აჭარის ტელევიზიის მთავარი საინფორმაციოს წამყვანი თეონა ბაკურიძე სამსახურიდან გაათავისუფლეს
13.03.2020

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანი თეონა ბაკურიძე, რომელსაც ზუსტად ერთი კვირის წინ, დირექტორის ბრძანებით უფლებამოსილება დროებით შეუჩერეს, დღეს, 13 მარტს, სამსახურიდან გაათავისუფლეს.

ამის შესახებ ინფორმაცია თავად თეონა ბაკურიძემ გაავრცელა. როგორც იგი წერს, მის საქმეზე სამსახურეობრივი მოკვლევა საბოლოოდ მისი გათავისუფლებით დასრულდა. 



გათავისუფლების საფუძვლად, დირექტორის ბრძანებაში მითითებულია რომ, "თეონა ბაკურიძის მხრიდან ადგილი ჰქონდა შრომითი ხელშეკრულებისა და შრომის შინაგანაწესის პირობების აშკარა უხეშ დარღვევას". ასევე, "ფსიქოლოგიური ზეწოლა სამსახურის ხელმძღვანელისა და რედაქტორის მიმართ, რითაც ხელი შეუშალა საინფორმაციო საქმიანობას".

მედიასამართლის იურისტებს თეონა ბაკურიძის გათავისუფლების ბრძანების დასაბუთებულობის შესახებ კითხვები უჩნდებათ.

"ბრძანებაში საუბარია თეონა ბაკურიძის მხრიდან სავარაუდო გადაცდომის ჩადენაზე, თუმცა არაა დასაბუთებული, რომელ მტკიცებულებას დაეყრდნო ამ შემთხვევაში დირექტორი. გაუგებარია გამოიკვლიეს თუ არა ყველა მტკიცებულება, გამოკითხეს თუ არა ფაქტის შემსწრე ყველა მოწმე და ჰქონდა თუ არა თეონა ბაკურიძეს სათანადო დრო და შესაძლებლობა მტკიცებულებების წარსადგენად. ბრძანება არ არის დასაბუთებული ასევე სახდელის ნაწილში. კერძოდ, გათავისუფლება უნდა იყოს უკანასკნელი ზომა და შეუძლებელი უნდა იყოს სახდელის გამოყენებით დისციპლინის გამოსწორება", - ამბობს 
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მედიასამართლის იურისტი ნიკოლოზ სიმონიშვილი.

მისივე თქმით, ამ ბრძანებაში სათანადოდ არ არის გამოკვლეული გარემოებები და არაა დასაბუთებული რატომ ვერ იქნებოდა მიღწეული იგივე შედეგი სახდელის გამოყენებით.

შეგახსენებთ, თეონა ბაკურიძე დირექტორის ბრძანებით ეთერიდან 9 მარტიდან  იყო მოხსნილი.


ავტორი : ნინო ნარიმანიშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ