც ხელისუფლება ცდილობა კრიტიკულად განწყობილი მაუწყებლის დახურვას, არხის მფლობელისათვის ფინანსური პრობლემების შექმნით. მფლობელების მტკიცებით, ხელისუფლება მათ სთავაზობდა არხის დათმობას, მათი საგადასახადო დავალიანების პატიების სანაცვლოდ. ხელისუფლებამ აღნიშნული ბრალდებები უარყო“, - ვკითხულობთ დოკუმენტში.

კატეგორია - საქართველო

ვინ მიიღებს ჯოშუა ფრიდმანისა და GIPA-ს სახელობის 2018 წლის ჯილდოს 21 იანვარს გაირკვევა. კონკურსზე 37 განაცხადია შესული. გამარჯვებულების დაჯილდოების საზეიმო ცერემონია ფრონტლაინკლუბში 18:00 საათზე დაიწყება.

ჯიპა-ფრიდმანის პრიზი საქართველოში საუკეთესო ჟურნალისტური ნამუშევრების გამოსავლენად, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტმა ევროპული ჟურნალისტიკის ცენტრის მხარდაჭერით (EJC), 2012 წელს დაარსა.

ჯოშუა ფრიდმანი არის Carey Institute for Global Good ვიცე თავმჯდომარე, Protect Journalists - ის კომიტეტის წევრი, Dart Center on Journalism and Trauma - ის მრჩეველთა საბჭოს წევრი. ფრიდმანს მიღებული აქვს მრავალი ჯილდო ჟურნალისტიკაში, მათ შორის პულიცერის პრემია 1985 წელს ეთიოპიის შიმშილობის საერთაშორისო რეპორტინგისთვის. ჯოშ ფრიდმანი ასწავლიდა საერთაშორისო რეპორტინგს, იყო საერთაშორისო პროგრამების და კოლუმბიის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის სკოლის Cabot Prizes - ის ხელმძღვანელი. მთავარი რედაქტორი Soho Weekly News -ში, ნიუ იორკში, და Philadelphia Inquirer - ის რეპორტიორი.

2017 წლის ჯიპა-ფრიდმანის პრიზი რუსთავის 2-ის ჟურნალისტმა ნოდარ მელაძემ მიიღო მოსამართლე ნატა ნაზღაიძეზე მომზადებული გამოძიებისთვის

კატეგორია - საქართველო

"ნებისმიერი საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც გამოხატვის თავისუფლების დღეს არსებულ სტანდარტს გააუარესებს, საფრთხეს შეუქმნის ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას", - აცხადებენ "კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის" წევრები ცილისწამების შესახებ კანონი მიღების საჭიროებაზე საქართველოს პრეზიდენტისა და პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებების პასუხად.

კოალიციამ მედიის ადვოკატირებისთვის, რომელშიც მედიის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები არიან გაერთიანებული, დღეს, 13 იანვარს, ოფიციალური განცხადება გაავრცელა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ 2019 წლის დასაწყისში მაღალი თანამდებობის პირებმა არა ერთი განცხადება გააკეთეს ცილისწამებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, საჭიროა ისეთი კანონმდებლობა, რომელიც ადამიანის ღირსების მეტ დაცულობასაც უზრუნველყოფს და სიტყვის თავისუფლებასაც. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კი განაცხადა, რომ უნდა დაიწყოს მსჯელობა არა მხოლოდ ცილისწამების, არამედ მძიმე შეურაცხყოფისა და გახშირებული ბილწისტყვაობის პრობლემის მოგვარებაზე.

კოალიციის წევრები აცხადებენ, რომ მოქმედი კანონი ,,სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ უკვე მრავალი წელია ითვალისწინებს სამოქალაქო სამართლებრივ პასუხისმგებლობას როგორც კერძო, ისე საჯარო პირის ცილისწამებისთვის. შესაბამისად, პატივისა და ღირსების შელახვის გამო ნებისმიერ პირს დღესაც შეუძლია მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს შელახული უფლებების სასამართლო წესით დაცვა. კოალიციის წევრები ფიქრობენ, რომ საზოგადოებამ უნდა მიიღოს მკაფიო განმარტებები იმის შესახებ, თუ რა იგულისხმებოდა საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებებში.

"ჩვენი საზოგადოების მრავალწლიანი ძალისხმევის შედეგია ის, რომ მოქმედი კანონმდებლობა გამოხატვის თავისუფლების მაღალ სტანდარტს აწესებს და ეს ყოველთვის მიიჩნეოდა ქართული დემოკრატიის დიდ მონაპოვრად. ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ ნებისმიერი საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც გამოხატვის თავისუფლების დღეს არსებულ სტანდარტს გააუარესებს, საფრთხეს შეუქმნის ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას", - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, ბოლო პერიოდში ხელისუფლების სხვადასხვა შტოს წარმომადგენლების მხრიდან რამდენჯერმე გაჟღერდა ინიციატივა ცილისწამების კუთხით არსებული კანონმდებლობის გამკაცრების აუცილებლობის შესახებ. 2019 წელს, ეს მესიჯი პირველად საქართველოს ახალარჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილისგან მოვისმინეთ საშობაო მილოცვის ტექსტში. მოგვაინებით კი, ამავე თემაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ისაუბრა.

         ⇒ იხილეთ ამ თემაზე: საზოგადოების ცილისწამებისგან დაცვა თუ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობა?

        ⇒⇒ ასევე: რას გულისხმობს პრეზიდენტის მიერ ნახსენები საფრანგეთის კანონი ყალბი ინფორმაციის წინააღმდეგ


კოალიციის წევრი ორგანიზაციები:

1. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
2. მედიაკლუბი
3. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
4. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი
5. ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო“
6. რეგიონულ მაუწყებელელთა ალიანსი
7. ლიბერალური აკადემია თბილისი
8. საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია
9. სატელევიზიო ქსელი
10. საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორთა ასოციაცია

კატეგორია - საქართველო

ბოლო პერიოდში ხელისუფლების სხვადასხვა შტოს წარმომადგენლების მხრიდან რამდენჯერმე გაჟღერდა ინიციატივა ცილისწამების კუთხით არსებული კანონმდებლობის გამკაცრების აუცილებლობის შესახებ.

ახალ, 2019 წელს, ეს მესიჯი პირველად საქართველოს ახალარჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილისგან მოვისმინეთ. საშობაო მილოცვის ტექსტში პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ იმისათვის, რათა მომავალში ვინმე სხვას “აღარ შეეხოს შეურაცხყოფა, ცილისწამება და სიძულვილის ენა, უნდა ვიფიქროთ როგორ დავიცვათ კანონით ერთდროულად სიტყვის თავისუფლებაც და ადამიანის ღირსებაც”.

პრეზიდენტის საშობაო მილოცვას, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის საშობაო ეპისტოლე მოჰყვა, როელშიც პატრიარქმა აღნიშნა, რომ „არის დიდი მცდელობა სიტყვის თავისუფლების დამახინჯებული აღქმის გაბატონებისა“. პატრიარქის თქმით, „სიტყვის თავისუფლება საზოგადოებისთვის უმნიშვნელოვანესი უფლებათაგანია, რომელიც ნებისმიერ მოქალაქეს საშუალებას აძლევს, საკუთარი შეხედულებისამებრ, საჯაროდ გამოთქვას აზრი“, თუმცა მისივე განმარტებით, „ხშირად ხდება რეალობის შეცვლა და სიტყვის თავისუფლებით ბოროტად სარგებლობა“.

პრეზიდენტისა და პატრიარქის შემდეგ, ამავე თემაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ისაუბრა. იგი პატრიარქის ეპისტოლეს მალევე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „სიტყვით ძალადობა, შეურაცხყოფა, ცილისწამება და ბილწსიტყვაობა უკვე ყოველდღიურობის ნაწილი გახდა და ეს არის სერიოზული პრობლემა, რომელსაც სჭირდება დაფიქრება და შესაბამისი ზომების მიღება“.

საქართველოს პრეზიდენტი ცილისწამების საკითხს კიდევ ერთხელ 11 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე მიუბრუნდა. მან განმარტა, რომ „ეს არის ისეთი თემა, რომელიც აწუხებს საზოგადოებას“ და რომელმაც „ძალიან დიდი ვნებათაღელვა წამოიწყო საზოგადოებაში, საჭირო არის ამის დაწყნარება“. ამის პარალელურად, მისივე განმარტებით, დაცული უნდა იყოს სიტყვის თავისუფლება და „ხშირად ეს ორი პრინციპი მოყვანილი არის დაპირისპირებაში“.

მანვე საკუთარი მსჯელობის გასამყარებლად საფრანგეთის მაგალითი მოიყვანა და განაცხადა, რომ ქვეყანამ “არათუ მიიღო ასეთი კანონი ცილისწამების წინააღმდეგ, კერძოდ საარჩევნო პერიოდში”, არამედ “საკონსტიტუციო სასამართლომაც დაამტკიცა, რომ ეს არ მოდიოდა წინააღმდეგობაში არც სიტყვის თავისუფლებასთან არც ადამიანის მთავარ უფლებებთან, რომელიც ასახული არის ადამიანის უფლებების დეკლარაციაში”.

აღსანიშნავია, რომ საფრანგეთმა ასეთი კანონი მართლაც მიიღო, თუმცა არა ცილისწამების, არამედ წინასაარჩევნო პერიოდში, ყალბი ინფორმაციის გავრცელების საწინააღმდეგოდ.

                      ⇒  წაიკითხეთ ამ თემაზე: რას გულისხმობს პრეზიდენტის მიერ ნახსენები საფრანგეთის კანონი ყალბი ინფორმაციის წინააღმდეგ

პრეზიდენტის განმარტებით, ცილისწამების თვალსაზრისით, განსაკუთრებით პრობლემური სოციალური ქსელებია, “სადაც პასუხისმგებლობის განცდა ნაკლები არის”. “მგონი, საჭირო არის, რომ ვიფიქროთ ამ კუთხით...ჩვენ უნდა ვიფიქროთ ხომ არ არის ჩვენი შესატყვისი რაიმე კანონმდებლობა, რომელიც ორივეს შეათავსებს, ანუ მეტი დაცულობა ადამიანის ღირსების, ასევე არ შეზღუდვა სიტყვის თავისუფლების, რომელიც უნდა დავიცვათ და ამაზე ყველა ვთანხმდებით”, - განაცხადა პრეზიდენტმა.

მანვე აღნიშნა, რომ აღნიშნულთან მიმართებით, საზოგადოებასთან და არასამთავრობო სექტორთან დისკუსია უნდა გაიმართოს და პრეზიდენტის ადმინისტრაცია მზად არის, რომ მსგავს დისკუსიებში ჩაერთოს.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც უკვე მოქმედი პრეზიდენტი გამოხატვის თავისუფლების თვალსაზრისით გარკვეულ შეზღუდვაზე მიანიშნებს. ჯერ კიდევ პრეზიდენტად არჩევამდე, მედიაში გავრცელებილი ფარული ჩანაწერების შეფასებისას მან განაცხადა - „მე ვგრძნობ ძალიან დიდ უხერხულობას იმის შესახებ, რომ ჩვენ ვცხოვრობთ კიდევ სერიალების, ჩანაწერების საბჭოთა პერიოდში, როდესაც გაუთავებლად ვიღაც დებს რაღაც ჩანაწერს და მე დიდი იმედი მაქვს, რომ ჩემი პრეზიდენტობის დროს, მართლაც დასრულდება ეს საბჭოთა პერიოდი და ჩვენ აღარ ვიურთიერთებთ ამ რაღაცა ჩანაწერებით“.

ჩანაწერებთან მიმართებით, იგივე პოზიციას ჰქონდა ქართული ოცნების დეპუტატს და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის უკვე ყოფილ თავმჯდომარეს ეკა ბესელიასაც.

პრეზიდენტისა და პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებებს არასამთავრობო სექტორის კრიტიკული შეფასება უკვე მოჰყვა. მათ მაღალი თანამდებობის პირების გზავნილებში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობის ნიშნები ამოიკითხეს.

არასამთავრობო სექტორში განმარტავენ, რომ არსებული საკანონმდებლო სტანდარტები „აბსოლუტურად გონივრულ ბალანსს პოულობს სიტყვის თავისუფლებასა და ადამიანის პატივსა და ღირსებას შორის“, რაც „აბსოლუტურად საკმარისი მექანიზმებია ადამიანის უფლების დასაცავად“. „სხვა ყველა დამატებითი რეგულაცია არის შეჭრა ადამიანის თავისუფალ სივრცეში, რომელიც ვნებს სიტყვის თავისუფლებას და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას“.

  • რას ამბობს მოქმედი კანონმდებლობა?

საქართველოს კანონმდებლობით, ცილისწამება სისხლის სამართლის წესით 2004 წლიდან უკვე აღარ ისჯება და აღნიშნული „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონით რეგულირდება.

კანონის მიხედვით, ცილისწამება არის არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და პირისთვის ზიანის მიმყენებელი, მისი სახელის გამტეხი განცხადება. ნებისმიერ პირს შეუძლია, რომ მეორე პირის მიმართ ცილისწამებისთვის სამოქალაქო სამართლებრივი დავა დაიწყოს. ამ შემთხვევაში მტკიცების ტვირთიც სწორედ მოსარჩელეს ეკისრება.

თუკი მოსარჩელე დაამტკიცებს, რომ მოპასუხის განცხადება მის მიმართ „არსებითად მცდარ ფაქტს“ შეიცავს, რის გამოც მას ზიანი მიადგა, მოპასუხეს სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება.

მოპასუხეს ცილისწამებისთვის შეიძლება დაეკისროს სასამართლოს გადაწყვეტილების გამოქვეყნება (შესწორება ან უარყოფა), ან მოსარჩელისთვის მიყენებული მორალური/ქონებრივი ზიანის ანაზღაურება.

გაბედავს თუ არა ხელისუფლება გამოხატვის თავისუფლების სივრცის რაიმე ფორმით დავიწროებას და დააბრუნებს თუ არა ქვეყანას 15 წლის წინანდელ რელსებზე, ამას დრო აჩვენებს. თუმცა, ერთი რამ ცხადია, სამოქალაქო საზოგადოების აქტიური ნაწილი შემოთავაზებულ რეალობასთან შეგუებას არ გეგმავს და მარტივად არც წლების განმავლობაში ბრძოლით (ამ სიტყვის პირდაპირი და ირიბი გაგებით) მოპოვებული ღრებულების და კონსტიტუციურად გარანტირებული უფლების დათმობას აპირებს.

     ⇒  ასევე დაგაინტერესებთ 2017 -2018 წლის ინიციატივები - გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობები საქართველოში