7 წიგნი ჟურნალისტიკაზე
12.12.2016
მედიაზე ფილმები რომ არსებობს, ალბათ ბევრმა იცის. უნახავს კინოში, როგორ მიდიან ჟურნალისტები რისკის ზღვარზე, აშუქებენ სიღარიბეს, ან სისტემურ დანაშაულებს. თუმცა, ბევრს შეიძლება არც უფიქრია, რომ ჟურნალისტიკა ლიტერატურისთვისაც გამხდარა შთაგონების წყარო. “მედიაჩექერი” წარმოგიდგენთ 7 მხატვრულ ნაწარმოებს, რომელიც ჟურნალისტებს და ჟურნალისტიკას ეხება.


მკითხველთა უმრავლესობა ივლინ ვოს ნოველას ჟურნალისტიკის შესახებ ერთ-ერთ ყველაზე კარგ მხატვრულ ნაწარმოებად მიიჩნევს. მთავარი გმირი უილიამ ბუტი სიღარიბეში ცხოვრობდა, წერდა მცირე ჩანაწერებს ლორდ კოპერის “დეილი ბისთისთვის”, თან კი ოცნებობდა გამხდარიყო საზღვარგარეთული ამბების რეპორტიორი. ბუტს ყურადღებას ნაკლებად აქცევდნენ და მისი სურვილი ალბათ ძნელად თუ ასრულდებოდა, რედაქტორს შემთხვევით მის მოგვარე, პოპულარულ მწერალში რომ არ არეოდა. ასე შეცდომით, უილიამსს აფრიკის ერთ-ერთ ქვეყანაში დაწყებული კრიზისის გასაშუქებლად გააგზავნიან. გამოუცდელობის მიუხედავად, ბუტი მაინც მოახერხებს დაწყებული კონფლიქტიდან სენსაციური ამბის გადმოცემას, რომელიც მთელ ინგლისს მოედო. აი, მას შემდეგ რაც მოხდა, უკვე ნაწარმოებში იხილავთ.


ნაწარმოები ჟურნალისტ რუპერტ პსმიტის თავგადასავლებზე გვიყვება, რომელიც განგსტერებისა და და კრიმინალურ საქმიანობაში ჩართული ბიზნესმენების გარემოცვაში მოხვდება. მას ყოველთვის საფრთხე ემუქრება, თუმცა საკუთარი პროფესიული უნარები ეხმარება არათუ გადარჩეს, არამედ სერიოზული დანაშაულებრივი სქემაც გამოააშკარავოს.


ამერიკელი ნოველისტისა და ჟურნალისტის ენი პრუს ეს ნაწარმოები ერთი პერსონაჟის - ქუიოლის ცხოვრებას ეძღვნება. ქუიოლი ნიუ-იორკში პრესრუმში მუშაობს, თუმცა მის პირად ცხოვრებაში ბევრი ტრაგედია ხდება. მშობლების თვითმკვლელობები, განქორწინება და პელიტი - ცოლი, რომელმაც გადაწყვიტა მათი შვილები გაეყიდა სექს მუშაკებად. მართალია პელიტი ავარიაში იღუპება, ქუიოლი კი იბრუნებს ქალიშვილებს, მაგრამ მისი ცხოვრება მაინც სულ უფრო უკან და უკან მიდის. მოგვიანებით, დეიდის რჩევით ქუიოლი უბრუნდება მშობლიურ ქალაქს ნიუფაუნდლენდში, სადაც სულ უბრალო ახალი ამბების გაშუქებას იწყებს - საგზაო შემთხვევები და ნიუსები ქალაქის პორტიდან. ერთი შეხედვით, უბრალო და მოსაწყენი ამბები, მის ცხოვრებას ცვლიან და ჟურნალისტიკა ეხმარება ქუიოლს ახალი ცხოვრების დაწყებაში.

“საპორტო ამბებმა” 1994 წელს პულიტცერის პრემიაც მოიგო მხატვრული ნაწარმოებების დარგში.


ამ ჩამონათვალიდან “გოგონა დრაკონის ტატუთი” მკითხველისთვის ალბათ ყველაზე ცნობილია. რომანის ერთ-ერთი მთავარი გმირია მიქაელ ბლუმკვისტი - ჟურნალისტი, რომელიც წლების წინ მომხდარ მკვლელობას იძიებს. მკითხველი ბლუმკვისტსა და ჰაკერ გოგონა - ლესბით სალანდერთან ერთად იქექება ძველ ფოტოებში, არქივებში და საინტერესო გამოძიებაშიც ერთვება.


კიდევ ერთი ცნობილი რომანია ჰანტერ ტომპსონის “ზაფრა და გულისრევა ლას ვეგასში”. თუმცა, ცოტა საკამათოა, ეს მხატვრული ლიტერატურაა თუ ტომსპონისვე შექმნილი “გონზო ჟურნალისტიკის” ნიმუში. ემოციები, თავგადსავლები ჰანტერ ტომპსონის რეალური განცდებია, თუმცა რაც ლას ვეგასში მოხდა, ლას ვეგასშივე არ დარჩა და ჟურნალისტიკის სტუდენტებისთვის ჩამთრევ წიგნად იქცა. ავტორისეული გამოცდილების ასახვის მიუხედავად, “ზაფრა და გულისრევა ლას ვეგასში” მხატვრული პერსონაჟების ირგვლივ ვითარდება და ჟურნალისტიკის შესახებ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წიგნია.


“ჩუმი ამერიკელის” ამბავი 50-იანი წლების ვიეტნამში ხდება. წიგნი გამოცდილი ინგლისელი ჟურნალისტის, ამერიკელი საიდუმლო აგენტისა და ვიეტნამელი გოგონას შესახებაა. გრინმა წიგნში გააერთიანა პირადი ისტორიები, 50-იანი წლების სოციალური და პოლიტიკური გარმეო ვიეტნამში, ჟურნალისტიკა და კონფლიქტები. მოგვიანებით, წიგნმა ყურადღება იმითიც მიიქცია, რომ გარკვეულწილად, ვიეტნამის ცნობილი ომიც იწინაწარმეტყველა.


გრებ სთრითი მწერლებით დასახლებული ცნობილი ქუჩა იყო მეჩვიდმეტე საუკუნის ლონდონში. ეს ტერმინი გაღატაკებული ჟურნალისტების და ავტორების აღსანიშნადაც გამოიყენებოდა. ნაწარმოები ორი კონტრასტული პერსონაჟის ირგვლივ ვითარდება - ედვინ რერდონი, ნიჭიერი ავტორია, თუმცა ნაკლებად პერსპექტიული, თავისი სიმორცხვისა და უფრო მეტად არტისტული, არაკომერციული ნაწერების გამო, ხოლო კონტრასტული პერსონაჟი - ჯასპერ მილვეინი კი, მუყაითი ჟურნალისტია, ადამიანი რომელმაც გარემოს აუღო ალღო. ჯორჯ გრისინგის “ახალი გრებ სთრითი” მთლიანობაში საინტერესოდ ასახავს მეცხრამეტე საუკუნის 80-იანი წლების ჟურნალისტიკასა და ლიტერატურას.

ავტორი : ალექსანდრე ქეშელაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ